პოლიტიკური დაპირისპირება

სერგო რატიანი: ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში 13 თებერვალს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეპუტატებს, სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის.

 "მიუხედავად ზღვარგადასული შეურაცხყოფებისა, მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი დავითაშვილი, დამშვიდებულიყო, ვწუხვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა. ჩვენი ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში", - განაცხადა სერგო რატიანმა.

 თავის მხრივ, სახიფათო უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა. "მაშინ, როდესაც პოლიციის აკადემიის პრორექტორი მოკვლითა და ადამიანების გატყავებით ემუქრებოდა უმცირესობას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი არ ემიჯნება ამ განცხადებას, არამედ ამბობს, რომ უბრალოდ ამის ხმამაღლა თქმაა ცუდი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი კი ისიც ზუსტად ამ ძალადობისა და ადამიანების ცოცხლად გატყავების მომხრეა. მაშინ, როდესაც თავების დაჭეჭყვით ემუქრება დავითაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს აიძულებენ, სასახლიდან არ გამოვიდეს, მაშინ, როდესაც მათი მეთოდი არის ფიზიკური ანგარიშსწორება ... ეს არის უკიდურესად სახიფათო გარემო და ტენდენცია", - განაცხადა გაბაშვილმა.

 

კომენტარები