ფეხბურთი

პსჟ და სხვა – საზაფხულო ტრანსფერები

აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. სპეკულაციები, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს თუ თავად საფეხბურთო მოხელეებს მოსვენებას არ აძლევდა, დასრულებულია. შევეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო პერიპეტიები გაგაცნოთ.

შარშან ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა არგენტინელი ხავიერ პასტორე გადაიბირა. პსჟ-ს მფლობელის, ნასერ ალ-ხელაიფის მიერ გადახდილი 43 მილიონი ევრო არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული გამხდარიყო. მანჩესტერ სიტიმ ასევე არგენტინელი სერხიო აგერო 45 მილიონ ევროდ იყიდა და ამრიგად, სწორედ ეს შენაძენი აღმოჩნდა ყველაზე ძვირი.

წელს სატრანსფერო ბაზარზე პსჟ ფაქტობრივად უკონკურენტო იყო. პარიზელებმა, შეიძლება ითქვას, ვისი შეძენაც მოისურვეს, ყველა გადაიბირეს. დედაქალაქურ კლუბში თამაში არჩიეს იტალიური მილანის ფეხბურთელებმა

დუგლას მაიკონი
ბრაზილიელმა ტიაგო სილვამ და შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. ეს ორი ტრანსფერი ფრანგებს, შესაბამისად, 42 და 21 მილიონი დაუჯდათ.

როგორ არ ეცადა მახაჩყალის ანჟი ეზეკიელ ლავეცის გადაბირებას. ნაპოლის ხელმძღვანელობასთანაც კი გამონახა საერთო ენა და თითქოს არგენტინელი თავდამსხმელიც ჩეჩნური კლუბის ფორმით უნდა გვეხილა, მაგრამ პსჟ-ს ბრაზილიელი მწვრთნელის, ლეონარდოს სურვილს წინ ვერავინ აღუდგა – 26 მილიონი ევრო და მადლობა სითბოსთვის ნაპოლის გულშემატკივარს – ეზეკიელ ლავეცი პსჟ-ს ფეხბურთელია. ნასერ ალ-ხელაიფიმ ბრაზილიური სან პაულუდან ახალგაზრდა ლუკაშ მოურას გადაბირებაც მოახერხა. სამწუხაროდ, მოურა, რომლის სანაცვლოდაც, როგორც პრესაში დაიწერა, პარიზელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 45 მილიონი ევრო გადაიხადეს, იანვრამდე ვერ დაეხმარება თავის ახალ კლუბს. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ უკვე ამოეწურათ კვოტა არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე. სამაგიეროდ, იტალიური პესკარასგან 12 მილიონად ნაყიდი მარკო ვერატი 5 წლით პარიზელია. 19 წლის ნახევარმცველი უაღრესად იმედისმომცემ

ალექს სონგი
ფეხბურთელად ითვლება.

წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას პრემიერლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის, ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის შესახებ. ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის მცდელობები, შეენარჩუნებინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ფუჭი აღმოჩნდა. მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული არა, მაგრამ ყველაზე რეზონანსული ნამდვილად აღმოჩნდა.

ვან პერსიმ უკვე მოასწრო ახალ გუნდში გოლების გატანა, ლონდონის არსენალს კი საქმე ნამდვილად ვერ აქვს კარგად. მეთოფეებმა ალექს სონგიც მიჰყიდეს ბარსელონას და, საერთო ჯამში, ფეხბურთელთა გაყიდვებით 40 მილიონი გირვანქა მიიღეს. ვენგერს დაახლოებით ამდენივეს გადახდა მოუწია, რომ მალაგიდან სანტი კასორლა, ხოლო მონპელიედან ოლივიე ჟირუ გადაებირებინა. კიოლნიდან ლუკაშ პოდოლსკის ტრანსფერი კი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაჯდა. აღსანიშნავია, რომ კასორლამ და პოდოლსკიმ არსენალის მაისურით უკვე მოასწრეს გოლების გატანა.

ალექს ფერგიუსონმა პარკ ჯი სუნი ქუინზ პარკ რეინჯერსში, ხოლო დიმიტარ ბერბატოვი ფულემში გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ვან პერსის გარდა მანჩესტერელებმა დორტმუნდის ბორუსიისგან შინჯი კაგავა იყიდეს.

ლონდონის ჩელსიმ ედენ აზარის სახით შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძინა. აზარი, რომელიც გასულ სეზონში ფრანგული ლილის შემადგენლობაში გამოდიოდა, ლონდონელებს 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. 21 წლის ბელგიელი ფრანგული ლიგა 1-ის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რომან აბრამოვიჩმა ახალგაზრდა ბრაზილიელის ოსკარის ყიდვაც მოახერხა. ინტერნასიონალი მის სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს მიიღებს. 13-ნომრიან მაისურს მოირგებს ვიკტორ მოზესი, რომელიც ჩელსიში უიგანიდან გადავიდა.

