ახლო აღმოსავლეთი

ქურთული ოცნება

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას მეტი აქტუალობა შესძინა. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დამასკოს კონტროლისგან გათავისუფლებამ და ერაყის ქურთისტანის ფართო ავტონომიამ ქურთების მრავალი თაობის ოცნება უფრო რეალური გახადა. სხვა საკითხია, რამდენად ეხმიანება ქურთების დამოუკიდებლობა დიდი სახელმწიფოების ინტერესებს და რა პრობლემები ახლავს მას თან.

ამბოხების ჩასახშობად ასადის რეჟიმმა თურქეთსა და ერაყთან მომიჯნავე ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გამოიწვია, რამაც ქურთულ უმცირესობას საშუალება მისცა საზღვრისპირა რეგიონს დაუფლებოდა. მიმდებარე ქალაქებში აღმართული ქურთული დროშები შესაძლებელია სირიის უნიტარული სახელმწიფოს დასრულებას ნიშნავდეს.

სირიის ქურთული მოსახლეობა ცალსახად ამბოხებულთა მხარეს არაა, რის გამოც ამ უკანასკნელთა მხრიდან ხშირადაა კრიტიკის საგანი. ასადის ტირანიასთან ერთად, ქურთებს მეორე მხარის გამოკვეთილი არაბული იდენტობა, თურქეთის გავლენა და პოსტასადისეულ სირიაში თავიანთი ეროვნული უფლებები აღელვებთ. სამი მილიონი სირიელი ქურთი ქვეყნის მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს უდიდეს უმცირესობას, რომელიც რაოდენობით ასადის მშობლიურ ალავიტურ სექტასაც აღემატება. სირიელი ქურთები გეოგრაფიულად გაფანტულები არიან, თუმცა უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყრის თავს. სხვა არაბული სახელმწიფოების მსგავსად, მათი უფლებები სირიაშიც საგრძნობლად შელახული იყო – კანონი სკოლებში მათი ენის გამოყენებას კრძალავდა და პასპორტების მიცემას უშლიდა ხელს.

ასადის წინააღმდეგ მებრძოლ სირიულ ოპოზიციასთან დღეისთვის რამდენიმე ქურთული ჯგუფი თანამშრომლობს და ისინი სირიის ეროვნულ საბჭოში არიან წარმოდგენილი. მათ უპირისპირდება ყველაზე გავლენიანი და საუკეთესოდ აღჭურვილი ქურთული დაჯგუფება დემოკრატიული კავშირის პარტია (PYD), რომელსაც ახლო კავშირები აქვს თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან. PYD ამბოხებაში მონაწილე ქურთულ ჯგუფებს არაბი ნაციონალისტების მიერ მოტყუებულებს და თურქების პაიკებს უწოდებს. თავის მხრივ, მოწინააღმდეგეები PYD-ს ასადის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ამის გამო, სირიელ ქურთებს შორის ერთიანობა არ არსებობს.

ქურთები მსოფლიოში ყველაზე დიდი ერია სახელმწიფოს გარეშე. მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება, უდიდესი ნაწილი კი ოთხ სახელმწიფოში (თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია) ცხოვრობს. ახლო აღმოსავლეთში ქურთები რაოდენობით მხოლოდ არაბებს, ირანელებს და თურქებს ჩამოუვარდებიან. სხვადასხვა დროს ოთხი სახელმწიფოს ხელისუფლება ქურთ რეზიდენტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა (რეჟიმების და გარემოებების შესაბამისად, სხვადასხვაგვარს). ამის გამო თვალსაჩინო სხვაობაა ერაყელი, სირიელი, თურქი და ირანელი ქურთების განვითარებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზებში.

ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი
CIA-ს ფაქტების სახელმძღვანელოს ცნობით, თურქეთში 18 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ბინადარია. თურქეთში ქურთების გამოყოფის მოძრაობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1920-30-იან წლებში ქემალისტური თურქეთის მიერ ჩახშობილი რამდენიმე აჯანყების შემდეგ, ქურთულმა ნაციონალიზმმა თავი 1970-იანი წლებიდან ისევ იჩინა, როდესაც სოციალისტურ და მარქსისტულ იდეებს შეერწყა.

1984-1999 წლებში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისტანის მშრომელთა პარტიას (PKK), ასევე მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს შორის. ამ პერიოდში თურქეთი ოფიციალურად უარყოფდა ქურთული ეთნიკური იდენტობის არსებობას და 1991 წლამდე ქურთული ენის გამოყენებას არალეგალურად აცხადებდა. 2003 წლიდან თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მოსვლის შემდეგ, ქურთების მიმართ უფრო ტოლერანტული პოლიტიკა ტარდება, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პოლიტიკური ძალადობა გრძელდება.

თურქეთში ტერორისტული ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) გარდა, მრავალი ქურთული პოლიტიკური ორგანიზაცია მოქმედებდა. რამდენიმე ლეგალური პარტია გაუქმდა თურქული სასამართლოს ბრძანებით PKK-სთან და სხვა სეპარატისტულ მოძრაობებთან სავარაუდო კავშირების გამო. დღეისათვის თურქეთში ქურთული უმცირესობის დამცველი წამყვანი პოლიტიკური ძალა სოციალისტური პოზიციის მშვიდობის და დემოკრატიის პარტიაა (BDP). 30-მდე დეპუტატით ის თურქეთის პარლამენტში (მეჯლისი) წარმოდგენილი ოთხი პარტიიდან ერთ-ერთია.

