იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: 5 თვეში გავაკეთეთ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წელი ვერ შეძლო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოქვა, რომ მთავრობისა და უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონპროექტში მალე კანონად იქცევა. წულუკიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მუხლობრივი განხილვა მისი, არჩილ კბილაშვილის, ვახტანგ ხმალაძისა და თინა ხიდაშელის მონაწილეობით ჯერ კიდევ გასულ წელს, ქუთაისში შედგა. 

"ვფიქრობ, პარლამენტს ამ კანონპროექტზე მსჯელობა ცოტა დაუგვიანდა. მივესალმები მიმდინარე განხილვებს და იმედი მაქვს, ეს კანონპროექტი მალე კანონად იქცევა, რადგან ამით საფუძველი ჩაეყრება იუსტიციის მინისტრის განუსაზღვრელი უფლების შეზღუდვას. არ შეიძლება, პოლიტიკური ფიგურა იყოს სისხლის სამართლებრივი მდევნელი. ეს არის ადეიშვილის მხრიდან თავისი თავისთვის მინიჭებული უფლება, რომელიც გაუქმდება", - აღნიშნა წულუკიანმა. 
მინისტრის  განმარტებით, იუსტიციის მინისტრი პროკურორების საქმიანობაზე კონტროლს შეინარჩუნებს, რათა მათ მოქალაქის უფლებები ვერ დაარღვიონ. 
"პროკურორი ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს და ადეიშვილის პროკურორის ფენომენი საქართველოში უნდა დასრულდეს. ჩვენ ხუთ თვეში გავაკეთეთ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წელი ვერ გააკეთა. მოსამართლის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი. თუკი მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტს, რომ ამა თუ იმ მოსამართლის ადგილი არ არის მართლმსაჯულებაში, მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები