ჯანდაცვა

მატრიცა გადატვირთვა

თვე-ნახევრის წინ „მატრიცის” მორიგ ვერსიას SYSTEM FAILURE დაემართა. ახალი ვერსია გადატვირთვის რეჟიმში შევიდა. ახლა იტვირთება RELOADED და თან UPDATE-ს აკეთებს. საქართველოს ჟუჟუნებს მატრიცის განახლებულ ვერსიაში მოუწევთ ცხოვრება. საინტერესოა რა აპდეიტებს გვპირდებიან მატრიცის პროგრამისტები ჯანდაცვის ნაწილში.

სიტყვა „ჯანმრთელობა” აღნიშნავს მდგომარეობას, რომელშიც დისკომფორტს არ განვიცდით ან განჭვრეტად მომავალში ამ დისკომფორტის პროგნოზირების უნარი არ გვაქვს. „ავადმყოფობა” საპირისპირო მდგომარეობაა. ჩემი განმარტება ცოტა განსხვავებულია. ჯანმრთელობა არის ჩვენი მთავარი საკუთრების – „სიცოცხლის” უსაფრთხოების, ხოლო ავადმყოფობა – ამ საკუთრებისათვის საფრთხის აღმნიშვნელი ტერმინი. თუ საკამათოა, რომ სიცოცხლე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთრებაა და ყველაფერი დანარჩენი მეორადი, მაშინ შეწყვიტეთ ამ სვეტის კითხვა. ჯანდაცვის სისტემა არის ინდუსტრია, რომელიც ადამიანს ეხმარება თავისი საკუთრების მოვლაში.

ახალი მატრიცის ერთ-ერთი მთავარი გაცხადებული პრიორიტეტი მთავარი საკუთრების უკეთესად დაცვა ხდება. ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს, იცოდეს, რაში გამოიხატება წესები, რომლითაც ჩვენი საკუთრების დაცვის პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. გამიხარდა და დიდი მადლობა ღია საზოგადოება – საქართველოს, ახალი ჯანდაცვის პოლიტიკის შემმუშავებელ ჯგუფის წევრებთან დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობის მოცემისათვის.

პოლიტიკოსები, მედია და სფეროს ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემას რეფორმა სჭირდება. სასურველია უკეთესი კოორდინაცია, სამედიცინო შედეგები, მეტი ხარჯთეფექტურობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ. ძირითადი პოლიტიკური არგუმენტი არახალია. ადამიანებს ავადმყოფობის შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეთ უსახსრობის გამო სიკვდილის ან გაღატაკების. თანხმობაა სახელმწიფოს ფუნქციებისა და სამედიცინო ბაზარზე ჩარევის მნიშვნელოვან ზრდაზე და სისტემის ცენტრალიზებულად დაგეგმვის საჭიროებაზე. სამწუხაროა, რომ ე.წ. ჯანდაცვის ექსპერტების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსებზე და მედიის წარმომადგენლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ფიქრობს, თითქოს ჯანდაცვის სისტემის დაგეგმვა და მართვა შესაძლებელია.

ავად უთვალავი მიზეზით შეიძლება გავხდეთ. ექიმი ჰაუსის რამდენიმე სერიის ნახვა საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ავადმყოფობის მიზეზებიც და გამოვლინებებიც.

1) გრიპის ვირუსით დაავადება ხშირია და მკურნალობა ფაქტობრივად არ სჭირდება – ცხელი კომპოტი და სიმპტომების შესამსუბუქებლად პარაცეტამოლის დალევა კმარა. თუმცა სიკვდილი ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია;

2) ყველაზე ხშირად, საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების მიღება დაახლოებით ორი თვის საშუალო ჯამაგირი (1200-1300 ლარი) ჯდება. უმრავლესობისათვის ასეთი დანახარჯი ასატანია, თუმცა თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პრობლემაა;

3) ადამიანის ცხოვრება არაპროგნოზირებადია და თუ არ გაგვიმართლა, შესაძლებელია სერიოზული დაავადება შემოგვეპაროს ან უბედური შემთხვევის წყალობით მძიმე ტრავმა მივიღოთ. ასეთ დროს, თუ განსაკუთრებულად მდიდრები არ ვართ, შესაძლებელია მსხვილი კომპანიის დირექტორის ან მინისტრის ჯამაგირი არ გვეყოს სიცოცხლის გადასარჩენად. ან ყელამდე ვალში აღმოვჩნდეთ;

4) ასაკის მატებასთან ერთად საფრთხე იზრდება და მუდმივი სამედიცინო დახმარების საჭიროება უმრავლესობა ჩვენგანის ხვედრია. ძვირფას საკუთრებას ბოლოს ყველა დავკარგავთ, უბრალოდ დროის საკითხია, როდის მოხდება ეს. ტრივიალურად გამოდის, რომ ყველა შემთხვევაში ვყიდულობთ დროს.

