განათლება

გასაჭირში მყოფთა განათლება

ვითარება სკოლებში

გასული საუკუნის უკანასკნელ სექტემბერს საქართველოში 60,078-მა დაბნეულმა, შეშინებულმა, გახარებულმა და ცნობისმოყვარე ბავშვმა თავისი პირველი მასწავლებელი გაიცნო. სანამ ამ თაობამ სრულწლოვნებას მიაღწია, სკოლების უმეტესობა გარემონტდა, გათბა და აღიჭურვა. გაიზარდა სწავლის ხანგრძლივობა. მეტმა მასწავლებელმა დაიწყო დაგეგმვის, შეფასების, სწავლების მეთოდების თანამედროვე ხერხების გამოყენება. სასწავლო მასალები უფრო თანამედროვე გახდა. ასეული მილიონობით ლარით გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსება. სკოლადამთავრებულებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ უმაღლესებში კორუფციის გარეშე მოხვდნენ და სახელმწიფო დაფინანსებაც ნეპოტიზმის გარეშე მოიპოვონ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, მაგრამ განათლებაში ჩადებული სახელმწიფო ინვესტიციებით ბევრმა მოსწავლემ სწორედ განათლების არასწორი პოლიტიკის გამო ვერ ისარგებლა.

თორმეტი წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ ნახსენებ თაობაში ყოველმა მესამემ სწავლა დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე მიატოვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011-12 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელ კლასში 40,257 მოსწავლე ირიცხებოდა. ოცი ათასამდე მოსწავლე სწავლას გზადაგზა, უმეტესად კი მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ გამოეთიშა. ბოლოს შემორჩენილების 5% საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრა. თორმეტი წლის წინ სკოლაში შესული სამოცი ათასი მოსწავლიდან ბოლო ზარის ზეიმი მხოლოდ ოცდათვრამეტ ათასს შეეხო.

განათლების ზოგიერთი სარგებელი

სკოლიდან ადრე გასვლას ბევრი პრობლემად ვერ აღიქვამს. ცხრა კლასი თუა სავალდებულო განათლება, თუ ყველამ უმაღლესში არ უნდა ისწავლოს, თუ ადამიანები თავად არიან საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლები, მაშინ რა პრობლემაა, თუ ყველა თორმეტივე წელს არ ისწავლის? გასააზრებლად დავსვათ კითხვა – ჩვენთვის რა უფრო სასარგებლოა, რომ მეტი წლის განმავლობაში ისწავლონ ჩვენმა მოქალაქეებმა თუ არა? ასევე უნდა ვიკითხოთ, ხომ არ განაპირობებს თავად სისტემა იმას, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას არ სურს განათლების სისტემის შესაძლებლობების სრულად გამოყენება? და მესამე, რამდენად დასაშვებია, რომ განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ყველა სოციალური ჯგუფის სასარგებლოდ არ მოქმედებდეს?

თუ განათლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას შევხედავთ, მაშინ ცხადია, რომ რაც მეტი განათლება გექნება, მით მეტად იქნება ეს უფლება რეალიზებული. ამავე პერსპექტივიდან ამორალურია იმის გაზომვა, ვინ უფრო მეტად იმსახურებს ამ უფლების განხორციელებას.

განათლებას, სახელმწიფოსა და ინდივიდის მიერ პირად ან საყოველთაო კეთილდღეობაში ჩადებულ ინვესტიციად თუ განვიხილავთ, პასუხი აქაც ცალსახაა. მეტი განათლება ამართლებს. მრავალი კვლევით არის დადასტურებული პოზიტიური კავშირი მეტ განათლებასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის.

სისტემური გარიყვა

მოსწავლეების სკოლიდან გადინების ზრდა ემთხვევა 2009 წლის შემდეგ სკოლის დამთავრების მკაცრი ბარიერების დაწესებას, მოსწავლეების ქულების მიხედვით სკოლების რეიტინგების შედგენას და დირექტორების დასჯასა და წახალისებას. მითი იმის შესახებ, რომ „საატესტატო გამოცდების შემოღებამ მოსწავლეები სკოლაში დააბრუნა”, რეალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება, თუ არ გვეცოდინება, რომ მოსწავლეების დიდმა ნაწილმა სკოლა საერთოდ მიატოვა.

