კომპიუტერი

Apple-მა ახალი თაობის MacBook Pro წარადგინა

სან-ფრანცისკოში 11-15 ივნისს Apple-ის დეველოპერთა მსოფლიო კონფერენცია (WWDC 2012) ჩატარდა. აქ წარმოდგენილი მრავალი სიახლიდან უდავოდ გამორჩეული იყო შუშის ყუთში გამოფენილი ახალი თაობის MacBook Pro. კონფერენციის დაწყებამდე ინტერნეტში, როგორც ეს Apple-ის ყველა ღონისძიების წინ ხდება, ვრცელდებოდა მრავალგვარი ინფორმაცია, მათ შორის ისიც, რომ მოსალოდნელია ახალი MacBook-ის გამოსვლა. ამის საფუძველს იძლეოდა ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მისი განახლება არ გვინახავს. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის MacBook Air-ის მსგავსი იქნებოდა.

სინამდვილეში კი ახალი თაობის MacBook Pro არც 15-დუიმიანი MacBook Air გახლავთ და არც ტრადიციული Pro. ის ამ ორ არსებულ მოწყობილობას შორის სადღაც შუაში დგას. ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რაც Apple-ის ახალ ნოუთბუქს აქვს, არის Retina-ეკრანი. მსგავსი ეკრანი აქვს Apple-ისვე iPhone 4S-ს. თავის დროზე ეს რევოლუციურ გამოგონებად შეაფასეს – თვით Apple-ის საიტზეც კი, iPhone 4S-ის ერთ-ერთ მთავარ განსხვავებად წინა მოდელისგან ამ ტექნოლოგიის ეკრანია დასახელებული.

ახალი MacBook Pro ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 1.8 სანტიმეტრს შეადგენს, ანუ 25%-ით ნაკლებს, წინა ვერსიასთან შედარებით. ეს ზუსტად იმდენია, რაც 13-დუიმიანი მონიტორის მქონე MacBook Air-ის სისქე. თუმცა, ამასთანავე, იგი 15-დუიმიანი მონიტორითაა აღჭურვილი. ვისაც ამ ორივე მოწყობილობის რეალურად გატესტვა და შედარების საშუალება უკვე მიეცა, აღნიშნავენ, რომ შეგრძნებები მაინც განსხვავებულია. თუმცა, თუკი Air-თან შედარებით ახალი ნოუთბუქი ოდნავ მოუქნელი ჩანს, თავის პირდაპირ წინაპარ Pro-ს აშკარად სჯობს კომპაქტურობით.

მოდი, ვნახოთ რა დევს ამ ახალ, ლამაზ კორპუსში. ეკრანის აღწერას რომ მოვრჩეთ, საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ მისი გაფართოება სარეკორდო: 2880 – 1800 პიქსელზეა. ეს ნიშნავს, რომ ერთ დუიმზე 220 პიქსელი მოდის. Apple-ის წარმომადგენლის, ფილ შილერის თქმით, ნოუთბუქებისთვის ეს დღესდღეობით ყველაზე დიდი გაფართოებაა. ასეთი ხარისხის გამოსახულების უზრუნველსაყოფად ლეპტოპი აღჭურვილია Nvidia-ს 384-ბირთვიანი ვიდეობარათით GT 650 M. წარმადობით იგი 2011 წლის ტოპმოდელებს, 460 M-სა და 560 M-ს უახლოვდება. MacBook Pro-ს მთავარი პროცესორია ინტელის i7, ოთხბირთვიანი ძლიერი ჩიპი 2.7 გიგაჰერცი სიხშირით. 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება კი აუცილებლად გაახარებს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომპიუტერის ბოლომდე დატვირთვა უყვართ.

რაც შეეხება გარე კონექტორებს – წინა მოდელებისგან განსხვავებით, მას მხოლოდ USB 3.0 პორტები აქვს, კორპუსის თითო მხარეს – თითო. გარე მონიტორის ან HD ტელევიზორის შესაერთებლად გამოიყენება HDMI პორტი. კორპუსზე ასევე აღმოაჩენთ ახალ, MagSafe 2 პორტსაც. საქმე ისაა, რომ ძველი MacBook-ის მფლობელებს მოუწევთ კვების ახალი ადაპტერების შეძენა, რომელიც მხოლოდ ამ პორტზე მუშაობს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, Apple-ის მოყვარულთათვის, რომლებსაც ძლიერი, ლამაზი და მოსახერხებელი ლეპტოპი ესაჭიროებათ, ეს მშვენიერი საჩუქარია. თუმცა მათ ამ „სათამაშოსთვის” 2199 დოლარის გადადებაც მოუწევთ.

კომენტარები