მექსიკა

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სხვაობა მცირდება

მექსიკა საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაშია, პირველ ივლისს ლოს-პინოსისთვის ბრძოლაში სამი მთავარი პარტია დაუპირისპირდება ერთმანეთს. გამოკითხვების შედეგად ხოსეფინა ვაზკეზ მოტა, ეროვნული მოქმედების პარტიის (PAN) კანდიდატი, ცოტა ხნის წინ 20 პროცენტით ჩამორჩებოდა რევოლუციურ-ინსტიტუციური პარტიის რჩეულ ენრიკე პენია ნიეტოს (PRI), დღეისათვის კი, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მათ შორის სხვაობა 7 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, დემოკრატიული რევოლუციის პარტიიდან (PRD) ვერ სარგებლობს პოპულარობით და ბოლო ადგილზე იმყოფება.

მმართველმა პარტიამ ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი წარადგინა. ვაზკეზ მოტა პარტიას ვინსენტე ფოქსის პრეზიდენტობისას შეუერთდა. იგი 2006 წელს ფელიპე კალდერონის საარჩევნო კამპანიას ედგა სათავეში, შემდგომ კი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ვაზკეზ მოტას საარჩევნო მესიჯი მექსიკელი ქალბატონებისკენაა მიმართული, რომლებიც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს შეადგენენ. თუმცა იგი არ ემხრობა ორთოდოქსულ ფემინისტურ – ხელფასის თანასწორობის, ანტიდისკრიმინაციის თუ სოციალური კვოტების იდეებს. მეტიც – მისი იმიჯი უფრო მეტად ამტკიცებს ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს. მოტა თავს დიასახლისად წარმოადგენს, რომელიც მექსიკის პოლიტიკურ სამზარეულოს დაალაგებს. 1 ივლისის არჩევნები გადაწყვეტს ჩაუდგება თუ არა სათავეში მექსიკას ჩილეს, არგენტინის, ბრაზილიის მსგავსად ქალი პრეზიდენტი.

PAN-ი კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელია და მისი წევრები, მათ შორის ვაზკეზ მოტა, ტრადიციულად მხარს უჭერენ მთავრობის შეზღუდულ როლს, თავისუფალ ვაჭრობას და კერძო საკუთრებას. მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ვაზკეზ მოტა გეგმავს წამოაყენოს იმ ნავთობწარმოების კერძო საკუთრებაში გადასვლის წინადადება, რისი პრივატიზაციაც დღეს კონსტიტუციითაა აკრძალული. პოლიტიკოსი ერთსქესიანი ოჯახების და აბორტის წინააღმდეგია, რითაც კათოლიკე ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს. ვაზკეზ მოტამ ერთ-ერთი გამოსვლისას მექსიკელებს მოუწოდა, რომ კვირას, არჩევნების დღეს ჯერ ეკლესიაში წავიდნენ და შემდგომ მისცენ მას ხმა.

PAN-ს ტრადიციულად მხარს უჭერს ურბანულ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა, ბიზნესმენთა ნაწილი და მეხიკოს დასახლება. ექსპერტები ვაზკეზ მოტას ურჩევენ, წარმატების მისაღწევად, თავისი კანდიდატურა ფელიპე კალდერონისგან, მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან გამიჯნოს. ამ უკანასკნელს PRI-ის კონტროლირებად კონგრესზე სუსტმა გავლენამ და ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომმა არაპოპულარობა მოუტანა. თუმცა მოტას, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ჯანდაცვისა და საბინაო პოლიტიკაში კალდერონის ადმინისტრაციის წარმატების გამოყენება შეუძლია.

ნარკოომებში საერთო დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე 47 ათასს მიაღწია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მექსიკელთა 83 პროცენტი ჯერ ისევ მხარს უჭერს ომის გაგრძელებას და იმედი აქვთ, რომ ნარკობარონთა თარეში ოდესმე დასრულდება. კალდერონმა 2008 წელს პრეზიდენტ ბუშთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, დახმარებოდა მექსიკას „მერიდას ინიციატივის” ფარგლებში ნარკოკარტელებთან ბრძოლაში. ვაზკეზ მოტა, არჩევის შემთხვევაში აპირებს აშშ-ის და მექსიკის კავშირების უფრო მეტად განმტკიცებას და ნარკოკარტელებთან ბრძოლის გაგრძელებას.

რევოლუციურ-ინსტიტუციური პარტია მექსიკას 71 წლის მანძილზე, 2000 წლამდე, მართავდა. 1929 წლის რევოლუციის შემდგომ, PRI შეუდგა რევოლუციური იდეების განხორციელებას, მათ შორის – მიწის თავისუფალ განაწილებას სოფლის მოსახლეობაზე, ნავთობმოპოვების ნაციონალიზაციას და ეროვნული ინდუსტრიების პროტექციონიზმს. PRI-მ შექმნა სოციალური დაცვის ინსტიტუტი და მუშათა გაერთიანებები, რაც მათ ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა. პარტია მკაცრად აკონტროლებდა სხვადასხვა სტრუქტურების, ინსტიტუტების და პროფკავშირების ლიდერებს. ამის შედეგად მენეჯერთა უმრავლესობა ცდილობდა პარტიის ზედა ეშელონებისთვის მოსაწონი ნაბიჯები გადაედგა და მომხმარებელთა სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებდა. 70-80-იან წლებში სოციალური დანახარჯების ზრდამ გამოიწვია საგარეო ვალის მკვეთრი მატება, ხოლო საბანკო სისტემის ნაციონალიზაციამ – კაპიტალის და ინვესტიციების გადინება. ამან ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.