ხავი გარსია ქალაქელია – მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად გაიფორმა ესპანელი ფეხბურთელი. ბენფიკა ამ ნახევარმცველს 20 მილიონ ევროდ შეელია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე რობერტო მანჩინის გუნდში ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონიც ჩაირიცხა. სამაგიეროდ, სანდერლენდში ადამ ჯონსონი გაუშვეს.

ლუკა მოდრიჩი
ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ სწრაფი, მაგრამ ოდნავ სწორხაზოვანია, ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. თავის მხრივ, სიტიმ ევერტონიდან დაიმატა ჯეკ როდუელი, ხოლო სუონსიდან – სკოტ სინკლერი. მაშინ, როცა დავიდ სილვასაც კი არ აქვს გარანტირებული ძირითადში ადგილი, სინკლერი ძალიან უნდა შეეცადოს, რომ ამ სეზონში მცირე სათამაშო დრო მაინც ჰქონდეს. ქალაქელებმა ფიორენტინადან 19 წლის მატია ნასტასიჩის გადმობირებაც მოახერხეს, სამაგიეროდ კი ფლორენციულ კლუბს 21 წლის მცველი სტეფან სავიჩი მიჰყიდეს. იტალიურ-ინგლისური ყიდვა-გაყიდვა ამით არ მორჩენილა – ბევრისთვის მოულოდნელად, საუთჰემპტონმა სარეკორდო თანხა გადაიხადა ბოლონიელ გასტონ რამირესში – 15 მილიონი ევრო.

ლონდონის ტოტენჰემმა ორი ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა – ფულემის საუკეთესო ფეხბურთელი, ამერიკელი კლინტ დემპსი გუნდიდან წასვლას ლამობდა. თავიდან თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ნახევარმცველი კარიერას ლივერპულში გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ ჩრდილოეთ ლონდონში აღმოჩნდა. ტოტენჰემმა ხორვატი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში გაყიდა, მაგრამ ისლანდიელი გილფი სიგურდსონი დაიბევა 20 მილიონ ევროდ – ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც ვერც არსენალის აკადემიაში მოიკიდა ფეხი და ვერც რედინგში, მაგრამ გერმანული ჰოფენჰაიმიდან შარშან სუონსიში განათხოვრებულმა, 18 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4საგოლე გადაცემაც მიითვალა. შედეგად, 22 წლის ისლანდიელი ლონდონელთა ახალწვეულია.

ელჯერო ელია იუვენტუსიდან ბრემენის ვერდერში, პოდოლსკი კიოლნიდან ლონდონის არსენალში, კაგავა

ლუკაშ პოდოლსკი
დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში და მარკო მარინი ბრემენის ვერდერიდან ლონდონის ჩელსიში კი გადავიდნენ, მაგრამ გერმანული ბუნდესლიგის მთავარი ტრანსფერი ვერცერთი გახდა. ვერც რაფაელ ვან დერ ვაარტის ჰამბურგში დაბრუნებამ გადაფარა ის, რაც მიუნხენის ბაიერნის ბოსებმა მოიმოქმედეს. 40 მილიონი ევრო და ხავიერ მარტინესი 5 წლით ბავარიელია. დიახ, ამ ტრანსფერმა ბევრი აალაპარაკა, მაგრამ უფრო სკეპტიკოსები ჭარბობენ. ღირდა თუ არა 40 მილიონის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც ესპანეთის ნაკრების ძირითადის წევრადაც კი არ ითვლება? ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ბავარიელთა მიერ გადახდილი თანხა უფრო ინვესტიციას ჰგავს.

რაც შეეხება ჰოლანდიელ რაფაელ ვან დერ ვაარტს, ის მეორედ ჩაირიცხა ჰამბურგში. ბევრის აზრით, ის იქიდან არც უნდა წასულიყო, მაგრამ ფაქტია – 13 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერი და ყველა ინტერესით ელის, გაიმეორებს თუ არა 29 წლის ფეხბურთელი იმ წარმატებას, რასაც ბუნდესლიგაში 2005-2009 სეზონებში მიაღწია. იქამდე კი აღვნიშნოთ ახალგაზრდა ლუკ დე იონგის ტრანსფერი ჰოლანდიური ტვენტედან მიუნხენგლადბახში, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ევროა.

