კინო

ბრიტანეთის ელჩი კავკასიური ფილმის ფესტივალის შესახებ

კავკასიური კინოს რჩეული ნაწარმოებები თბილისში – 26 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით კავკასიური ფილმის ფესტივალს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა. 6 დღიანი კინოღონისძიების ფარგლებში, მაყურებელმა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი, ასევე, ეთნიკურად აფხაზი და ოსი რეჟისორების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული 12 ფილმი იხილა. ერთ სივრცეში ქართული კინოსამყარო მეზობელი ქვეყნებისა და კონფლიქტური ზონების ხელოვნებასთან ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით გაერთიანდა. რა მიზნით მოეწყო სამხრეთკავკასიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრების ჩვენება თბილისში, რა სირთულეების გადალახვა მოუხდათ ორგანიზატორებს პროექტის მომზადებისას და რა გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალს – ამ თემებზე ტაბულა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯუდით გოფს ესაუბრა.

 პირველ რიგში, იქნებ გვიამბოთ საიდან გაჩნდა იდეა თბილისში ჩატარებულიყო კავკასიური ფილმების ფესტივალი და რა მიზანს ისახავდა ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, აგრეთვე, ეთნიკურად ოსი და აფხაზი რეჟისორების ნამუშევრებით დაკომპლექტებული კინოღონისძიება?

ფესტივალის მთავარი მიზანი იყო, რომ როგორც კინემატოგრაფისტებს აგრეთვე, მაყურებელს შესაძლებლობა მისცემოდათ კინოს საშუალებით გაცნობოდნენ კავკასიის ისტორიას. ჩვენ ასევე, გვინდოდა, რომ თანამედროვე და კლასიკური კინონაწარმოებების ჩვენებით გაგვეერთიანებინა დაყოფილი საზოგადოებები. იყო დრო, როდესაც სხვადასხვა წარმომავლობისა და ეთნიკის მქონე რეჟისორები ერთად ქმნიდნენ ფილმებს. ფარაჯანოვი იმ დროის სიმბოლოა და სწორედ ამიტომ გავხსენით ფესტივალი მისი სურათით „ბროწეულის ყვავილი.“ გვსურდა, რომ საიათნოვას ბიოგრაფიის საშუალებით, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულად, სომხურად, ქართულად და სპარსულად წერდა, ფესტივალის ხასიათი გამოგვეხატა.

გარდა კლასიკური კინოსი, გვინდოდა აგრეთვე, გვეჩვენებინა ყველა რეგიონის თანამედროვე პროდუქცია, რათა ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთისაგან დაშორებულნი არიან, ხელახლა აღმოეჩინათ მხატვრული ფილმების საშუალებით ერთმანეთი, დაენახათ სხვათა ცხოვრება. ეს წარმატებული მცდელობა აღმოჩნდა. თბილისში აფხაზური ფილმების ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. სომხური ფილმების ჩვენებას კი ბევრი აზერბაიჯანელი ესწრებოდა და პირიქით.

საინტერესოა რა პრინციპით შეირჩა ფესტივალისათვის პროგრამა. უშუალოდ ვინ მონაწილეობდა მის შერჩევაში. რატომ იყო ქართული კინო მხოლოდ ერთი რეჟისორის, კოტე მიქაბერიძის ფილმით „ჩემი ბებია“ წარმოდგენილი?

პროგრამა სომხურ, აზერბაიჯანულ და ქართულ ეროვნულ კინოცენტრებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იყო, რომ რეტროსპექტივისათვის შერჩეულ ფილმებს აესახათ კავკასიის რეგიონის მდგომარეობა. თანამედროვე ფილმები კი თავად ეროვნულმა კინოცენტრებმა გვირჩიეს.

რეჟისორების და მსახიობების უმრავლესობა, რომლებიც ფესტივალზე გვყავდა მოწვეული, შერეული წარმომავლობის წარმომადგენლები არიან. ამ კინოღონისძიების მიზანი არ ყოფილა რომელი კონკრეტული ქვეყნის წინ წამოწევა. ალბათ შეამჩნევდით, რომ პროგრამაში არ იყო მითითებული კინემატოგრაფისტების ეროვნება. აღნიშნული ფესტივალით გვინდოდა გამოგვეკვლია არა ის, თუ რა ყოფს ერთმანეთისაგან კავკასიელ ხალხს, არამედ ის, თუ რა აერთიანებს მათ.

