ოპერა

ეთერ ლამორის-ჭყონია: მისი ცხოვრების და წარმატების შესახებ

მარტს, შვედეთის პატრიოტულმა სამეფო საზოგადოებამ, ეთერ ლამორის-ჭყონია, ჩვენი დროის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.
ცერემონია სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის სატახტო დარბაზში გაიმართა. ჯილდო საოპერო მომღერალს იმ ღვაწლის აღსანიშნავად გადაეცა, რომელიც მან საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეიტანა. ოქროს ჯილდოზე, რომელიც მომღერალს თავად პრინცესა ქრისტინამ გადასცა, ამოტვიფრულია - „ეთერ ლამორისს - ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი“.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სატახტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, ხოლო მოგვიანებით მოეწყო საზეიმო ვახშამი და მეჯლისი.
ჟურნალი ტაბულა, ქალბატონ ეთერს დაუკავშირდა. გთავაზობთ ინტერვიუს.


„შვედეთის პატრიოტულმა სამეფო საზოგადოებამ“ ჩვენი დროის საუკეთესო მომღერლად გაღიარათ, მაგრამ ვიდრე ამ წოდებას მოგანიჭებდნენ, გვიამბეთ როგორ მოხდა თქვენი ამ კონკურსში მონაწილეობა, ვინაიდან ცნობილია, რომ ზემოთ ხსენებულ ჯილდოს ძირითადად შვედეთის წარმომადგენლებს გადასცემენ და კონკურენციაც საკმაოდ დიდია.

უცხოელი მომღერლის დაჯილდოება ამ ტიტულით პირველად მოხდა, მაგრამ ყოფილა შემთხევა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაუჯილდოებიათ, ოღონდ სხვა დარგში. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ეს საზოგადოება კლასიკური მუსიკის „ივენთებს“ არ აცდენს, საკმაოდ კარგად იცნობს მსოფლიო მომღერლების დონეს, ვინაიდან შვედეთს ბევრი ცნობილი შემსრულებელი სტუმრობს.

მეც ვსტუმრობდი მათ ორჯერ, სადაც ცოცხალი შესრულებით მომისმინეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩანაწერებში შესაძლებელია ნებისმიერი დამუშავება გაკეთდეს.

ჩემთვის ეს ჯილდო მოულოდნელი იყო. როდესაც წერილი მივიღე, თვალებს ვერ დავუჯერე. წერილში მეკითხებოდნენ უარს ხომ არ ვიტყოდი ჯილდოზე „ჩვენი საზოგადოება დღემდე შთაბეჭდილების ქვეშაა თქვენი გამოსვლებით, 175 კანდიდატიდან გადავწყვიტეთ თქვენ მოგანიჭოთ ”ჩვენი დროის უდიდესი მომღერალის“ (Greatest Singer Of Our Time) წოდება. თუ თქვენ არ მოგწონთ ეს გადაწყვეტილება და ვერ ჩამოხვალთ, გთხოვთ სასწრაფოდ შეგვატყობინოთ. ვინაიდან ღონისძიების მოსამზადებლად სულ 3 თვე გვაქვს“.

ამის წაკითხვის შემდეგ გამეცინა, ვიფიქრე, ნეტავ რომელიმე ჭჯუადმყოფ ადამიანს თუ შეეძლო ასეთ ჯილდოზე უარის თქმა.

როგორ ჩაიარა დაჯილდოების ცერემონიამ და რას ნიშნავს თქვენთვის შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტულის ტარება.

ძალიან საამაყოა, იმიტომ, რომ ასეთი ჯილდოები უაღრესად ცოტა გაიცემა მსოფლიოში. ვთვლი, რომ ვინაიდან ჩვენი დარგი სამწუხაროდ ან საბედნიეროდ სპორტი არ არის, ესეთი ჯილდოები სიმბოლურია.

ეს სიმბოლიზმი ზოგჯერ გამაღიზიანებელიც არის, რადგან მაქსიმალური ობიექტურობა როგორც სპორტში არ არსებობს, ამიტომ პროტექციისთვის, მერკანტილური მენეჯმენტისთვის და კორუფციისთვის კარგი გასავალია.

თუ სპორტში, მაგალითად მარათონში - პირველობით,  ბოქსში ნოკაუტით ან ფეხბურთში გოლით ყველაფერი ნათელია, ხელოვნებაში ასე არაა. ამიტომ არის, რომ ზოგ მუსიკოსს უყვარს საერთაშორისო კონკურსების გაუფასურება ან გაკრიტიკება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ სხვა ზემოთაღნიშნული გზებით იკეთებენ კარიერას.

