რალი

რკინის ბედუინები

რალი დაკარი 1 იანვარს არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში დაიწყო, 16 იანვარს კი პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა. რბოლა, რომელსაც ფრანგული Amaury Sports Organisation კურირებს, სულ 33-ედ ჩატარდა – სამხრეთ ამერიკაში კი ზედიზედ მეოთხედ.

მოტომრბოლელთა შორის ფრანგმა სირილ დეპრემ იმარჯვა – კტმ-ის პილოტისთვის ეს მეოთხე ტრიუმფია დაკარზე. მანამდე მან 2005, 2007 და 2010 წლებში მოიგო ყველაზე რთული რბოლა.

ავტომობილებში საუკეთესო იყო შეჯიბრების ყველაზე ტიტულიანი მონაწილე სტეფან პეტერანსელი – გამოცდილმა ფრანგმა პილოტმა, ვინც 1991 წლიდან ასპარეზობს დაკარში, ამჯერად მინი-ს ჯიპით იმარჯვა. ეს პეტერანსელის მეათე ტიტულია: 1991, 1992, 1993, 1995, 1997 და 1998 წლებში ის ფინიშთან პირველი მოტოციკლით მივიდა, 2004, 2005 და 2007 წლებში კი მიცუბიშის ჯიპს მართავდა.

სატვირთოების კლასში რუსეთის კამაზის სამწლიანი ტრიუმფი შეწყვიტა ივეკოს ჰოლანდიელმა მესაჭემ ჯერარდ დე როიმ. 2000 წლიდან კამაზმა 9-ჯერ მოიგო რალი დაკარი და წელსაც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, გუნდმა ძალიან სუსტად იასპარეზა. დე როიმ 14-დან 11 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაშიც იმარჯვა.

კვადროციკლები რალი დაკარში 2009 წლიდან მონაწილეობენ. არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ ზედიზედ მეორედ მოიგო – ძმას, მარკოსს აჯობა, რომელმაც, თავის მხრივ, 2010 წელს იმარჯვა.

სამწუხაროდ, ორგანიზატორები ვერც წელს გადაურჩნენ ტრაგედიას: 1 იანვარს არგენტინელ მოტომრბოლელ ხორხე მარტინეს ბოეროს ავარია შეემთხვა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ისტორია

1977 წლის იანვარში, აბიჯანი-ნიცას ტრადიციული ავტომარათონის დროს, ფრანგი პილოტი ტიერი საბინი უდაბნოში დაიკარგა.

ამ, ერთი შეხედვით, არცთუ სასიამოვნო შემთხვევამ, ყველაზე ეგზოტიკურ ავტორბოლას ჩაუყარა საფუძველი: საბინმა ჩათვალა, რომ უდაბნოში შეჯიბრება ბევრს დააინტერესებდა და სამშობლოში დაბრუნებული ტურის ორგანიზებას შეუდგა. დეკემბერში პარიზიდან საცდელი რბოლა დაიწყო, რომელიც სენეგალის დედაქალაქ დაკარში დასრულდა.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ავტორბოლა სახელწოდებით პარიზი-დაკარი 1979 წელს პირველად მოეწყო, თუმცა მხოლოდ მოტოციკლის და ავტომობილის კლასში. ერთი წლის შემდეგ ორგანიზატორებმა სატვირთოებიც დაამატეს.

ტიერი საბინის ინიციატივით, რბოლაში პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებიც დაუშვეს – დღეს რალი დაკარის უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენენ...

პარიზი-დაკარი წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და თუ 1989 წლამდე პილოტები მხოლოდ პარიზი-ალჟირი-დაკარის მარშრუტით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა რბოლამ ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიც მოიცვა.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 1992 წელი: სპორტსმენებმა სტარტი პარიზში აიღეს, ფინიში კი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში გადაკვეთეს! ავტომობილების ჩემპიონი ფრანგი უბერ ორიოლი გახდა პირველი, ვინც შეჯიბრება სხვადასხვა კლასში მოიგო: 1981 და 1983 წლებში მან მოტომრბოლელთა შორის იმარჯვა (2004 წელს ორიოლის მიღწევა სტეფან პეტერანსელმა გაიმეორა).

1995 წელს, პირველად ტურის ისტორიაში, რალი საფრანგეთის დედაქალაქის ნაცვლად სხვაგან დაიწყო: სტარტს ესპანეთის გრანადამ

უმასპინძლა. დროთა განმავლობაში გრანადა სხვა ქალაქებმა შეცვალეს, თუმცა რბოლის სახელწოდება პარიზი-დაკარი კიდევ დიდხანს უცვლელი დარჩა.

2001 წელს პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ იმარჯვა ქალმა: გერმანელი იუტა კლაინშმიდტი მიცუბიში პაჯეროს ჯიპს მართავდა.

...2007 წლის შობის დღესასწაულზე ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ყაიდას წევრებმა მავრიტანიაში ოთხი ფრანგი ტურისტი მოკლეს. რამდენიმე დღეში 2008 წლის რბოლის მონაწილეებს კვირაზე მეტი უნდა გაეტარებინათ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების გარანტია კი არ არსებობდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზი-დაკარის ორგანიზატორებს ტურის გადადება ურჩია.

