ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა

ცოტა ხნის წინ ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ამომრჩეველს. ის სხვადასხვა საკითხებთან ერთად კოალიციის საგარეო პოლიტიკურ ხედვებსაც გვაცნობს. ქართული ოცნება რომ ეკლექტური პოლიტიკური ძალაა, სიახლე არავისთვისაა – მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. კოალიცია დეკლარირებულად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს და პროგრამაც ამასვე გვამცნობს, თუმცა მისი ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები არცთუ იშვიათად მოდის წინააღმდეგობაში დეკლარირებულ პოზიციებთან. ზოგი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, სხვები დასავლეთის დემონიზებას ცდილობენ და ანტიამერიკული განცხადებებითაც გამოდიან.

გასულ თვეში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გლდანში, სოსო ჯაჭვლიანმა, „საქართველო და მსოფლიოსთან” ისაუბრა იმ ზიანზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობამ მოუტანა საქართველოს: „ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ, ხომ გვეუბნებიან, მეგობარია ჩვენიო, რეალურად რა მოგვიტანა ამ ე.წ. მეგობრობამ? – ჯერ იყო, NATO-ს გავიძახოდით და ხელი დაგვიქნიეს, შემდეგ ომი დაგვატყდა თავს. 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დაგვიტოვეს, ტერიტორიების ერთი მეხუთედი დავკარგეთ, რუსეთი გადავიმტერეთ და ბოლოს ხელში შეგვრჩა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა წასვლა. მე თქვენ გეკითხებით, მთელი ამ უბედურების შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება კიდევ მომხრე იყოს ამ კურსის და, საერთოდ, ამ პოლიტიკის?!”. ის მიიჩნევს, რომ „ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო”.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძე კი გასულ წელს საქინფორმთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მართლმადიდებელ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებლად განიხილავს. საქართველო კი მისი გულის მოგებას უმცირესობების უფლებების დაცვით ცდილობს. მან ისაუბრა ევროპის შესახებაც. „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის”, – აცხადებდა კობახიძე.

ქართული ოცნების რიგი წევრები კი წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. მაგალითად, გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-სკენ სწრაფვამ „დაღუპა”. გუბაზ სანიკიძე და მისი თანაპარტიელები კი ჯერ კიდევ 2007 წელს აცხადებდნენ, რომ NATO-ში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრებოდა, ხოლო ალიანსის წევრობის სურვილსა და ქვეყნის ღალატს შორის ტოლობის ნიშანს სვამდნენ. ამ განცხადებების ავტორები – კობახიძე, სანიკიძე და თოფაძე – დღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ათეულში იმყოფებიან.

ამ ყველაფრის პარალელურად, ქართული ოცნება ერიდება რუსეთის კრიტიკას და საქართველოს ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოსვე აკისრებს. პროგრამა საქართველოს ახასიათებს აგრესორად, რომელმაც ვერ მოიპოვა დასავლეთის საკმარისი მხარდაჭერა რუსეთისგან დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას კი მხოლოდ და მხოლოდ 2008 წლიდან ითვლის. ივანიშვილი რუსეთს არც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განიხილავს დაბრკოლებად და, შესაბამისად, არც ამ დაბრკოლების გადალახვის გზებს გვთავაზობს. მეტიც, დაბრკოლებად მას თავად საქართველო მიაჩნია – ოღონდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. პროგრამაში ვკითხულობთ: „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში”, რაც პრაქტიკულად NATO-ში შესვლაზე უარის თქმას ნიშნავს.

რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოებების შექმნას გულისხმობს ქართული ოცნების ხედვა კონფლიქტის მოგვარებაზეც. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა იმართებოდეს, როგორც მხარეებთან – წარსული პრაქტიკის შესაბამისად. არადა, წლების განმავლობაში, რუსეთი სწორედ იმით მანიპულირებდა, რომ თავად არ იყო კონფლიქტის მხარე, სიტუაციას ეთნოკონფლიქტებად და თავის თავს შუამავლად წარმოაჩენდა. საქართველოს ხელისუფლებაც 2003 წლამდე სწორედ ამ ნარატივში მოქმედებდა, რასაც თავის დროზე დადებითი არაფერი მოუტანია. ვარდების რევოლუციის შემდგომ კი მცდელობები სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ რუსეთის როლი გამოაშკარავებულიყო, როგორც კონფლიქტის რეალური მხარე, რომელიც ნებისმიერ პროგრესს ბლოკავდა.

