სახალხო დამცველი

სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ

წლის დეკემბერში, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალურმა ჯგუფმა 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში მონიტორინგი ჩაატარა. მიზანი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მათი უფლებების დაცვის ხარისხის შემოწმება იყო. 25 აპრილს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მონიტორინგის შედეგებია ასახული.

მონიტორინგი ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. ამან ჯგუფს საშუალება მისცა, შეეფასებინა ბავშვების მდგომარეობა სააღმზრდელო დაწესებულებებში და ამასთან, დაკვირვებოდა გარდამავალი პროცესის მიმდინარეობას – დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გადაყვანას მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში.

წინა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს 58 რეკომენდაციით მიმართა. მათი ნაწილი შესრულდა – სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ბავშვთა სახლებში ბავშვთა უფლებები წინა წლებთან შედარებით უკეთაა დაცული, თუმცა არის პრობლემები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

წინა წლისგან განსხვავებით, მონიტორინგის განხორციელებისას, პრევენციულ ჯგუფს ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის ან სააგენტოების მხრიდან დაბრკოლებები არ შექმნია, თუმცა პრევენციული ჯგუფი სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის და უგულებელყოფის ფაქტებს წააწყდა. ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში დასჯის სხვადასხვა ფორმები გამოიყენება: წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევა, შეჯანჯღარება, თავში ბეჭდის ჩარტყმა, დასჯის მიზნით ფიზიკური შრომა და სხვა. დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვებზე ზეწოლისა და ემოციური ძალადობის შემთხვევები იყო უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გამოც.

სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებიც გამოავლინა. წალენჯიხის ბავშვთა სახლში ამ ნორმების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზიც გახდა: 12 წლის აღსაზრდელმა ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითი მოიჭრა. „საჭმელი რომ შევჭამე, პირდაპირ შევედი შეშებში. სხვებიც შედიოდნენ და მეც მინდოდა, რომ მუშა ვყოფილიყავი. საექთნოში შემიყვანეს, ჩემი თითი სად არის-მეთქი ვტიროდი. სასწრაფო გამოიძახეს და მიმაკერეს, მაგრამ მერე გაშავდა და ზუგდიდში მომაშორეს”, – იხსენებს ბავშვი.

ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ბარათში ამ ფაქტის შესახებ ჩანაწერი არასრულია. ამას გარდა, დაშავებული აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება დღემდე არ ექცევა: გულის პათოლოგიის გამო მას სამი წლის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა, თუმცა უკვე ორი წელია, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი არ ჩატარებია. ასევე, არ უტარდება ამპუტირებული თითის რეაბილიტაცია და მკურნალობა.

პრევენციული ჯგუფის ყურადღება მიიქცია განვითარებისთვის შეუფერებელ გარემოში ბავშვების გადაყვანის ფაქტებმა: რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის სახლი სარემონტო, ნესტიანი და ცივი იყო, ავეჯი კი – დაზიანებული. ანგარიშში სახალხო დამცველი საუბრობს იმ ხარვეზებზეც, რაც ბავშვთა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში შეინიშნება. მოუწესრიგებელია მათი სამედიცინო დოკუმენტაცია. რიგ შემთხვევებში კი, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარებამ და მოუმზადებლობამ, პროცესში ჩართულ ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, ხოლო ალტერნატიულ დაწესებულებებში ადაპტაციის პროცესი გაართულა.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია სახელმწიფოს კონტროლს გარეთ დარჩენილ ბავშვთა სახლების მდგომარეობაზეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამ თავშესაფარში 300-მდე ბავშვია განთავსებული. ამ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, ფაქტობრივად, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ახორციელებს. ინფორმაცია არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა აქ არსებული არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სხვა ბავშვთა სახლებში მყოფი აღსაზრდელებისგან მოიპოვა.

11 წლის აღსაზრდელი, რომელიც ბათუმის ბავშვთა დაწესებულებაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას იხსენებს, რომ რამდენიმე აღმზრდელი დასასჯელად ყურს უწევდა ან თმას წიწკნიდა, სხვები კი პირდაპირ სახეში ურტყამდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი აღმზრდელი 6 წლიდან სცემდა – „გამიქანა და მტკიცა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, მეც გავმწარდი და ხელში დავარტყი. შემდეგ ძალით დამაჩოქა, მუხლებზე დამაყენა ხატებთან. ამაზე ისტერიკები დამემართა, ფეხებს ვუბათქუნებდი”.

ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა პრევენციულმა ჯგუფმა საჯარო სკოლებშიც გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, წყნეთის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგის გადმოცემით, შარშან 137-ე სკოლაში ახალი კლასი შეიქმნა, სადაც მხოლოდ დევნილი ბავშვები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან ჩარიცხულნი. ამას ბავშვთა სახლის დირექტორიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამგვარი სეგრეგაცია მიზანმიმართულად ამ მომხდარა. ფსიქოლოგის მოსაზრებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბოლო 2 თვის განმავლობაში, მოსწავლეები სკოლაში არ დადიან.

ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ამავე სკოლაში ბავშვის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დამკვიდრებულია სკოლიდან დათხოვნის ხშირი პრაქტიკა. ამას ბავშვები სათავისოდ იყენებენ – თუ რომელიმეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სკოლის გაცდენა სურს, ამის უმოკლესი გზა დისციპლინის მიზანმიმართული დარღვევაა.

ანგარიშში დასახელებულია სკოლები, სადაც ბავშვებს ჯოხის, სკამის საზურგისა და წკეპლის დარტყმით, ბეჭდის თავზე დაკაკუნებით, თმის მოწიწკვნით, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში კუთხეში დაყენებითა და სხვა მეთოდებით სჯიდნენ.

გარდა ამისა, თელავის ბავშვთა სახლის დირექტორმა და რამდენიმე აღმზრდელმა სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თელავის მე-8 საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი გადმოცემით, სკოლის თანამშრომლები ბავშვების დიფერენცირებას იარლიყების მიწებებით ახდენენ: „ქალაქის ბავშვები” და „ინტერნატის ბავშვები”. მცირე საოჯახო ტიპის სახლის, კარიტასის აღსაზრდელები კი თბილისის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ირმას გამონათქვამებს იხსენებენ: „ჭიაყელა, ღორის ტილი, ტურტლიანი, ნაძირალა” და სხვა.

ანგარიშში დასახელებულია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ქცევის დარღვევის მძიმე ფორმებისა და სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები სამზრუნველო დაწესებულებებიდან ადეკვატური სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის გარეშე იმ მოტივით გარიცხეს, რომ იქ მათი მდგომარეობის მართვა არ შეეძლოთ. რამდენიმე ასეთი აღსაზრდელის დღევანდელი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი მონიტორინგის ჯგუფისთვის აქამდე უცნობია.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია – 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, მშობლების ზრუნვას მოკლებული რამდენიმე ასეული ბავშვის შესახებ ინფორმაცია არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს.

კომენტარები