მოდა

მემკვიდრეობა და რეალობა თანამედროვე ქართულ მოდაში

სამუზეუმო ექსპოზიციები მოდელიორების, მოდის, ტანოსამოსის და სტილის შესახებ შედარებით ახალი სამუზეუმო პრაქტიკაა. ბრიტანეთი ამ მხრივ ლიდერია, სწორედ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმს უკავშირდება პირველი გამოფენა მოდის შესახებ, რომლის იდეის ავტორი და კურატორი ცნობილი ხელოვანი სესილ ბიტონი გახლდათ. 1971 წელს მან ცნობილი გამოფენა გამართა, სახელწოდებით „ანთოლოგია”, რითიც დასაბამი დაუდო თანამედროვე ტანისამოსის, როგორც სამუზეუმო არტეფაქტების შეგროვებას და შესწავლას. ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის მაგალითს მსოფლიოს წამყვანმა მუზეუმებმაც მიმართეს. გასულ წელს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულმა ალექსანდერ (ლი) მაქქუინის შემოქმედების მემორიალურმა გამოფენამ, მნახველთა რაოდენობით, სახვითი ხელოვნების შედევრების გამოფენებსაც გადააჭარბა.

 ბრიტანეთის საბჭო, რომელიც თანამედროვე კულტურისა და დემოკრატიული ფასეულობების დესპანია საქართველოში, არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. გასულ თვეს, მისი თაოსნობით მოდის სამყაროს წარმომადგენლებმა და უბრალოდ მოდით დაინტერესებულმა საზოგადოებამ მაღალი კლასის არაერთი საჩუქარი მიიღეს.

ნოემბრის დასაწყისში ბრიტანეთის საბჭომ წარმოადგინა გამოფენა „რეკონსტრუქცია – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა”. ინფორმაციული გამოფენა ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მოიცავდა ბრიტანეთში მოღვაწე საერთაშორისო დონის შვიდი დიზაინერის ნამუშევრებს. ეს ისეთი სახელებია, როგორებიც არიან ჰუსეინ ჩალაიანი, ვივიენ ვესტვუდი, პიტრ იენსენი, სოფია კოლოსაკი, პოლ სმიტი, მარიოს შვაბი და ოსმან იუსფზადე. მათი შემოქმედება ბრიტანეთის, როგორც კოსმოპოლიტური სივრცის და, ზოგადად, მოდის სფეროს, როგორც მულტიკულტურული დისციპლინის საუკეთესო მაგალითად გამოდგება.

ჰუსეინ ჩალაიანი ემიგრანტი დიზაინერია, მის შემოქმედებაში მიგრაციას, წარსულს, ფესვებს, რომლებსაც მის მშობლიურ კვიპროსთან მივყავართ, დიდი ადგილი უჭირავს. ასევე ხშირად მიმართავენ თავიანთ შემოქმედებაში პერსონალურ წარსულს სოფია კოლოსაკი და მარიოს შვაბი. ვივიენ ვესტვუდი და პოლ სმიტი კი, ბრიტანული ექსცენტრიზმის გარეშე, როგორც შემოქმედები, უბრალოდ ვერ იარსებებდნენ. მათ ნამუშევრებში ეროვნულობა, იუმორი თუ ბრიტანული მახვილგონიერება საერთაშორისო დონეს აღწევს.

გამოფენის ერთ-ერთი კურატორი, დიზაინის ისტორიკოსი კენდალ მარტინ-რობინსი გვიამბობს: „გლობალიზაციასთან ერთად

დიზაინერები სულ უფრო მეტად ეძებენ ეგზოტიკას და ინდივიდუალურობას. სწორედ საკუთარ იდენტობასა და მემკვიდრეობასთან დაბრუნება გვაძლევს ხშირ შემთხვევაში მუხტს, შევქმნათ თანამედროვე, გლობალური, უნივერსალური სილამაზე”...

გამოფენის პარალელურად, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ბრიტანეთის საბჭომ ლექციების სერია და მინიფილმების ჩვენება მოაწყო. ეს მინიფილმები სრულიად ახალი ტენდენციაა მოდის ინდუსტრიაში – გრანდიოზული, ძვირადღირებული ჩვენებების ნაცვლად დიზაინერები დაბალბიუჯეტიან ვიდეოპროდუქციას ქმნიან, რათა უფრო მკაფიოდ და ნათლად, შედარებით დემოკრატიული ფორმით წარადგინონ თავიანთი იდეები და მოახდინონ ახალი კოლექციების პრეზენტაცია.

მოდის მკვლევრები სწორედ ასეთი ტიპის ფილმებს მიიჩნევენ მოდის ინდუსტრიის მომავლად. ბრიტანეთის საბჭომ ამ თემაზეც ჩაატარა დისკუსია და 11 მინიფილმის ჩვენება მოაწყო. ეს ქართველი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო და ინფორმაციული მოვლენა გახლდათ. ჩვენ ამ თემაზეც გავესაუბრეთ კენდალ მარტინ-რობინსს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმავე ტიპის პროგრამით

მოგზაურობდა:

რას ფიქრობთ ქართულ მოდაზე და რა არის აქ მოღვაწე დიზაინერების სუსტი და ძლიერი მხარეები?

 ასეთი გამოფენები და შეხვედრები ნათლად გვაჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მოდის ინდუსტრია თქვენს ქვეყანაში. ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა – ტალანტი, განსაკუთრებული გემოვნება ნამდვილად გაქვთ, ინფრასტრუქტურა კი ნაკლებადაა განვითარებული და ეს ცუდია. მაგრამ ბევრ ქვეყანასთან შედარებით, თქვენი სტუდენტები და დიზაინერები გაცილებით საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერაა საჭირო. რა თქმა უნდა, არ ვადარებ ლონდონის მოდის კვირეულს, რომელიც ძალიან დიდ თანხებს იღებს ახალბედა დიზაინერების მხარდასაჭერად. ბრიტანეთის მოდის საბჭოს სწამს, რომ მომავალ თაობაში ფული უნდა ჩაიდოს. ვისურვებდი, რომ აქაც იგივე მოხდეს მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

კომენტარები