კალათბურთი

ჯადოსნური ღიმილი

მეჯიქ ჯონსონი კალათბურთის ღიმილი იყო. ბუნჩულა კაცი დიდი გულით და ბევრი მოგონებით. თუმცა რაღაც მომენტში გაირკვა, რომ ჯადოქარს შიდსი აქვს და აღარ ეღიმება. და სიკეთემ მოიწყინა. ზუსტად მაშინ დაურეკა ჯონსონს მეორე ლეგენდამ, ლარი ბერდმა და ორ სიტყვაში ტკივილი, მონატრება დაიჭირა. ბერდი რამდენიმე საათში მეჯიქთან იყო. დაილაპარაკეს, ბერდმა მეჯიქს საყვარელი ბანანისკრემიანი ფუნთუშები აუტანა და მასთან დარჩა. მეორე დილას, იმავე აპარტამენტებში, იმავე საწოლზე, ახალმა მეჯიქმა გაიღვიძა. სამზარეულოში ლარი ფუსფუსებდა და ცოტა ხანში, მეგობრები გამოკვლევაზე, პროფესორ ედ ო'ბენონთან გავარდნენ.

მეჯიქის კარიერაში კიდევ ერთი მაგარი მომენტი იყო.

1992 წელი, 9 თებერვალი, ორლანდო, ფლორიდა. All Star Game. პირველ ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ და პირველ ხუთეულში მეჯიქ ჯონსონი უნდა ყოფილიყო. მისტერ ჯონსონმა ლიგის კომისარს და თამაშის ორგანიზატორებს გადაურეკა, ვერ ჩამოვდივარ, ილინოისში, მეგობრებთან გადავფრინდები, პოკერს ვითამაშებო. ლიგამ მეჯიქთან ერთ კაცს გადაარეკინა. ჯონსონს ბერდმა დაურეკა. ლარიც აირჩიეს და ლარიმ დისკოზის გამო ვერ ითამაშა. თუ ჩახვალ, ორლანდოში მეც ვიქნები, ოღონდ უნდა ითამაშო, სხვა ვარიანტი არ არის, ეუბნება მეჯიქს ლარი.

თამაშის დღეა. ბერდი ჯერ აღმოსავლეთის გასახდელში შედის. დაკუნთულ უკანალზე ჩქმეტს სკოტი პიპენს, რომელმაც პირველ ხუთეულში ლარი შეცვალა. მაიკლ ჯორდანს ოფლსაწმენდს კევინ უილისის ჩანთაში უმალავს. ბიჭებს ბოდიშს უხდის და მეორე გუნდის გასახდელში შედის.

იქ მეჯიქი ზის. დევიდ რობინსონთან, კლაიდ დრექსლერთან ერთად. ლარიმ მეჯიქს ერთი სიტყვა უთხრა, გაეცინა, მეგობარს დაემშვიდობა და გასახდელიდან გავიდა.

მეჯიქი მოედანზე გადის და დარბაზი ცოცხლდება. იმ მომენტში გულშემატკივრების სურვილი, კალათბურთზე გაგიჟებული ხალხის ცხოვრება ერთ კაცზე იყო დამოკიდებული. ის კაცი ცოტა მორიდებულად დგას ცენტრში.

მეჯიქმა 29 წუთი მიიღო. ჯონსონმა 25 ქულა, 9 პასი დატოვა, ჯეფ ჰორნაჩეკს ყურზე აკოცა, დენ მარლის ბურთი ფეხებში გაუტარა, დაეწია, ბურთს მიუსწრო და მარლის დაუბრუნა. ჭკვიანი დენი აზრზე ვერ მოვიდა, როგორ მიიღო ბურთი. მეჯიქმა კარლ მელოუნს ბურთი ფეხით აუგდო. მეჯიქი ერთობოდა და ამერიკა ისვენებდა. ამერიკამ ყველაზე თბილი ამერიკელის სითბო დაიბრუნა და ეს ორლანდოში ხდებოდა.

მეჯიქთან ერთად მთელი დარბაზი ერთობოდა.

თამაშის მერე ჯონსონთან ბევრი ჟურნალისტი მიდის. ჭრელი, სტანდარტული, ამერიკული კითხვების კორიანტელია. მეჯიქი პასუხობს. ხანდახან პაუზას იღებს, ისვენებს. ბუნჩულა კაცი დაიღალა.

მერე, ბრიფინგის დასასრულს, ერთი გოგონა ეკითხება, მისტერ ჯონსონ, რა გითხრათ გასახდელში ბერდმა?

მეჯიქი ჩერდება, ცოტა ხანს ფიქრობს და გოგონას პასუხობს – ლარიმ მითხრა, Smile.

გაიღიმე.

 

კომენტარები