მახსოვს „ოპერალიას“ მსოფლიო კონკურსში არა 170 არამედ 10 000 მომღერალი მონაწილეობდა. მაშინ უკმაყოფილო ესპანურმა პრესამ აღნიშნა „მსოფლიო კონკურსისთვის ჩვენი ქვეყნის ნაციონალური შერჩევებიდან ვერც ერთი ესპანელი ვერ გადის მეორე ტურზე, რომელიც ვენაში გაიმართება. ნახევარფინალში მხოლოდ ესპანეთში მცხოვრები, ქართველი ეთერ ლამორისი მოხვდა“.

ვენაში გავიარე მეორე ტურიც და მექსიკაში ათეულში მოვხვდი, რომელიც ავტომატურად მსოფლიო 10 საუკეთესო ხმად ითვლება.
კონკურსიც არ არის სპორტი, მაგრამ თუ ობიექტურობაზე ვილაპარაკებთ იქ ეს უფრო მეტად არსებობს, თუმცა იქაც ხდება დაჩაგვრა, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ.

ბედიც უნდა გქონდეს რასაკვირველია. ასეთი პრესტიჟული ჯილდოებით, როგორიც შვედეთში მომანიჭეს კიდევ ერთხელ ფასდება და რჩება ისტორიაში შენი ვოკალური დონე და პიროვნება.

ჩვენი ჩანაწერები, ბიოგრაფია და ჯილდოები, ერთადერთი საშუალებაა, რომ ისტორიაში დარჩე.
სამწუხაროდ ყველაფერი წარმავალია და რჩება მხოლოდ სამახსოვრო ნივთები.  

თქვენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სცენებზე მდგარხართ, თუ გამოარჩევთ რომელიმეს და ასევე რომელი საოპერო როლი არის თქვენთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი.

გამოვარჩევ ნიუ-იორკის, კარნეგი ჰოლის დიდ დარბაზს. ეს ნამდვილად საოცრებაა. მე, რომელსაც 15 წლის აქტიური შემოქმედება მქონდა გავლილი, ვერაფრით ვერ გამაკვირვებდი.
არ მეგონა რომ ასეთი შეგრძნება ფიზიკურად არსებობდა, ხმა თითქოს დაფრინავდა დარბაზში. სასწაული აკუსტიკა იყო.

რაც შეეხება როლს, ვაჟიშვილის დაბადების შემდეგ გადავედი საკონცერტო გასტროლებზე, რადგან საოპერო სპექტაკლები ბევრ სარეპეტიციო დღეებს მოითხოვს.

უნდა გითხრათ, რომ კამერულ მუსიკაზე არ ვსაუბრობ. ჩემი საკონცერტო გასტროლების 99% სიმფონიურ ორკესტრებთან  პროგრამებს შეიცავს. პარალელურად საპროდიუსერო მოღვაწეობას ვეწევი. ბოლო სამი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი მუსიკალური ღონისძიება ჩავატარე. მე ესპანურ კომპანიას წარმოვადგენ, რომელიც მუშაობს დასვლეთიდან-აღმოსავლეთ ევროპაში პროექტების და ვარსკვლავების წარმოსადგენად. ხშირად ასეთ ღონისძიებებში თავად ვიღებ მონაწილეობას და ვიდრე ხმა მაქვს, ასე გავაგრძელებ.
 
ქართველი საოპერო მომღერლები ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი ევროპაში მოღვაწეობენ. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი. ის რომ საქართველოში ეს სფერო არ არის შემოსავლიანი თუ საზოგადოების ინტერესია მწირი.
 

ორივე ერთმანეთზეა გადაბმული. საზოგადოების მწირი ინტერესი ამ დარგის მიმართ იწვევს მაყურებლის ნაკლებობას და ბილეთების ცუდად გაყიდვას,  ბილეთის ფასის აწევაზე უკვე ლაპარაკიც აღარ მიდის.

სპონსორებიც მეტწილად პოპულარულ შოუებს უჭერენ მხარს. უცხოეთში გაცილებით მეტი საშუალებებია.

ლოს-ანჯელესიდან მიღებული ჩემი მეგობრის მოწერილი გამახსენდა, სასაცილოა და სატირალიც „ეთერ, დღეს ვიყავი დონ ჯიოვანიზე. კარგი ოპერაა, ოღონდ დავაკვირდი, რომ მაყურებელი 60-ს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ხშირად სძინავთ წარმოდგენებზე, გამაგებინე, რატომ ხდება ესე?!“.