ასეთივე მითია ის, რომ უმეტესობას საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება სურს. საუნივერსიტეტო ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი ცდილობს უმაღლესში ჩაბარებას და კიდევ უფრო ნაკლები იღებს საბოლოოდ უმაღლეს განათლებას.

ვისი ინტერესია დაცული?

საქართველოს განათლების სისტემა მორგებულია გარკვეული სოციალური წრის ადამიანების შესაძლებლობებზე და არა საყოველთაო საჭიროებებზე. რაც მეტი ფინანსური შესაძლებლობა გაქვს, მით მეტად ზრდის სახელმწიფოს შექმნილი სისტემა უკეთესი განათლების მიღების შანსებს და, ამავდროულად, ამცირებს ნაკლებად შეძლებულების შესაძლებლობებს. რაც უფრო ღარიბი ხარ, მით მეტად განგაწყობს სისტემა, რომ განათლებაზე ან სრულად თქვა უარი, ან ყველაზე ნაკლებ წარმატებებს დასჯერდე.

განათლების მკვლევარმა მაია ჩანქსელიანმა შეისწავლა, რომ ერთნაირი ქულების მქონე აბიტურიენტებში ნაკლებად პრესტიჟული უმაღლესის არჩევის ალბათობა მაღალმთიანი სოფლის სკოლადამთავრებულის მიერ თორმეტჯერ უფრო მაღალია, დედაქალაქის სკოლადამთავრებულთან შედარებით. მისაღებ გამოცდებზე სოფლის სკოლადამთავრებულების ქულები ჩამორჩება ქალაქელი აბიტურიენტებისას. ამის შედეგი კი ის არის, რომ უმაღლესებში მიღებულების 80%-ზე მეტი ქალაქის მოსახლეა. ეს კი იმის ფონზე ხდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს.

უსამართლობა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, როდესაც გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო დაფინანსებით ძირითადად ის სარგებლობს, ვისაც უფრო მაღალი შემოსავლები აქვს. უმაღლესებში სტუდენტების ოთხი მეხუთედი წარმოშობით ქალაქებიდან არის, სადაც საშუალო შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. უმაღლესში სწავლის დაფინანსების განაწილება ძირითადად გამოცდების ქულების მიხედვით ხდება, რაც ქალაქის მოსახლეებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სოფლისას. გამოდის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტით გამოყოფილი დაფინანსება უპირატესად ქალაქის მოსახლეობის უმაღლეს განათლებას ხმარდება და ნაკლებად სოფლისას.

განათლების მიღება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის საკუთარი სიღარიბის დასაძლევად. ჩვენთან არსებული სისტემა სკოლის ბოლო საფეხურსა და უმაღლესებში მეტწილად სწორედ საპირისპირო მიზანს, არსებული სოციალური მდგომარეობის შენარჩუნებას ემსახურება. სისტემა ღარიბებს სკოლის ადრიდანვე მიტოვებისკენ განაწყობს. სისტემა ამ ჯგუფის სკოლადამთავრებულებსაც უარესი არჩევანის გაკეთებისკენ განაწყობს. უმაღლესებში სასწავლო გრანტიც უმეტესად შეძლებულებზე ნაწილდება.

ინკლუზიურობა, როგორც გამოსავალი

აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მეტი განათლება საზოგადოებისთვის ან ინდივიდისთვის ტვირთი კი არ არის, არამედ მრავალი შესაძლებლობის მომტანია. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად ზედაპრული მიმზიდველობისა, მიზნებთან შესაბამისობის თუ სამართლიანობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან შემოწმებას საჭიროებს.

