რუსეთი

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია

ამბიციური ნოსტალგიისა და პრაგმატულობის ნაზავი

თებერვალში რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია გამოქვეყნდა. ასეთი ტიპის დოკუმენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელ დებულებებს შეიცავს. ამ განახლებულმა კონცეფციამ 2008 წლის ივლისის ანალოგიური ტიპის დოკუმენტი ჩაანაცვლა.

რასაკვირველია, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის ანალიზი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელი, დადებითი სიურპრიზის მოლოდინით კონფეციის კითხვა ნამდვილად არ დამიწყია, უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენად რეალისტური, პრაგმატული, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საერთო გამოწვევებთან მიმართებით კონსტრუქციული შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინა.

კონცეფციაში საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის შესაძლებლობები ტრადიციისამებრ ამბიციურადაა შეფასებული. ნათელია, რომ პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას არა უბრალოდ გავლენიან, არამედ ერთგვარ „ისტორიული მისიის” მატარებელ სახელმწიფოდ მოიაზრებს. კონცეფციის კითხვისას შთაბეჭდილება გექმნება, რომ ამ მისიის შესრულების ერთ-ერთი კომპონენტი მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზოგადად საერთაშორისო სისტემის ფორმირების რთული ამოცანაა.

კონცეფცია პირდაპირ მიუთითებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დამაბალანსებელი ფაქტორისა და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების როლს ასრულებს. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საერთაშორისო თანამეგობრობაში რუსეთისთვის მყარი და ავტორიტეტული პოზიციების გაძლიერება წარმოადგენს, რაც სრულად უნდა ესადაგებოდეს რუსეთის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეპიცენტრის ინტერესებს.

კონცეფციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საერთაშორისო სისტემისადმი რუსეთის პოლიტიკური ელიტის კონცეპტუალური დამოკიდებულბა არ შეცვლილა. რუსეთი საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარულობაზე აკეთებს აქცენტს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამგვარი მოდელის განვითარება მხოლოდ ისტორიული დასავლეთის, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტების და საერთაშორისო არენაზე რამდენიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრის განვითარებით იყო შესაძლებელი.

საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარული მოდელის პირობებში, რუსეთი მოცემულობად აღიქვამს ერთ-ერთი ეპიცენტრის როლის შესრულებას. ამავდროულად, ნათელია, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რუსეთი აცნობიერებს, რომ ამგვარი როლის შესატყვისი პოზიციების შენარჩუნება მარტივ ამოცანას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარული მოდელის პირობებში დასავლეთის საპირწონედ აზიის, პირველ რიგში, ჩინეთის როლის ზრდის მასშტაბს რუსეთი ცალსახად მისთვის ხელსაყრელ გარემოებად აღარ აღიქვამს და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გაძლიერების ერთ-ერთ ფაქტორად დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ მოიაზრებს საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ამის განხორციელებას, როგორ განსაზღვრავს გლობალურ და რეგიონულ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, კვლავ კონკურენტად უფრო განიხილავს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორად.

მრავალპოლარული საერთაშორისო სისტემის პირობებში საკუთარი ინტერესების დაცვას, რუსეთი გლობალურ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობების რეგულირების ცენტრალურ აქტორად გაეროს როლის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში ხედავს. მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გაეროს უშიშროების საბჭოს, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების განსაკუთრებული როლის შენარჩუნება.

კონცეფცია კრიტიკულად აფასებს ქარტიის დებულებების ინტერპრეტირებისას „ცალკეული ქვეყნების” „თვითშემოქმედებას”, „ქარტიის გვერდის ავლით”, „ორმაგი სტანდარტების” გამოყენების გზით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევას. გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩინეთთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულ ამოცანადაა განსაზღვრული. ნათელია, რომ გლობალურ არენაზე საკუთარი მნიშვნელობის გაძლიერების რაიმე სხვა ქმედითი ფორმულა, მეორე მსოფლიო ომის საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურის პირობებში საბჭოთა კავშირისთვის, დღეს კი მისი უფლებამემკვიდრისათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული ბერკეტების გამოყენების გარდა, რუსეთს არ გააჩნია.

საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთ ქმედით საშუალებას, რუსეთი რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში ხედავს. ამ მხრივ, მისთვის სამიზნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ამ სახელმწიფოების მის მიერვე მართული რეგიონული ინტეგრაციის პლატფორმებში მოქცევას. მარტივად რომ ვთქვათ, გავლენის სფეროს აღდგენას.