ძალიან არ მესიამოვნა ეს ინფორმაცია, მოხუცებს დიდ პატივს ვცემ - ჩვენც ხომ ვიქნებით ამ ასაკში, მაგრამ ახალგაზრდობა ხომ ჩვენი მომავალია და თუ ასე გაგრძელდა, ვინ ივლის კლასიკური მუსიკის საღამოებზე?

შედარებით კარგი სიტუაციაა ვენაში და მილანში, რადგან დიდი ტრადიციების მქონე ქალაქებია. მეგობრის წერილის შემდეგ კარგად დავაკვირდი მაყურებელს, ჩემთვის უფრო მეტად დასანანია, რომ მეტწილად ესეთი ხანშიშესული მაყურებელი ნაკლებად ემოციურია, ენთუზიაზმი აკლიათ და ამავე დროს ძალიან შეძლებულები არიან. უხეშად რომ ვთქვათ „მაძღარი მაყურებლებისთვის“ მეც ნაკლები ენთუზიაზმი მახასიათებს. დასანანია რომ ვისაც მართლა უნდა მოსვლა, მაღალი ფასების გამო ვერ ყიდულობს ბილეთს.

ამანაც ითამაშა როლი, რომ ასე ადვილად გადავწყვიტე პროდიუსერობაზე გადასვლა. საოპერო როლებიდან უკვე თითქმის ყველა ის როლი შევასრულე, რომელსაც ვნატრობდი, ამაში იღბლიანი ვარ.

რა არის საჭირო, რომ იმ სფეროში, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას?

ხმა, ნიჭი, შრომისუნარიანობა, ენების შესწავლა, ცოტა იღბალიც და დიდი მონდომება.  

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ ის ნამდვილად მოინდომებს და ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი აქვს. ოღონდ ეს გულით უნდა გინდოდეს.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა რაიმეს ვერ მიაღწია, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ვერ მოინდომა და ამიტომაც მიზანდასახულად, ბოლომდე ამისთვის არ იბრძოდა.
ასევე შეიძლება თეორიულად გინდოდეს და ამ დროს გული ხელს გიშლიდეს და პირველ რიგში სხვა საქმეებს გაკეთებინებდეს.

საერთოდ ჩვენ დარგში თუ ნიჭიერი ხარ არ არსებობს მიუღწეველი.

 რა რჩევებს მისცემდით საქართველოში მოღვაწე დამწყებ საოპერო შემსრულებლებს?

იჩქარონ! რატომღაც სწორედ საქართველოში დამწყები საოპერო შემსრულებლებისთვის ნელა გადის დრო და არავის ეჩქარება.

როდესაც გამოიღვიძებენ, აღმოჩნდება, რომ საკმაოდ დაიგვიანეს. თან დღეს როგორც არასდროს, ადვილი გახდა პრესტიჟულ თეატრებში მოხვედრა. ისევ მეტროპოლიტენს დავუბრუნდები, სულ რაღაც 10 წლის წინ, უდიდესი კონკურენციისთვის უნდა გაგეძლო, რომ იქ მოხვედრილიყავი. ახლა ყველა მეტროპოლიტენში მღერის, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები.

ყველამ იცის, რომ ამ ქვეყნებიდან არა პრეტენზიულები არიან და ჰონორარსაც ბევრს არ ითხოვენ. ეკონომიური კრიზისის გამო, დღეს ეს თეატრის დირექციებისთვის ხელსაყრელია.

გარდა ამისა, ცოტა კომიკურ მაგალითს მოგიყვანთ. არაკოლეგიალურია, ამიტომ სახელს არ გავამხელ. არის სოპრანო, რომელიც მუდამ მეჯიბრებოდა და ყველა კონკურსზე ჩემთან ერთად გამოდიოდა. ხშირ შემთხვევაში, მესამე ტურამდეც ვერ გადიოდა, მე პირველ-მეორე ადგილებს ვიკავებდი. ეს მომღერალიც მადრიდიდან იყო და მეკითხებოდა „რაღა ესპანეთში ჩამოხვედიო“. ამ ქალბატონმა რა არ გააკეთა თავისი წინსვლისთვის.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო ყელსაც ამოიჭრიდა და სხვას ჩაიდგამდა. მოკლედ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ეს ქალბატონიც კი მეტროპოლიტენში აუყვანიათ, თანაც მთავარ როლზე.
ასე რომ დამწყებმა მომღერლებმა საქართველოდან უნდა იჩქარონ უცხოეთში გასვლა და თეატრებში მოსმენებზე მონაწილეობა.

ახლა მათი დროა!

კომენტარები