შეიძლება საერთოდაც არ ეთანხმებოდე ბაზრის ფუნქციონირებაში მთავრობის რაიმე ფორმით ჩარევის საჭიროებას, არ გჯეროდეს სახელმწიფო ბიუროკრატიის შესაძლებლობების და საერთოდ, რაიმე სახის სასიკეთო შედეგის. ეს არ ნიშნავს, რომ არ შევიდეთ დისკუსიაში და არ ვთქვათ არგუმენტები, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერ კეთილგონიერ მთავრობას უწევს. უწევს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მთავრობის პარაზიტირების ხარისხის შეზღუდვა და ჩარჩოში მოქცევა პირდაპირპროპორციულია დროისა, რომელსაც რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი პარაზიტირებაში ატარებს მთავრობის სტატუსით. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს კაცობრიობის ისტორია, რომლისთვისაც უცნობია, რომელმა პარაზიტმა მთავრობამ მოახერხა „მასპინძლის”, ანუ ხალხის სრული განადგურება ისე, როგორც ეს ბიოლოგიურ არსებებში ხდება.

რომ არა მთავრობის „ზრუნვა”, ინდივიდებს სამედიცინო და ფინანსური რისკების დაზღვევის ინდუსტრიები დიდ არჩევანს შესთავაზებდნენ გაზრდილი პერსონალური პასუხისმგებლობის პარალელურად:

1) მარტივ შემთხვევებში ინდივიდები შარდის და სისხლის ანალიზის საზღაურს თვითონ გადაიხდიდნენ და პარაცეტამოლსაც თავად იყიდდნენ, რადგან ფინანსური რისკი უმნიშვნელო იქნებოდა;

2) საკუთარი შემოსავლების მიხედვით გადაწყვეტდნენ, თუ რა ჩაეთვალათ მნიშვნელოვან ფინანსურ რისკად და როგორი დაზღვევა შეეძინათ;

3) სამედიცინო მომსახურების მწარმოებლები ყველაფერს იზამდნენ ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში საუკეთესო მომსახურების და ხარისხის ბალანსის შესათავაზებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი მათი ბიზნესისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. შესაბამისად, მომსახურების ფასი და ხარისხი ყოველ კონკრეტულ მომენტში კეთილდღეობის საერთო დონის შესაბამისი იქნებოდა;

4) ადამიანი მეტად გაუფრთხილდებოდა ჯანმრთელობას, რამდენადაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებოდა რისკებისა და ამ რისკების ფასების შესახებ;

5) შესაძლოა ინდივიდს ცხოვრებაში შეცდომები დაეშვა ან შემთხვევითობის გამო თავად ვერ მოეხერხებინა პრობლემის მოგვარება. მაშინ ოჯახის, მეგობრების და ზოგადად არაფორმალური ინსტიტუტების იმედად დარჩებოდა. და თუ განსაკუთრებულად არარაციონალურად მოიქცეოდა, ისევე დაკარგავდა საკუთრებას, ანუ დროზე ადრე მოკვდებოდა, როგორც ნებისმიერი სხვა საკუთრება იკარგება უყაირათო პატრონის ხელში;

რთული სათქმელია, თითქოს წინა მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა განსაკუთრებულად თანმიმდევრული იყო, მაგრამ თვითნებობის გარკვეულ საზღვრებს არ გადადიოდა. პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი იყო:

1) მოქალაქეების დიფერენცირება კეთილდღეობის დონის მიხედვით. მთავრობისგან ღარიბები მეტ დაფინანსებას იღებდნენ, შეძლებულები – ნაკლებს. შედეგად, შეძლებულებმა ნებაყოფლობითი დაზღვევით სარგებლობა დაიწყეს;