2008 წლის ანალოგიურ კონცეფციასთან შედარებით, პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზისით, დსთ-ზე მეტად აქცენტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებასა და განვითარებაზეა გაკეთებული. რუსეთი ევრაზიის კავშირს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევროპასა და აზია/წყნარი ოკეანიის პარალელურ რეგიონულ ცენტრად მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ კონცეფცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანად, რუსეთის მიერ სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ევროპასა და აზია/წყნარი ოკეანის რეგიონების დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებას ასახელებს. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, ამჟამად ფორმირების პროცესში მყოფი ტვირთების გადაზიდვის ტრანსკონტინენტალურ მარშრუტებში რუსეთის გაფართოებული ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის განვითარება. აღსანიშნავია, რომ პირველადი მნიშვნელობის ამოცანად განსაზღვრულია ავღანეთთან დაკავშირებული საფრთხეების ნეიტრალიზაცია (ტერორიზმი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, უკანონო მიგრაცია და ა.შ.), ისევე, როგორც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის არდაშვება. ამ მხრივ პრიორიტეტულადაა მიჩნეული ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების მექანიზმებისა და მშვიდობისმყოფელი მისიების განხორციელების პოტენციალის გაძლიერება, წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კოორდინირება.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცალსახა პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განვითარება, მათი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება”. საქართველოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად კი ჩვენს საკუთარ ქვეყანაში მის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის” მისი გადასახედიდან გაანალიზებასა და მასთან შეგუებას გვირჩევს. და მხოლოდ ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მზაობიდან გამომდინარე, მასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას შესაძლებლად მიიჩნევს.

საკუთარი გავლენის სფეროს ჩამოყალიბებისა და გაძლიერების სტრატეგიული ინტერესის ფონზე, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პარალელურ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა. კონცეფცია ზოგად მოწოდებასაც კი შეიცავს, რომ დსთ-ის წევრი ქვეყნების მიმართ სხვა საერთაშორისო სუბიექტებთან ურთიერთობების განვითარებისას გაითვალისწინონ რუსეთის მონაწილეობით ჩამოყალიბებული რეგიონული ინტეგრაციული სტრუქტურების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების სრულფასოვანი შესრულების აუცილებლობა. ისევე, როგორც არსებული ინტეგრაციული პროცესების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საინტერესოა, რომ კონცეფცია ცალკე გამოჰყოფს უკრაინის, როგორც დსთ-ის ფარგლებში პრიორიტეტული პარტნიორის, გაღრმავებულ რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვას.

NATO-ს გაფართოება რუსეთის მხრიდან ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის კვლავაც საფრთხედ აღიქმება. გასაკვირია, რომ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისთვის არსებული თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ, NATO-ს გაფართოებას კი ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალთა ბალანსის დარღვევად მიიჩნევს.

ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა გაცილებით უფრო თანამედროვე და პრაგმატულია. ევროპულ კავშირთან ურთიერთობების განვითარებას რუსეთი სტრატეგიულ ჭრილში აფასებს და სურს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება – ევროკავშირი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო/ეკონომიკურ პარტნიორადაა დასახელებული. მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. კონცეფცია არ გამორიცხავს ევროკავშირთან პერსპექტივაში საერთო ბაზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც.

2008 წლის კონცეფციისაგან განსხვავებით, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის მიღმა, ცალკე პრიორიტეტადაა გამოყოფილი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განვითარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანები, 2008 წლის კონცეფციისაგან განსხვავებით, გაცილებით არაამბიციური და ერთგვარად კონფრონტაციულიც კია. წინა კონცეფცია პირდაპირ მიუთითებდა, რომ საჭირო იყო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში განვითარება. 2013 წლის დოკუმენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით მხოლოდ გრძელვადიან პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ისიც უფრო იმ თვალსაზრისით, თუ რა არ უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ინტერესების საზიანოდ, ვიდრე რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ურთიერთობების პოზიტიურად განვითარების კუთხით.

საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გრძელვადიანი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანასწორუფლებიანი სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა. ცივი ომის ეპოქის სულისკვეთებითა და ტერმინოლოგიითაა განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი პრიორიტეტი – პრაგმატულობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპების გათვალისწინებით, განსხვავებული პოზიციების არა დაახლოების, არამედ მართვის კულტურის გამომუშავება, რათა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო სტაბილური და წინასწარ განსაზღვრადი გახდეს.

კონცეფცია ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესებისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ნიშანდობლივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალკეა გამოყოფილი მოწოდება, რომ საერთაშორისო არენაზე მოქმედებისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ქარტიის სრული დაცვით უნდა იმოქმედოს, მათ შორის – არ უნდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კონცეფციის მიხედვით, რუსეთი აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს, რათა შეეწინააღმდეგოს ამერიკის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული იურიდიული პირების მიმართ ექსტრატერიტორიული სანქციების გამოყენებას. ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის ცალსახა ამოცანადაა განსაზღვრული შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება.

დასასრულ, ეგრედ წოდებული რბილი ძალისადმი (soft power) კონცეფციაში გამოკვეთილ ინტერესზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც ჩანს, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარი ინტერესების დაცვას კლასიკური დიპლომატიის მიღმა, სამოქალაქო საზოგადოების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული, კულტურული სახის აქტივობების მეტი ინტენსივობით გამოყენებით შეეცდება. ბოლო პერიოდში ნათლად შეინიშნება, რომ მოუქნელი პროპაგანდის ნაცვლად, რუსეთი ცდილობს უფრო თანამედროვე და მრავალპროფილური აქტივობების მეშვეობით გამოიყენოს რბილის ძალის პოტენციალი. მიუხედვად ამისა, აშკარაა, რომ რბილი ძალის კონცეპტუალური ხედვა ცივი ომის დროინდელი მსოფლმხედველობისგან არაა განთავისუფლებული.

რუსეთი დასავლეთს კვლავ მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების საფარქვეშ ცალკეულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების მიზნით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა.

კომენტარები