2008 წლის ომმა კონფლიქტის საერთაშორისო ხასიათი ნათლად აჩვენა და საქართველოს ოკუპაციაც საერთაშორისო ასპარეზზე იქნა აღიარებული. ოკუპაციის აღიარება კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ყველა მოვლენაზე, რომელიც ამ რეგიონებში ხდება, რუსეთია პასუხისმგებელი. ამან და თავისუფალი სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკამ რუსეთი აგრესორად და კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინა. რუსეთის დიპლომატიის ამოცანა კვლავ შუამავლის სტატუსის მიღებაა, რათა ერთი მხრივ განაგრძოს ამ ტერიტორიების ოკუპაცია, მეორე მხრივ კი საკუთარი პრესტიჟი მეტ-ნაკლებად აღადგინოს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კვლავ მხარეებად აღიარება რუსეთისთვის ხელ-ფეხის გახსნას ნიშნავს, რათა ყველანაირი პროგრესის მცდელობა ისევ აფხაზეთისა და ოსეთის მარიონეტული ხელისუფლებების პირით დაბლოკოს და პასუხისმგებლობები თავიდან აირიდოს.

ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დეოკუპაციაა მთავარი საკითხი. მასში სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, თუმცა დამოუკიდებელი მხარეების სტატუსი არ აქვთ.

ერთ-ერთი მთავარი თემა მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხებია, რაზეც მხარეებს დიდი წინააღმდეგობა აქვთ. რუსული მხარის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველომ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობაზე. გარდა ამისა, ამბობენ, რომ უკვე პოსტკონფლიქტური სიტუაციაა და საქართველომ რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს, რასაც საქართველო, ბუნებრივია, არ ეთანხმება. ისევე, როგორც რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერას საოკუპაციო რეჟიმებთან, რომელიც მათ ლეგიტიმაციას მისცემს, ხოლო რუსეთს ფასადს შეუქმნის. ქართული ოცნების პროგრამაში კი იმაზეა საუბარი, რომ ქართულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი უნდა გასცეს წინადადებას უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე და მზად იყოს კომპრომისისათვის.

მთელი გასული წლების განმავლობაში, ომამდე, რუსეთის ტაქტიკა სწორედ ის იყო, რომ საქართველოს ძალის არგამოყენებაზე ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან მაშინ, როდესაც ასეთი არაერთი დოკუმენტი არსებობდა, თან ყველა მხრიდან ხელმოწერილი.

საქართველოს ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივად აქვს პირობა დადებული და იმავეს მოითხოვს რუსეთისგან. ისევე, როგორც ევროკავშირი და NATO. ქართული ოცნების პროგრამა ამ საკითხსაც ეხმიანება. იქ ნათქვამია, რომ რუსეთთან ურთიერთობა კონფრონტაციული არ უნდა იყოს, ხოლო რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობა არა ცალმხრივი განცხადებით უნდა იქნეს გარანტირებული, არამედ მოლაპარაკებებში ჩართვით. თუმცა გაუგებარია, რა მოლაპარაკებებში ჩართვაზეა საუბარი. გაუგებარია ისიც, რატომ არ უნდა მოეთხოვოს რუსეთს ძალის არგამოყენების პირობის დადება, მით უმეტეს, რომ ამაზე საერთაშორისო საზოგადოებაში კონსენსუსიც არსებობს.

საქართველოს ერთ-ერთი მოთხოვნა და პუნქტი ჟენევის დღის წესრიგში არის ის, რომ ამ რეგიონებში დაიშვას საერთაშორისო მისიები. რეალურად, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ საერთაშორისო მექანიზმების შექმნას გულისხმობს. ევროკავშირის მონიტორების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, თუმცა რუსები, მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, არღვევენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მათ ტერიტორიებზე დაშვებას არ აპირებენ. დღესდღეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს საერთაშორისო წარმომადგენლობა – იქნება ეს სამხედრო, საპოლიციო მონიტორინგი თუ სხვა. ამ სიტუაციის მოსაგვარებლად კი ადრესატი სწორედ გადაწყვეტილების მიმღები – რუსეთი შეიძლება იყოს. და არავინ სხვა.

საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად გამოცხადება ფაქტობრივად ჟენევის ფორმატის გაუქმებასაც ნიშნავს იმ სახით, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ ამუშავდა და ამ კონფლიქტის ისტორიაში არსებულთაგან ყველაზე ხელსაყრელი ფორმატია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარედ აღიარება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს ტაბულასთან საუბარში, წარსულში დაბრუნებას ნიშნავს – იმ დროში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემად კი არა, პრობლემის გასაღებად განიხილებოდა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების შემოთავაზებული საგარეო პოლიტიკური სტრატეგია საქართველოსთვის იმ კოზირების წართმევას გულისხმობს, რომელიც მას დღეს აქვს – როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით.

კომენტარები