2) მთავრობამ მის მიერ დაზღვეულებს სადაზღვევო კომპანიების არჩევის თავისუფლება მისცა, რამაც ბაზარზე კონკურენცია შექმნა და კომპანიებმა კლიენტურისთვის ბრძოლა გააჩაღეს. შემდგომ იყო რეგრესი. 2013 წლამდე რეგიონებში კონკურენცია შეიზღუდა საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის მეტი პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭების მოტივით. იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც კონკრეტულ რაიონებში საავადმყოფოებს აშენებდნენ, მთავრობამ მის მიერ დაზღვეული ადამიანები ბორკილებით მიაბა;

3) ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მთავრობის დაფინანსების წილი გაიზარდა – 8 წლის მანძილზე 15%-დან 25%-მდე. ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემი სუბიექტური შეფასებით, კატასტროფული ზრდა მაინც არ ყოფილა;

მთავრობამ მომსახურების წარმოებაზე ხელი აიღო – საავადმყოფოები კერძო მფლობელებს მიჰყიდა. ალბათ მნიშვნელობით ყველაზე სწორი და იმდენად გაბედული ნაბიჯი იყო, რომ ჩემდა სამარცხვინოდ, მეც კი არ მჯეროდა თავის დროზე. მეშინოდა და რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს დატოვების მომხრე ვიყავი;

5) მთავრობის ფულის დიდი ნაწილის მართვაზე პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა. ამ პოლიტიკურმა ნაბიჯმა სისტემური კორუფციის მასშტაბების ისეთი შემცირება გამოიწვია, რომ ბიუროკრატია გმინავდა, ხოლო ევროკავშირის და WHO-ს ექსპერტების კივილი ზეცას აზანზარებდა;

6) ფარმაცევტული და მომსახურების წარმოების სფეროებში სავალდებულო მოთხოვნების (რეგულაციების) შერბილება ზოგიერთ სფეროში იმდენად მკვეთრი გამოდგა, რომ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზების, დღეს მხოლოდ სულელებს ან არაინფორმირებულებს თუ სჯერათ.

7) მთავრობამ ექიმებთან დაიხია უკან. მათთან ბრძოლა ვერ გაბედა. არ მოხსნა სამედიცინო განათლების რეგულირების უაზრო და მავნებელი წესები.

შეიძლება ბევრად უკეთესი გინდოდეს, მაგრამ სხვა ქვეყნებში გატარებულ ე.წ. რეფორმებთან შედარებით, ბევრი უცხოელი კოლეგისთვის გამაოგნებელი ტრენდი გვაქვს.

ვნახოთ, რა გეგმები აქვთ „საოცნებო მატრიცის” ადმინისტრატორებს და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მსურველებს.

1) მათი აზრით, მოსახლეობა სასტიკად უკმაყოფილოა ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი მდგომარეობით. ამბობენ, დაუნგრევია ჯანდაცვის სისტემა წინა მთავრობასო.

2) სამართლიანი ყოფილა, რომ მდიდრებმაც და ღარიბებმაც მთავრობისგან ერთნაირი მომსახურება მიიღონ; ფიქრობენ, რომ მდიდრის ღარიბისგან გარჩევა 5-ჯერ ძვირი დაჯდება, ვიდრე თანხა, რომელიც იდენტიფიცირებულ ღარიბებს უნდა მოხმარდეს სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად. კი ბატონო, შეიძლება მეტიც დაჯდეს. თუ ამოცანა ისეთი სიზუსტით გინდა ამოხსნა, რომ თითოეული ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის აუდიტორულ შეფასებას მხოლოდ დიდი ოთხეულიდან რომელიმე თუ გაართმევს თავს, მაშინ მართალია.