ყველაზე ნაკლები პრობლემა ქურთულ მოსახლეობასთან ირანს აქვს. 1947 წელს შექმნილი მაჰაბადის ქურთული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მარიონეტული სახელმწიფო იყო და მცირე ხანშივე შეწყვიტა არსებობა. მას შემდეგ ირანის ხელისუფლება 7-8-მილიონიან ქურთ მოსახლეობას არჩევნებში და მთავრობაში ნომინალური მონაწილეობის უფლებას აძლევს, ამავდროულად კი, მეტის მომთხოვნებს პერიოდულად სჯის. 2011 წლის ზაფხულში ირანულმა არმიამ ერაყის

ერაყის პრეზიდენტი ჯალალ ტალიბანი
საზღვართან მასიური შეტევა განახორციელა PKK-სთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფის – ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის (PJAK) წინააღმდეგ, რომელიც მთავრობას 1990-იანი წლების ბოლოდან ებრძვის. ოპერაციის შედეგად, ჯგუფმა სავარაუდოდ ირანის ტერიტორია დატოვა.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ქურთების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება აქტუალური გახადა, ერაყის ქურთისტანის მნიშვნელობის გაზრდაა. ერაყში ქურთები მოსახლეობის 15-20%-ს შეადგენენ და მათი რაოდენობა ოთხ მილიონს აღემატება. 1970 წელს მიღებული ავტონომია რეალური მხოლოდ 1991 წელს, აშშ-ის დახმარებით გახდა. მანამდე, 1980-იან წლებში, ქურთები ირან-ერაყის ომის და სადამის გენოციდური პოლიტიკის მსხვერპლად მოგვევლინენ. 2005 წლის ერაყის ახალი კონსტიტუციით, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი საპარლამენტო დემოკრატიაა, რომელსაც საკუთარი ასამბლეა და შეიარაღებული ძალები ჰყავს.

ქურთულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ერაყში მოქმედი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიაა (KDP), რომელსაც ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი უძღვება. 1946 წელს ამ უკანასკნელის ბაბუის, ქურთების ეროვნული გმირის, მუსტაფა ბარზანის მიერ დაარსებულ პარტიას დიდწილად უკავშირდება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ერაყელი ქურთების ისტორია. დღეისთვის პოპულისტური პარტია ტომობრივადაა დაყოფილი და კორუფციაშია ჩაფლული. ბარზანის პარტიის და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) კონტროლირებად სამხედრო დაჯგუფებებს (პეშმერგა), ერთმანეთთან დაუსრულებელი სისხლიანი დაპირისპირება აქვთ. 2005 წელს KDP და სოციალისტური PUK ძალაუფლების გამყოფ შეთანხმებაზე მორიგდნენ და ერაყის შიგნით გავლენიანი პოლიტიკური ბლოკი შექმნეს. ამავე წლიდან ერაყის პრეზიდენტად PUK-ის უცვლელი ლიდერი ჯალალ ტალიბანი დაინიშნა.

ჩრდილოეთ ერაყში ნავთობის ბუმის გამო 2015 წლისთვის რეგიონის მწარმოებლურობა დღეში მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ოპეკ-ის წევრებისთვისაც სოლიდური მაჩვენებელია. თურქეთი, რომელიც ავტონომიურ რეგიონში ხშირად აგზავნიდა სამხედრო ძალებს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ, ერაყის ქურთისტანს ახლა ბიზნესპარტნიორად და ნავთობისა და გაზის მომმარაგებლად მოიაზრებს. იმ მილსადენის გაყვანით, რომლითაც ნავთობის თურქეთში ექსპორტირება მოხდება, დაპირისპირებულ ბაღდადის მთავრობასთან შედარებით, ქურთისტანის ავტონომიას უპირატესობა მიეცემა.

დამოუკიდებელი ქურთისტანი აშშ-სთვის ნაკლებადაა საზიანო. ცივი ომის პერიოდში ამერიკული ადმინისტრაციები ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ის საბჭოთა კავშირის ჩანაფიქრი იყო აშშ-ის იმხანად ორი ტრადიციული მოკავშირის, თურქეთის და ირანის წინააღმდეგ. 1991 წელს აშშ-მა ერაყთან ომის დროს არასაფრენი ზონა შექმნა ქურთული უმცირესობისთვის, რამაც მათ დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოუტანა. ახლო აღმოსავლეთში ქურთები ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულად განწყობილი მოსახლეობაა, ისინი რწმენით უფრო ზომიერი მუსლიმები არიან და სეკულარულ მთავრობას არჩევენ.

ქურთისტანის დამოუკიდებლობას ან სირიაში ავტონომიას თან მნიშვნელოვანი გართულებები ახლავს. სპარსეთის ყურის კრიზისის დროს თურქეთი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ერაყში არასაფრენი ზონის შექმნას, რადგან საკუთარ ქურთულ მოსახლეობაზე დიდი გავლენის ეშინოდა. სავაჭრო კავშირების მიუხედავად, თურქეთი იმავე მიზეზით ვერ დაუშვებს ქურთული ნაციონალიზმის გაძლიერებას და სირიაში ქურთების მეორე ავტონომიური რეგიონის შექმნას. გარდა ამისა, ქურთებს კლანური საზოგადოება აქვთ და ქურთულის განსხვავებული დიალექტები ორმხრივად გასაგები არ არის. მათი პოლიტიკური დაჯგუფებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება – ერთდროულად ჩრდილოეთ ერაყის ფეოდალური და სირიის რევოლუციური პარტიებისგან შედგება.

ქურთული ანდაზის მიხედვით, ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ – მხოლოდ მთები. ამ ფაქტორის გამოც, მათი დამოუკიდებლობაზე ოცნება ჯერაც საკმაოდ შორეულია.

 

კომენტარები