ყავა

მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასები იზრდება

ყავაზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით დღითი დღე იზრდება. 2011 წლის შოკის შემდეგ – როცა 1998 წლიდან მოყოლებული ყავა რეკორდულად გაძვირდა – მასზე ფასი ისევ მაღალი რჩება. ანალიტიკოსები ყავაზე ფასის კლებას მხოლოდ 2012 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ.

მსოფლიო ყავის ორგანიზაციის მონაცემებით, 2009-2012 წლების პირველ კვარტალში 100 გრამ ყავაზე ფასი საშუალოდ 17 ცენტით (ანუ 28 თეთრით) გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მსოფლიო ბაზრის კვალდაკვალ, საქართველოში იმავე პერიოდის პირველ კვარტალში 100 გრამი ყავა საშუალოდ 23 თეთრით გაძვირდა.

გასულ წელს, ყავის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ყავის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს წლიური ფასი 454 გრამ ყავაზე 2.10 დოლარი იყო. 2012 წლის პირველ ორ თვეში ყავის ფასი საშუალოდ 1.85 დოლარს შეადგენს.

საქართველო ყავის მოხმარების მხრივ World Resource Institute-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 67-ე ადგილზეა: ერთი ადამიანი წლის განმავლობაში საშუალოდ 1.3 კგ ყავას სვამს. რეიტინგში შესული საქართველოს უშუალო მეზობლებიდან – სომხეთი (64-ე), რუსეთი (56-ე) და თურქეთი (104-ე) – საქართველოს მხოლოდ თურქეთი ჩამორჩება, ერთ სულ მოსახლეზე 0.4 კგ ყავის წლიური მოხმარებით.

ყავის ექსპორტი 2011 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა. ამის მიზეზი ყავის მწარმოებელ ქვეყნებში გადაუღებელი წვიმები გახდა: დაზიანდა მცენარე, გაჩნდა ფოთლის სოკო, რომელიც ყავის დაჟანგვას იწვევს, მოსავალი მკვეთრად შემცირდა. ამან ფასის ზრდა გამოიწვია. ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ რაიონებში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, ყავის ექსპორტიც შემცირდა. მაგალითად, ნიკარაგუაში ყავის ექსპორტი 45%-მდე, ხოლო სალვადორში 34%-მდე დაეცა. ლათინური ამერიკიდან (ბრაზილიის გარდა) არაბიკის ყავის მარცვლების მიწოდება ოქტომბერ-იანვარში 5%-ით – ანუ 7.57 მლნ ტომრით

შემცირდა. ყავის ექსპორტი 19%-ით შემცირდა კოლუმბიაშიც, რომელიც არაბიკის ყავის მარცვლების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2010-2011 წლებში ყავის ექსპორტი ასევე შემცირდა ანდების ქვეყნებში 37%-ით.

2012 წლის მეორე ნახევრიდან ყავაზე ფასების შემცირებაა ნავარაუდევი. Rabobank International-ის პროგნოზით, ბრაზილიაში ყავის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს: გასულ წელთან შედარებით 8.5 მილიონი ტომრით მეტი მოსავალი იქნება და 57 მილიონ ტომარას შეადგენს. მოსავალი გაიზრდება ინდონეზიაშიც.

საქართველოში ყავის დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასების შემცირება საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუ დღეს 100 გრამის ფასი დაახლოებით 2 ლარია, 2012 წლის მეორე კვარტლიდან დისტრიბუტორები საქართველოში ყავის 20 თეთრით გაიაფებას ვარაუდობენ.

კომენტარები