საქართველო-აზერბაიჯანი

ივანიშვილი: განცხადება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ ნაჩქარევი იყო

"მე ადრე ვაცხადებდი, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდება. მაგრამ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება და სინამდვილეში ამ საკითხზე არანაირი პრობლემა არ არსებობს", - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმა ივანიშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

გაზის ტარიფების საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გაზს მისაღებ ფასად ყიდის: "მე მადლიერება გამოვხატე პრეზიდენტთან და აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურთან საქართველოსთვის კარგი პირობების შექმნისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა: "მე დავინახე, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს საკუთარი ერისა და საკუთარი ქვეყნისთვის. აზერბაიჯანის სახელმწიფო შორსმჭვრეტელობით ეკიდება ქვეყნის მართვას. პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა. და თუ ჩვენ შორის წვრილმანი საკითხები გაჩნდება, მათი გადაწყვეტა ყოველთვის მეგობრულ ვითარებაში შეგვეძლება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

კომენტარები