ლუკა მოდრიჩი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ლონდონის ტოტენჰემის დატოვებას და მოახერხა. მადრიდის რეალმა ხორვატი 35 მილიონ ევროდ იყიდა. საინტერესოა, რამდენად მოახერხებს მოდრიჩი, რომლის ადგილიც უფრო მოედნის ცენტრშია, კონკურენცია გაუწიოს სამი ხედირასა და ჩაბი ალონსოს. მადრიდელებმა ჩელსისგან ინათხოვრეს მიქაელ ესიენი, რომელიც ასევე ჩაბი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება. მოკლედ, ჟოზე მოურინიოს მოედნის ცენტრში დიდი არჩევანი აქვს. მადრიდელებმა ნური შაჰინი ლივერპულში გაანათხოვრეს, გალათასარაის ჰამით ალტინტოპი მიჰყიდეს, ხოლო სერხიო კანალესი და ფერნანდო გაგო ვალენსიაში გააგრძელებენ კარიერას. ვალენსიაშია ასევე ალი სისოხო, რომელიც ლიონიდან შეიძინეს.

თითქმის 19 მილიონი ევროს გადახდა მოუწია ბარსელონას ალექს სონგის სანაცვლოდ. არსენალის დატოვების შემდეგ ცენტრალურმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ლონდონში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელებმა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრეს. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ვალენსიადან ხორდი ალბას გადაბირებაც მოახერხა. სეიდუ კეიტას ჩინეთში წასვლას თუ არ ჩავთვლით, კატალონიელების ბანაკში სხვა სიახლე არ არის.

მძიმე სიტუაციაშია მალაგა. აბდულა ალ თანის მფლობელობაში მყოფი გუნდის ფინანსური მდგომარეობა უწინდელივით კარგი ვეღარ არის. შედეგად, სანტი კასორლა არსენალს შეუერთდა, ხოლო რონდონი ყაზანის რუბინს. ამ ტრანსფერებიდან აღებული თანხა, მთლიანობაში დაახლოებით 36 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად, მალაგას სატრანსფერო ბაზარზე არ უაქტიურია.

იმ დროს, როცა მილანმა ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს მიჰყიდა, სანაცვლოდ, იტალიელებს ღირებული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. ნაიჯელ დე იონგი მანჩესტერ სიტიდან, ჯამპაოლო პაცინი მილანის ინტერიდან და ჯენოელთა მცველი ფრანჩესკო აკერბი – ამ ტრანსფერებში როსონერიმ 18 მლნ ევრო დახარჯა. რა სარგებელს მოუტანს

ედენ აზარი და ფერნანდო ტორესი
კლუბს რომადან ნათხოვარი ბოიან კრკიჩი და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსული სულეი მუნტარი, ამას დრო გვაჩვენებს.

ნიკლას ბენდტნერმა შვებით ამოისუნთქა – ის იუვენტუსში ითამაშებს, მაგრამ ჯერჯერობით არენდით. უდინეზედან ასამოას და ისლას ტრანსფერებში ტურინელებმა ჯამში 18 მილიონი ევრო დახარჯეს. დაახლოებით ამდენივე დაჯდა სევილიადან კასერესისა და პარმადან ჯოვინკოს ტრანსფერი. ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო კი, როგორც მისმა აგენტმა განაცხადა, კარიერას ავსტრალიაში, კერძოდ, სიდნეიში გააგრძელებს.

ნაპოლიმ უნივერსიდად დე ჩილესგან 11 მილიონ ევროდ იყიდა ედუარდო ვარგასი. ამას დავუმატოთ გორან პანდევის ინტერიდან და ვალონ ბეჰრამის ფიორენტინადან ტრანსფერები და დავრწმუნდებით, რომ ნეაპოლელების ყურება ამ სეზონშიც საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ მათ 2017 წლამდე შეინარჩუნეს შესანიშნავი ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი.

რომამ 11.7 მილიონ გირვანქად მიჰყიდა ლივერპულს ფაბიო ბორინი, თავად კი ჯენოას დესტრო შეიძინა 11.5 მილიონ ევროდ.

დიეგო ფორლანი ბრაზილიურ ინტერნასიონალში გააგრძელებს კარიერას. მისმა ყოფილმა კლუბმა მილანის ინტერმა კი პორტუდან 11 მილიონ ევროდ იყიდა ფრედი გუარინი. მილანელებმა ნაპოლიში 6.6 მილიონ გირვანქად გაყიდეს გორან პანდევი, ჯენოადან კი როდრიგო პალასიო წაიყვანეს 9 მილიონად. ამას დაუმატეთ ისტორიული კონკურენტისგან, მილანისგან ანტონიო კასანოს ტრანსფერი და ინტერის ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო იმედისმომცემად გამოიყურება.

აი, ასეთია ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებულ, მნიშვნელოვან და რეზონანსულ ტრანსფერთა სია. გულშემატკივარს კი ისღა დარჩენია, სანამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, შიდა თუ საერთაშორისო პირველობებში მონაწილე ფეხბურთელთა თამაშს დააკვირდეს და გადაწყვიტოს, ღირდა კი ამა თუ იმ ფეხბურთელში ფულის, ზოგ შემთხვევაში, ძალიან დიდი ფულის გადახდა.

 

კომენტარები