მძიმე ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, 80-იანი წლების ბოლოდან, პარტიამ მოდერნიზაცია განიცადა და ნეოლიბერალური რეფორმები დაიწყო. მათ ეკონომიკური ნაციონალიზმიდან თავისუფალ ვაჭრობაზე გადაინაცვლეს და 90-იანებში NAFTA-ს და GATT-ს შეუერთდნენ. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი 1100-მდე საწარმოდან, უმრავლესობა კერძო მფლობელობაში გადავიდა. დღეს პარტიას იგივე ეკონომიკური კურსი უჭირავს, სოციალურ საკითხებზე კი PAN-თან შედარებით ლიბერალური პოზიცია უკავია. 2012 წლის არჩევნებზე, სავარაუდოდ, PRI ახალგაზრდა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ უკანასკნელებმა ახლახან მიაღწიეს საარჩევნო ასაკს და არ ახსოვთ პარტიის პოლიტიკური კურსის შედეგად გამოწვეული კორუფცია და ეკონომიკური სტაგნაცია. გარდა ახალგაზრდა ამომრჩევლისა, PRI-ს მხარს უჭერენ პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები. 2012 წლის არჩევნებისთვის PRI-ის საარჩევნო კამპანია, PAN-ის მსგავსად, ძირითადად სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, პოლიციის პერსონალის გადამზადებაზე, განათლების და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

პენია ნიეტო მექსიკის შტატის ყოფილი გუბერნატორია, რომელიც საპნის ოპერის ვარსკვლავზეა დაქორწინებული. იგი მექსიკის 32 შტატის გუბერნატორებიდან 19-ის მხარდაჭერით სარგებლობს. გარდა ამისა, ნიეტოს მთავარი სამაუწყებლო კომპანია Televisa და TV Acteca მეტ ყურადღებას უთმობენ.

მესამე ძირითადი ძალის, დემოკრატიული რევოლუციის პარტიის (PRD) კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ან უბრალოდ „ამლო” წინა ორ მეტოქეს ჩამორჩება. იგი მეხიკოს ყოფილი მერია. მას მხოლოდ ორი შტატი და ქალაქის ნაწილი უჭერს მხარს. 2006 წელს

კალდერონთან ბრძოლაში მცირედი სხვაობით დამარცხების შემდეგ, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მეხიკოს ქუჩებში საპროტესტო აქციებით გამოვიდა. მას შემდეგაც კი, რაც სასამართლომ არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა, ამლო აგრძელებდა პროტესტს. პოლიტიკოსი იმდენად შორს წავიდა, რომ ალტერნატიული მთავრობაც კი შექმნა. თუმცა მღელვარებამ ჩაიარა და მისი მხარდამჭერებიც მიმოიფანტნენ.

PRD იდეოლოგიურ სპექტრზე მემარცხენე ფლანგზეა. იგი 80-იან წლებში გამოეყო PRI-ს, როდესაც მათ ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს. PRD დღემდე პროტექციონიზმის, ძლიერი მთავრობის და ეკონომიკური ნაციონალიზაციის მომხრეა. როდესაც PAN-ის და PRI-ის კანდიდატები კარტელებთან ბრძოლის გაგრძელებას და სისხლისღვრის შეჩერებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს, ლოპეს ობრადორი სამხედროების ყაზარმაში დაბრუნებას გეგმავს. ის ალბათ ფიქრობს, რომ ძველი დროის კორუფციული გარიგებებით მიღწეული სიმშვიდე, ნარკობარონებთან დღესაც იმუშავებს.

მექსიკის მოსახლეობის 44 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მიუხედავად იმისა, რომ World Bank-ის მონაცემებით, ინფლაციის დონე სტაბილურია და მთლიანი შიდა პროდუქტი თითოეულ მოსახლეზე იზრდება, ეკონომიკური უთანასწორობა ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის დიდია. Transparency International-ის თანახმად, მექსიკის კორუფციის ინდექსი მაღალია (3.0). ამ ინდექსის მიხედვით, მექსიკა ისეთ ქვეყნებს შორის ხვდება, როგორიცაა ჯიბუტი, გაბონი და ბურკინა-ფასო. გარდა ამისა, Freedom House-ის მონაცემებით, პრესა არაა თავისუფალი. Human Rights Watch-ის მიხედვით, 2000 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე 74-მდე ჟურნალისტი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი ნარკოკარტელების ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც არიან გარეულნი. სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად, კორუფციისა და გაუთავებელი სისხლისღვრის შესამცირებლად, ახალი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

 

 

 

კომენტარები