დევნილების საცხოვრებელი

საქართველოში სოციალური სახლები აშენდება

სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში 5 სოციალური სახლი აშენდება. მათ შორის, ორი თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში, რუსთავში და მარნეულში განთავსდება. სოციალურ სახლებში სულ 60 ბინა იქნება, სადაც ფართები დევნილ და სოციალურად დაუცველ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.

4 სახლის მშენებლობას 1.4 მილიონი შვეიცარიული ფრანკით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში (SDC), ხოლო ერთი სახლის მშენებლობას თბილისის მერია დააფინანსებს.

სოციალური სახლების პროგრამას SDC და თბილისის მერია 2007 წლიდან ახორციელებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ვარკეთილში კოტეჯის ტიპის ოთხი აგურის სახლი აშენდა - ახალი და კომფორტული ბინებით 28 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდა. 2010 წლის აგვისტოში ვარკეთილში კიდევ ორი ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა, რომლებშიც აფხაზეთიდან და ქვემო ქართლიდან დევნილი 14 და თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი მოთავსდა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მსგავსი პროექტი სერბეთის ექვს ქალაქში და სასომხეთის ქალაქ გორისში აქვს განხორციელებული.

 

კომენტარები