იუსტიციის მინისტრი

იძლევა თუ არა თეა წულუკიანის უმაღლესი განათლება პროკურორობის უფლებას?

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განათლების თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ ამომწურავი და დოკუმენტირებული განმარტება, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა. მინისტრის თანაგუნდელებს, ამ ეტაპზე, მისი კვალიფიკაციის დასტურად საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) მიღებული განათლება მოჰყავთ. კვალიფიკაციის დამადასტურებული ფორმალური მხარე კი მნიშვნელოვანია, რამდენადაც უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი წინაპირობაა.

ბიოგრაფიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, მითითებულია, რომ წულუკიანმა 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი განხრით. თსუ-ში უკვე დაადასტურეს, რომ მან ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით აიღო, ამრიგად, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება მას იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს.

რაც შეეხება საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლას (ENA), წულუკიანმა ის 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA). მინისტრს facebook-ის პირად ვებგვერდზე ასევე მითითებული აქვს, რომ ENA-ში კურსი გაიარა (ფრანგულ) ადმინისტრაციულ სამართალშიც.

საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის ამჟამინდელ ბუკლეტებს ან ვებგვერდს თუ გადავხედავთ, სამართალმცოდნის ხარისხი მას არ აქვს. 5 მარტს წულუკიანის განათლების შესახებ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხი კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ მომზადებას, დადებითია. ხოლო კითხვას, შეუძლიათ თუ არა მათ პროკურორებად მუშაობა, ელჩმა უპასუხა, რომ შეუძლიათ - ადმინისტრაციულ და ფინანსური სფეროში.

საქართველოს კანონმდებლობით, იმისათვის, რომ პროკურორი გახდეს, პირს მოეთხოვება ჰქოდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობდეს სამართალწარმოების ენას, გავლილი ჰქონდეს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში (ან იურისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება) და ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის, სისხლის სამართალში.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკთა გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრს, რომელიც, ამავდროულად, პროკურორია და სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. თუმცა, როგორც ვხედავთ, პროკურორის კვალიფიკაცია სისხლის სამართლის ცოდნას და მის ფორმალურ დაადსტურებასაც მოიცავს. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარების მსურველებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ, ჩაბარებული საგნების დანართთან ერთად, თუმცა, გამოცდის ვალდებულების არქონის გამო, იუსტიციის მინისტრს ამ საბუთების წარდგენა არ დასჭირვებია.

იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებისა და მედიისთვისაა ცნობილი, რამდენიმე კითხვა ჩნდება: მიიღო თუ არა წულუკიანმა იურისტის ხარისხი საფრანგეთში, აძლევს თუ არა ეს ხარისხი მას სისხლის სამართლის სფეროში პროკურორად მუშაობის უფლებას და მეორე მხრივ, როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა სამართალში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას - გამომდინარე იქიდან, რომ სამართალი საქართველოში რეგულირებადი პროფესიაა და ამ ხარისხის ფლობისთვის უფრო მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, ვიდრე არარეგულირებადი პროფესიების შემთხვევაში. ასევე, გავლილი აქვს თუ არა წულუკიანს შესაბამისი პროცედურები ხარისხის ასაღიარებლად.

პროფესიული განათლების შესახებ კანონით, იურისტის პროფესიით საქმიანობა "შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისთვის აუცილებელია როგორც ფორმალური პროფესიული განათლება, ისე შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".

როგორც ტაბულას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში განუმარტეს, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა ადამიანმა აუცილებელია, განცხადებით მიმართოს ხსენებულ ცენტრს. შემდეგ, შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის,  სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

გამომდინარე იქიდან, რომ სამართალი რეგულირებადი პროფესიაა, საქართველოში განათლებამიღებული ადამიანის მსგავსად, მან, ვინც განათლება უცხოეთში მიიღო, აღიარების შემდეგ, რეგულირებადი პროფესიით მუშაობისათვის  შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა უნდა ჩააბაროს.

აღსანიშნავია, რომ რომელიმე სხვა სპეციალობაში ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირისათვის, უმაღლესში სწავლის პერიოდში სამართლის დარგში სასწავლო კურსების გავლა, არ ხდება იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფუძველი. შესაბამისად, ადამიანი რომელმაც სამართლის დარგში სასწავლო კურსები გაიარა, ვერ დასაქმდება იქ, სადაც თანამდებობის დაკავების წინაპირობას წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა.

ცენტრის ცნობით, იურიდიული განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად. ბაკალავრიატის პროგრამა მოიცავს არანკლებ 240 კრედიტს, მაგისტრატურა - არანაკლებ 120, ხოლო დოქტურანტრა - 180 კრედიტს.

ამასთან, დოკუმენტში, რომელიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს აღწერს, ვკითხულობთ, რომ „უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით - "სამართლმცოდნეობა" ან "საერთაშორისო სამართალი" და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს "იურისტის კვალიფიკაცია".

წულუკიანის თანამდებობაზე დანიშვნისა და ყოფნის საკითხს დამატებითი დატვირთვა ეძლევა იმ ფონზე, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ორი მოსამართლის იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება, თუ დადასტურდა, რომ იუსტიციის მოქმედ მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს. პროკურატურის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს "სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა". პროკურატურის მუშაკი ეწოდება, მათ შორის, პროკურორს. თავის მხრივ, პროკურორი არის, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი.

 

 

 

კომენტარები