კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგია კაცებისთვის

ცოტა უცნაურია, მაგრამ საქართველოში მამაკაცების ნაწილი კოსმეტოლოგთან ჩუმად დადის. ზოგიერთ სალონში თუ სამედიცინო ცენტრში მათთვის ცალკე შესასვლელიც კია გამოყოფილი, რომ არავინ დაინახოს. ქალის და მამაკაცის ამ კუთხით სქესობრივი დიფერენცირება უხერხულია, რადგან კანის მოვლა ზუსტად ისევეა აუცილებელი, როგორც ბანაობა ან კბილების გახეხვა და, შესაბამისად, ამაში სამარცხვინო და დასამალი არაფერია...

მამაკაცის კანი

ზოგადად, ტესტოსტერონის (ჰორმონების) დონე კაცებში საგრძნობლად მაღალია, რაც ქალისა და კაცის კანს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. მამაკაცის კანში ეპიდერმისის (ზედა შრე) ფენა 25 პროცენტით მკვრივია ქალებისაზე, ხოლო კოლაგენით (სიმკვრივესა და ელასტიკურობაზე პასუხისმგებელი ცილები) 22 პროცენტით უფრო მდიდარი გახლავთ. ამიტომ კაცებს კანი უფრო სქელი და ელასტიკური აქვთ და უკეთესად შეუძლიათ ტენიანობის შენარჩუნება. ლოგიკურია ისიც, რომ მათზე გარემო ფაქტორებიც ნაკლებად მოქმედებს და, საბოლოოდ, სიბერის ნიშნები, ნაოჭები და პიგმენტაციაც გაცილებით გვიან ვლინდება.

როგორც წესი, მამაკაცის კანი უფრო ცხიმიანია და სახეზე გაცილებით ხშირად ვხვდებით ფორებს, რაც აკნეს მიმართ მეტ მიდრეკილებას იწვევს, ვიდრე ქალების შემთხვევაშია. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ მეტი ცხიმის ლიპიდები აქვთ, განსაკუთრებით სახის ქვედა ნაწილში, სადაც ისინი თმის ფოლიკულებთანაა კავშირში. სეკრეციას ასტიმულირებს ანდროგენები – ჰორმონები, რაც პროვოცირებას უკეთებს აკნეს წარმოშობას და ეს დაავადება გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქალბატონებში.

გარდა ამისა, მამაკაცის კანს ძლიერ ზიანს აყენებს უხეში პარსვა. მოპარსულ ადგილებზე კანი მგრძნობიარე ხდება, ხოლო მიკროტრავმები გზას უხსნის ინფექციებს, რაც ძალიან სახიფათოა. დამტკიცებულია, რომ ლანგერგანსის უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებს კანის იმუნიტეტზე, მამაკაცებს ნაკლები აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ კაცები მეტ თამბაქოს ეწევიან და ბევრ ალკოჰოლს მიირთმევენ. მოწევა და სასმელი კი ძალიან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის სახის კანზე.

პრობლემები და მათი გადაჭრა

სახის კანის მდგომარეობას ბევრის მოყოლა შეუძლია ადამიანის ცხოვრების წესზე. ხშირია ჩივილები თვალების ქუთუთოების და მთლიანად სახის შეშუპებაზე, თვალის ირგვლივ სიმუქეებზე. ეს ყველაფერი გამოწვეულია უძილობით და ღამის გადატვირთული, აქტიური ცხოვრებით. კანზე გამონაყარი ძირითადად არასწორი კვების და უხეშად გაპარსვის ბრალია. რაც შეეხება გამომშრალ კანს, ამ

შემთხვევაში საქმე გვაქვს არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასთან, ან მათ სრულ იგნორირებასთან. ასევე ხშირია ნაადრევი ნაოჭები, რისი მიზეზიც უმეტესად სულიერი განცდები და ზედმეტად აქტიური მიმიკაა.

თუ ეს გამოკვეთილი ნიშნები შეამჩნიეთ, უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ კვალიფიციური კოსმეტოლოგ-კონსულტანტი, რომელიც თქვენი კანის სილამაზეს და ჯანმრთელობას მიხედავს. ნუ გგონიათ, რომ აღნიშნული პრობლემების დაფარვა ძვირფასი კოსტიუმით ან ყველაზე მოდური სუნამოს არომატითაა შესაძლებელი. მხოლოდ თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინას და კოსმეტოლოგიას ძალუძს მოერიოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას, თანაც უკვე ძალიან კომფორტულად და უმტკივნეულოდ. სწორად შერჩეული პროცედურებით თქვენი გარეგნობაც გაუმჯობესდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობაც.

ზოგადად, კარგი იქნება, თუ მამაკაცები, დილით და საღამოს, სახეს დაიბანენ სპეციალური კოსმეტიკური დასაბანი საშუალებებით, რომლებიც არც სახეს აშრობს და კანსაც ძალიან ეფექტურად ასუფთავებს ზედმეტი ცხიმისა და ბაქტერიებისგან.

აუცილებელია იცოდეთ, რომ პარსვის შემდეგ რეკომენდებულია არა სპირტი, რომელიც ფორებს ხურავს, კანს ცელოფანივით ეკვრის, ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, არამედ დამატენიანებელი, დამამშვიდებელი პარსვის შემდგომი ლოსიონი ან მალამო. უმჯობესი იქნება, თუ პროფესიული ხაზის ბრენდს შეარჩევთ.

თუ ქუთუთოების ხშირ შეშუპებას და სიმუქეებს უჩივით, დილა-საღამოს თვალის ქვეშ უნდა წაისვათ თვალის კრემი, რომელიც ქუთუთოების კედლებს ამკვრივებს. მით უმეტეს, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია გთავაზობთ ისეთ მალამოებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ნაოჭებსაც ებრძვის და თან არ პრიალებს, ანუ ვიზუალურად შეუმჩნეველია.

კანის გარდა, თმაც ერთ-ერთი შესამჩნევი დეტალია მამაკაცის გარეგნობაში. ცხოვრების თანამედროვე რიტმი, არასწორი კვება, სტრესები, უძილობა თმის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და ხშირად მის ცვენას იწვევს. ხშირია სეზონური თმის ცვენა, რასაც ვიტამინების და მიკროელემენტების უკმარისობა იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება თანამედროვე ინოვაციური პროცედურებით, ძირითადად მეზოთერაპიით და თმის გამაჯანსაღებელი სპა პროცედურებით, რომლებიც არა მხოლოდ თმის ცვენას აჩერებს, არამედ ხარისხსაც აუმჯობესებს.

თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი პრობლემის საწყის ეტაპზე პროფესიულ კონსულტაციას მიიღებთ. ოღონდ კოსმეტოლოგთან ჩუმად და უკანა კარიდან ნუ შეხვალთ.

კომენტარები