წინასწარი გეგმით, შეჯიბრება 5 იანვარს უნდა დაწყებულიყო პორტუგალიის დედაქალაქში. გუნდები ჩავიდნენ კიდეც ლისაბონში, თუმცა 2 იანვარს Amaury Sports Organisation-მა ოფიციალურად დაადასტურა რბოლის გაუქმება. ფრანგების გადაწყვეტილებას ალ-ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა ომარ ოსამა ბინ ლადენმა ლაჩრობა უწოდა, საკუთარი თავი მშვიდობის ელჩად მოიხსენია და განაცხადა, რომ გაუქმებული რალის ნაცვლად თავად მოაწყობდა შეჯიბრებას ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში, სპონსორების შემოსავლით კი ომისგან დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარებოდა...

ამ შემთხვევამ პარიზი-დაკარის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გამომდინარე იქიდან, რომ სენეგალში, ტუნისში, ლიბიაში, მაროკოსა და ეგვიპტეში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, ASO-მ პარიზი-დაკარის მარშრუტის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. 2008 წლის 20-26 აპრილს უნგრეთ-რუმინეთში ცენტრალური ევროპის რალი მოეწყო, თუმცა ორგანიზატორთა მოლოდინი არ გამართლდა და ფრანგებმაც სამხრეთ ამერიკას მიაშურეს: 2009 წლის 3-18 იანვარს ავტორბოლა ახალი სახელწოდებით რალი დაკარი ჩილე-არგენტინაში გაიმართა.

2009 წლიდან შეჯიბრება მუდმივად სამხრეთ ამერიკაში ტარდება, წელს კი მასპინძელთა ორეულს პერუც შეუერთდა.

დღეს რალი დაკარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრებაა ავტოსპორტში. ამის დასტურია ASO-ს ბოლო მონაცემები: წლევანდელი რბოლის მიმოხილვა მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცემოდა.

და მიუხედავად იმისა, რომ ტურის ტელეაუდიტორია წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონით მატულობს, მისი გაუქმების მოთხოვნები მაინც არ წყდება. მიზეზი ტრაგედიებია, რომელიც თითქმის ყოველ წელს თან სდევს ამ რბოლას.

ტრაგედიები

1988 წელს, საიუბილეო მეათე პარიზი-დაკარის წინ ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა L'Osservatore Romano-მ შეჯიბრება პირველად გააკრიტიკა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს რბოლა, გარდა იმისა, რომ სახიფათოა სიცოცხლისათვის, „ძალის და კეთილდღეობის ვულგარული გამოვლენაა იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ შიმშილით იღუპებიან”.

იმ დროისთვის პარიზი-დაკარის მსხვერპლთა სია ტურის 5 მონაწილეს, ათამდე მაყურებელს და რბოლის ორგანიზატორ ტიერი საბინს ითვლიდა.

პირველი სპორტსმენი, ვინც უდაბნოს რალიმ შეიწირა, ფრანგი მოტომრბოლელი პატრის დოდინი გახლდათ: 1979 წლის ერთ-ერთ ეტაპზე

ის მძიმედ დაშავდა, ვერტმფრენით პარიზში სასწრაფოდ გადაყვანილი კი საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა...

1982 წელს სიკვდილს ძლივს გადაურჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ თეტჩერის ვაჟი მარკი. ის, მისი თანაშემწე შარლოტ ვერნი და მექანიკოსი საავტომობილო კოლონას მანქანის შეკეთების მიზნით 9 იანვარს ჩამოსცილდნენ. სამი დღის შემდეგ ორგანიზატორებმა სამივე დაკარგულად გამოაცხადეს. სამაშველო ოპერაციაში ალჟირის შეიარაღებაში მყოფი თვითმფრინავი ლოკჰედიც ჩაერთო, საბოლოოდ კი სამივე მთავარი ტრასიდან 50 კილომეტრში, გზააბნეულები და საღ-სალამათნი იპოვეს...

1986 წლის 14 იანვარს, უდაბნოში უეცრად წარმოქმნილმა ქარიშხალმა პარიზი-დაკარის მთავარი ორგანიზატორი ტიერი საბინი და კიდევ ოთხი იმსხვერპლა – ვერტმფრენი თითქმის 200 მეტრიდან ჩამოვარდა...

ყველაზე ტრაგიკული მაინც 1988 წელი გამოდგა: ვატიკანის საპროტესტო წერილიდან რამდენიმე დღეში შეჯიბრების სამი მონაწილე და ცხრა მაყურებელი გარდაიცვალა, მათ შორის 10 წლის მალელი გოგონა, რომელიც შემთხვევით მთავარ ტრასაზე გავიდა...

* * *

Amaury Sports Organisation-ის ოფიციალური განცხადებით, რალი დაკარს 2013 წელსაც სამხრეთ ამერიკა უმასპინძლებს. ტრასის მარშრუტი დამუშავების პროცესშია.

 

კომენტარები