არჩევნები 2012

ოზურგეთში ქართული ოცნების აქცია დასრულდა

დღეს, ოზურგეთში გამართულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

ჩოხატაურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მომღერალი და ჟურნალისტი თემურ ჭკუასელი. ლანჩხუთში - ყოფილი ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე. ხოლო ოზურგეთში არჩევნებში გამარჯვებას შეეცდება დიპლომატი ზვიად კვაჭანტირაძე.

ქართული ოცნების აქცია ოზურგეთის ცენტრში 19:00 საათზე დაიწყო. აქციას ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. კოალიციის ლიდერმა შეკრებილ ხალხს ტრიბუნიდან მიმართა. მან განაცხადა, რომ ოზურგეთში „ქუდზე კაცი გამოვიდა“ და საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებით გურულების იმედი აქვს.

ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკურა ძალა შეამცირებს „გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს“, ასევე „პენსია იქნება არანაკლებ საარსებო მინიმუმი, თავად საარსებო მინიმუმი გადაიხედება და მიუახლოვდება რეალობას“.  ივანიშვილმა კულტურული ცხოვრების აღორძინების პირობაც დადო.

ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯარიმები მას ვერ შეაჩერებენ.

შემდეგი აქციის გამართვას ქართული ოცნება 1 ივლისს, მცხეთა-მთიანეთში გეგმავს.

 

კომენტარები