NATO

გია ხუხაშვილი: ახალი გამოკითხვის ჩატარება NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელია

რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გამოცემა ”საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი გამოკითხვის ჩატარება NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელია. ”ხშირად ხდებოდა ყოფილი სოციოლოგიური კვლევების მანიპულირება წინა ხელისუფლების დროს. გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არა მგონია, რომ მისი დამკვეთი ხელისუფლება უნდა იყოს. თუ ვინმეს აინტერესებს ამ გამოკითხვის ჩატარება, ძნელი არაა და შეუძლია დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი”, - აცხადებს ხუხაშვილი.

ის ასევე აცხადებს, რომ გამოკითხვებში, რომლებიც ამ თემაზე ჩატარებულა, კითხვაზე: გსურთ თუ არა NATO-ში გაწევრიანება? - პასუხი ძირითადად დადებითი იყო და ამ მხრივ ქართველი მოსახლეობის პოზიცია გასაგებია. ”გამომდინარე იქიდან, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს რუსეთთან, ადამიანები, ბუნებრივია, ფიქრობდნენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომ თავდაცის გარკვეული საშუალება არსებობდეს და ასეთ საშუალებად განიხილება NATO. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას მხარი 77%-მა - 1,355,328 ადამიანმა დაუჭირა. ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები კი ადასტურებს, რომ მხარდაჭერა 70%-იან ნიშნულზე მაღლაა. NDI-ის უკანასკნელი, მარტის გამოკითხვის მიხედვით კი, NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის მხოლოდ 8% ეწინააღმდეგება.

კომენტარები