ბერლინალე

62-ე ბერლინალე

9 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში სტარტს აიღებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი - „ბერლინალე“.
უკვე ცნობილია იმ ფილმების ნაწილის შესახებ, რომლებიც ბერლინის 62-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია ფილიპინელი ბრილიანტე მენდოსას ფილმი „ტყვე”, ანტონიო ჩავარიას „საბავშვო თამაშები”, ჩინელი კლასიკოსის, ჟან იმოუს ნამუშევარი „ომის ყვავილები”, ფილმი „ღია ბარათები ზოოპარკიდან”, რომელიც ერთდროულად სამი ქვეყნის – ჩინეთის, ინდონეზიისა და გერმანიის პროექტია. აგრეთვე, სტივენ დოლდრის „უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს”, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენქსი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ დოლდრის ნამუშევარი წლევანდელი „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია.

კინოფესტივალს ფრანგი რეჟისორის ბენუა ჟაკოს ისტორიული დრამა „მშვიდობით, ჩემო დედოფალო“ გახსნის. ფილმის მოქმედება საფრანგეთის რევოლუციის დროს ვითარდება და მასში მოთხრობილია ვერსალის სასახლის ცხოვრება. სურათის მთავარი მოქმედი გმირები არიან დედოფალი მარია-ანტუანეტა, რომელსაც გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი განასახიერებს და მისი სეფე-ქალი, ლეა სეიდუს შესრულებით.

ამერიკელ მსახიობს, მერილ სტრიპს ფესტივალის მსვლელობისას მრავალწლიან კარიერაში მიღწევებისათვის „ბერლინალეს“ საპატიო ჯილდოს - „ოქროს დათვს” გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მსახიობმა ჯულიანა მურთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად „ბერლინალეს“ „ვერცხლის დათვი” მიიღო სტივენ დოლდრის ფილმისათვის „საათები” „ოქროს გლობუსის“ წლევანდელ გამარჯვებულს „რკინის ლედი“-ში შესრულებული როლისათვის „ოსკარსაც“ უწინასწარმეტყველებენ.

რიგით 62-ე „ბერლინალე“ 9-დან 19 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჟიურის ბრიტანელი რეჟისორი მაიკ ლი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში კი ანტონ კორბაინი, შარლოტა გინსბური, ჯეკ ჯილენჰალი, ფრანსუა ოზონე, ბუალემ სანსალი, ბარბარა სუკოვა და ასგარ ფარჰადი არიან.

 

კომენტარები