აეროპორტი

TAV ჰოლდინგის მეწილე ფრანგული კომპანია გახდა

პარიზის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ – Aeroports de Paris – თურქული TAV ჰოლდინგის 38%-იანი წილი 874 მილიონ აშშ დოლარად, ხოლო სააქციო კაპიტალის 49% – 49 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. TAV ჰოლდინგი სტამბოლში ათათურქის აეროპორტს მართავს, რომელიც ევროპაში მერვე ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ჰოლდინგი კურირებს ტერმინალებს ტუნისში, ლატვიაში, მაკედონიასა და საქართველოში.

TAV ჰოლდინგში შემავალი კომპანია TAV Georgia საქართველოში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 15-წლიანი მართვის უფლება კომპანიამ 2005 წელს მიიღო. ორი წლის შემდეგ – 2007 წელს – ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაც მოახდინა. ორივე აეროპორტის აშენება-რეაბილიტაციაზე კომპანიამ 77 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ამის სანაცვლოდ, მთავრობისგან შეღავათებიც მიიღო: ხელშეკრულების მიხედვით, თბილისიდან 150 კმ-ის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების უფლება სხვას არავის აქვს.

საქართველო თავისი უშუალო მეზობლებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მაღალ და დაბალბიუჯეტიან კომპანიებს შორის არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს. მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის გამო, ბაზარზე კონკურენცია იზღუდება და ბილეთზე მაღალ ფასს ინარჩუნებს. შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან თავს იკავებენ.

TAV Georgia-ში ამბობენ, რომ ბილეთის ფასებს მათ მართვაში მყოფი ყველა ავიაკომპანია დამოუკიდებლად ადგენს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ბილეთის ფასზე TAV-ს გავლენა არ აქვს.

მეორე მხრივ, ყველა ავიაკომპანიას ტექნიკურ მომსახურებას სწორედ TAV Georgia უწევს. რადგან კომპანიებს ბაზარზე სხვა არჩევანი არ აქვთ, იძულებულები არიან TAV-ის მომსახურებით ისარგებლონ. კონკურენციის შემთხვევაში, მომსახურების ფასი დაიწევდა. შესაბამისად, ავიაკომპანიები მომხმარებელს ნაკლებ ხარჯს დააკისრებდნენ, რაც ბილეთის ფასსაც შეამცირებდა.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, შიდა რეისებზე – ბათუმის და მესტიის მიმართულებით –ერთი გზა, შესაბამისად, 120 და 75 ლარი ღირს. სამოგზაურო ვებგვერდებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს შიგნით თვითმფრინავით გადაადგილება თითქმის იგივე ჯდება, რაც სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან თბილისში ჩამოფრენა. ამერიკაში ან ევროპაში ფრენის შემთხვევაში, ეს თანხა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ იზრდება.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის, მეთე ერქალის განცხადებით, პარიზის აეროპორტთან თანამშრომლობის შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები უფრო ფართო ქსელის ნაწილი გახდება. ეს ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Aeroports de Paris-ისა და თურქული TAV ჰოლდინგის გაერთიანებული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 37 აეროპორტს უხელმძღვანელებს და 180 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

კომენტარები