3) მათი წარმოდგენით, დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან 7% პირდაპირ უნდა მოხვდეს ჯანდაცვის ფონდში და გადასახადის ნაცვლად შენატანი უნდა დაერქვას. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამ ფულის შემტანი იქნება მერე მომსახურების მიმღებიც. ამ 600.000-მა მოქალაქემ თავისი ფულით უნდა გადაიხადოს 4.000.000-ის ჩეკი, ანუ ერთმა ადამიანმა შვიდის ნაცვლად უნდა გადაიხადოს. არაა პრობლემა, თუ არ ეყოფა, ბიუჯეტიდან დავამატებთო. თუ ვინმე ამიხსნის, რა შინაარსი აქვს ასეთ ქმედებას გარდა იმისა, რომ „გაპრავდეს” დიდი წვალებით გაუქმებული სახელმწიფო ფონდის აღდგენა და ბიუროკრატიის მკვდრეთით აღდგომა, არ ვიცი. თან ძალიან სასაცილოა, რომ ამას რატომღაც ბისმარკის მოდელს ეძახიან. ამბობენ, ბოლო დროს ხმები ისმის ოტო ედუარდ ლეოპოლდის მავზოლეუმიდანო. ალბათ სიცილისგან ტრიალებს და საფლავის კედლებს ეხეთქება.

4) „მონოპოლიის” (მათი გაგებით) აღმოფხვრის მიზნით, ფიქრობენ (თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ) ისეთი კომპანიების დაშლას, რომლებსაც ერთდროულად აქვთ სამედიცინო, ფარმაცევტული და ფინანსური რისკების მართვის ბიზნესი. თუ სწორად მახსოვს, ბიზნესი ხელშეუხებელი იქნებაო. როგორც იტყვიან, კობა დავითაშვილი მაინც სულ სხვაა.

5) წუხან, რომ ევროკავშირს ჩამოვრჩებით სახელმწიფოს ბაზარზე ჩარევის დონით და ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც ბაზარზე მოსახლეობის და მთავრობის დანახარჯების პროპორცია შეტრიალდება და ნაცვლად 75% / 25%-ისა გახდება 25% / 75%. ძალაუფლების მასშტაბის სამჯერადი ზრდა მშვენიერია. რაღა დარჩა? ბარემ 100% და ეგრევე საბჭოთა კავშირის მშვენიერი ჯანდაცვა გვექნება;

6) აფრიალებენ კონტროლის პალატის დასკვნას, სადაც საუბარია სადაზღვევო კომპანიების მიერ „ზემოგების” მიღებაზე. ეს ზემოთ უნდა დამეწერა, წინა მთავრობის იდიოტობების ნუსხაში. მაგრამ, როგორც მიკერძოებულს, გამომრჩა. თავს ვერ ვიკავებ არ ვივარაუდო, რომ იმავე კონტროლის პალატის მოქმედებას, მათ ლიდერთან და დღევანდელ პრემიერმინისტრთან მიმართებაში, რატომღაც განსხვავებულად შეაფასებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ მომსახურების იმ ნაწილს, რომელსაც მთავრობა დააფინანსებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებისგან შეიძენენ. ისედაც გასაგები იყო, აბა, ფონდის იდეა რისთვის დასჭირდებოდათ.

ამ ყველაფრის პრიმიტიული ახსნაა, რომ ამ ხალხმა ჯანდაცვის და სამართლიანობის შესახებ ან არაფერი უწყის, ან უბრალოდ ფულის შოვნა უნდა.

ახლა რომ დავწერო ზოგადი ფრაზა – „ნებისმიერი მთავრობა ამჩნევს პრობლემას, რადგან პრობლემები ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იჩემებს ამ პრობლემების მოგვარებაში კომპეტენტურობას და ქმნის რამდენიმე ახალ და უფრო ძნელად მოსაგვარებელ პრობლემას და ასე შემდეგ, წრეზე” – მართალი კი იქნება, მაგრამ მომკალი და არ მჯერა, რომ 6.5 მილიარდი აშშ დოლარის პატრონი შეგნებულად ახალისებს ჯანდაცვის სისტემაში ბიუროკრატული ქურდბაცაცობის ასეთი უტიფარი ფორმით დაბრუნებას. დაახლოებით ასე იყო ჯანდაცვა ორგანიზებული ოთხმოცდაათიანებიდან 2003 წლამდე და გვქონდა კატასტროფა. ახლა რატომ იქნება უკეთესად? ასეთი პოლიტიკის შედეგი იმდენად სწრაფად გამოჩნდება, რომ შეიძლება წელიწად-ნახევარიც არ გავიდეს.

ასე ცხვრებივით გადავუფორმოთ ნოტარიუსთან ჩვენი მთავარი საკუთრება მატრიცას? იმედია, ჯანდაცვაში იქნება გაგრძელება – „მატრიცა რევოლუცია”.

 

კომენტარები