მაგალითად, უკვე მეორე წელია განათლების პოლიტიკაში ჩართული ადამიანები გვთავაზობენ ე.წ. ბრიტანული მოდელის შემოღებას, რომლის მიხედვითაც, სკოლის დამამთავრებელი კლასები მხოლოდ უმაღლესებისთვის მომზადებას დაეთმობა. ის, რომ წელს დამამთავრებელ კლასში ორმოცი ათასი მოსწავლე იყო, მისაღებ გამოცდებზე კი 35 ათასი აბიტურიენტი გავიდა, ნიშნავს იმას, რომ უკვე ძალიან ახლოს ვართ შემოთავაზებულ მოდელთან, რომელსაც სინამდვილეში ბევრი არაფერი აქვს საერთო ბრიტანელების წარმოდგენასთან განათლების პოლიტიკის შესახებ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმაღლესების დაფინანსების დღევანდელი სქემის პირობებში, ამ ვითარების გამძაფრებით, კიდევ უფრო უსამართლოს ვხდით სისტემას. ამგვარად, გაიზრდება განათლებაში უკიდურესად ღარიბების გადასახადებით შედარებით შეძლებულების დაფინანსების წილი.

იმავე ტიპის პრობლემის გაღრმავებაა შესაძლებელი უმაღლესი განათლების სფეროში გადასახადების გაუქმებით. სკოლების ბოლო საფეხურზე და უმაღლესებში მიღების დღევანდელი სისტემის საფუძველზე, შედარებით ღარიბების სისტემური გაცხრილვა ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ „უფასო” უმაღლესი განათლების შემოღებით, ყველა მოქალაქის გადახდილი გადასახადები შედარებით უფრო შეძლებულებზე გადანაწილდება. ასე უმაღლესების დაფინანსების სისტემა ძირითადად საშუალო ფენისა და ელიტების უსასყიდლო მომსახურებას დაეთმობა და არა მაინცდამაინც ღარიბი ფენის უმაღლესებში მოხვედრასა და სწავლის დაფინანსებას.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააუქმოს ის ხელოვნური ინსტრუმენტები, რომლებიც სისტემის ინკლუზიურობას ხელს უშლის. ასეთებია საერთო სტანდარტით ყველა მოსწავლის შეფასება, საატესტატო გამოცდების შედეგის მიხედვით სკოლების დასჯა, სკოლადამთავრებულებში აბიტურიენტების მაღალი პროცენტის მიხედვით სკოლების წახალისება და სხვა.

სასურველია შეიცვალოს უმაღლესის სასწავლო გრანტის მოსაპოვებელი შეჯიბრის არსებული სქემა. მნიშვნელოვანია დაფინანსების უფრო მეტად საჭიროებებზე მორგება. უმაღლესში სწავლისთვის საკმარისი კომპეტენციების მფლობელ ღარიბ ახალგაზრდას სწავლის იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს, როგორც მის მდიდარ თანატოლს. ამ ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგალითად, სტანდარტული ტესტირებების გარდა, მიღების სხვა კრიტერიუმების გამოყენებით, ან უმაღლესებში ადგილების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვით. ასევე, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ზოგ ვითარებაში სრულიად დასაშვებია და უფრო სამართლიანიც, საკმარისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს შორის შეზღუდული ადგილების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილება.

განათლების პოლიტიკა ყველასთვის და არა მხოლოდ ზოგიერთებისთვის მაქსიმალური მოგების მოტანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ პოზიციიდან, თითოეული ახალგაზრდის მიერ განათლების ადრე მიტოვება წარუმატებლობად ჩაითვლება, განათლებულების რაოდენობის ზრდა კი, ძირითადად, გაუთვითცნობიერებელი ცხვირაწეულების უკმაყოფილებების საფუძველი იქნება. ამ ვითარებაში შეგვეძლება იმის თქმა, რომ სისტემა ეფექტის მომტანიც არის და სამართლიანიც. ამ შემთხვევაში გვექნება იმის შანსი, რომ საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ წარმატებებში განათლების მნიშვნელოვანი როლის იმედიც გვქონდეს.

 

კომენტარები