ფესტივალის პროგრამაში იყო ეთნიკურად აფხაზი რეჟისორის, ვიაჩისლავ აბლოთიას ფილმი „სუვენირი“. როგორც ცნობილია, ეს რეჟისორი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო, 2008 წლის მოვლენების შემდეგ კი მან გაწყვიტა ურთიერთობა ქართულ მხარესთან. ამ კუთხით მოგიწიათ თუ არა რაიმე სირთულის გადალახვა ფესტივალის ორგანიზების პროცესში, შეგექმნათ თუ არა რაიმე პრობლემა, მაგალითად, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით?

ვიაჩისლავ აბლოთიას ფილმი განსაკუთრებულად საინტერესო იყო. მან 1980 – იან წლებში ორი ფილმი გადაიღო ქართულ კინოსტუდიაში. ეს ორივე სურათი ქართულ კინოსტუდიაში ინახებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. თავად რეჟისორმა კი თავისი ნამუშევრები დაკარგა ომის შემდეგ. ჩვენ ფილმებს ქართული კინოსტუდიის დახმარებით მივაკვლიეთ, რომელმაც არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია, რათა ეს კინონაწარმოებები აღედგინა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა რეჟისორს თავისი სურათების ასლი გადავცეთ. მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ფილმების მოპოვება და მათი თბილისში ჩვენება.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისს სტუმრობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი რეჟისორები. საინტერესოა მათი განწყობა და დამოკიდებულება თბილისში ჩატარებული ფესტივალისადმი. რატომ ვერ მოხერხდა ეთნიკურად აფხაზი ან ოსი რეჟისორების მოწვევა?

ფესტივალზე გვეწვია ილგარ საფატი, ქართულ–აზერბაიჯანული პროდუქციის – „პოლიციის განყოფილება“ რეჟისორი. აგრეთვე გვსტუმრობდა ოვანეს გალსტიანი „გადაჯაჭვული პარალელების“ შემქმნელი. ამ სურათებს პრესტიჟული პრემიები აქვს მოპოვებული და მოხარულები ვართ, რომ თბილისში მოხდა მათი ჩვენება. მსახიობი სერჟ ავედიკიანი თბილისში იმყოფებოდა ფესტივალის მსვლელობის დროს. იგი აქ ახალ ფილმზე მუშაობს და გვქონდა პატივი მისთვის გვემასპინძლა.

როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ დიდი სიამოვნება მიიღეს ფესტივალზე ყოფნით. მედია და მაყურებელი მათ ძალიან კარგად შეხვდა. ჩემთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმა ერთმანეთის ფილმები იხილეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ ოსი და აფხაზი რეჟისორები თავიანთი ნამუშევრების წარსადგენად. ყველა მათგანს სურდა ჩამოსვლა, თუმცა გვესმის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს სირთულეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაჩვენთ მათი ფილმები. ოსი რეჟისორი მურათ ჯუსოი დისკუსიაში სკაიპის საშუალებით ვლადიკავკაზიდან ჩაერთო. მადლობელი ვარ, რომ მათ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს და მიხარია, რომ მათ ნამუშევრებს ასე კარგად შეხვდნენ თბილისში.

თუ ფესტივალის პროგრამას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას რომ იქ წარმოდგენილ ფილმებს არ აერთიანებთ ერთი საერთო თემა. ისინი აგრეთვე, ნაკლებად ასახავენ ზოგადად კავკასიის მდგომარეობას, ეროვნულ თავისებურებებსა და ტრადიციებს.

ჩვენი განზრახვა არ ყოფილა აგვეხსნა, თუ რა არის კავკასია, რეგიონი, რომელიც მდიდარია კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით. შერჩეული ფილმების მრავალფეროვნება ამტკიცებს რეგიონის მრავალმხრივობას. დასკვნების გაკეთება იმ პერიოდის შესახებ, როდესაც კავკასიელი ხალხი ერთად მუშაობდა და ცხოვრობდა, თავად მონაწილეებისათვის მიგვინდია.

საინტერესოა რა გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალს როგორც მაყურებლის, აგრეთვე კინოსამყაროს წარმომადგენლებისაგან. ხომ არ წააწყდით რაიმე დაბრკოლებას თავად ფესტივალის მსვლელობისას?

მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო ფესტივალი. ჩვენებების შემდეგ რეჟისორებთან დისკუსიები გაიმართა, რაც საინტერესო და ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ერთადერთი პრობლება შეზღუდული სივრცე იყო. ფესტივალი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. ხშირად მაყურებლებისათვის დასაჯდომი ადგილიც კი არ რჩეობა დარბაზში. ვფიქრობთ, ეს ფაქტი ფესტივალის წარმატებაზე მიუთითებს.

კომენტარები