ვენესუელა

ჩავიზმი ჩავესის შემდეგ

ქვეყნის მასშტაბით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე კანდიდატი ირწმუნებოდა, რომ მას აწ გარდაცვლილი უგო ჩავესი ჩიტის სახით გამოეცხადა და გამარჯვება უწინასწარმეტყველა. მეტი დამაჯერებლობისთვის, იგი გამაყრუებელ სტვენას იწყებდა. ბოლოს, აქაოდა „თავი ქუდში მაქვსო", საფრთხობელასავით ჩიტიც დაისკუპა თავზე.

შედეგმა არ დააყოვნა... 14 აპრილს, ოდესღაც ავტობუსის მძღოლი, მოგვიანებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ ბოლოს კი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას მადურო ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული გახდა.

უგო ჩავესის პროტეჟემ საპრეზიდენტო მარათონში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი მცირედი უპირატესობით, 2%-ზე ნაკლები, სულ რაღაც 260 ათასი ხმით დაამარცხა. ქვეყნის საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ვენესუელის 7.56 მილიონი ამომრჩეველი (50.75%) ნიკოლას მადუროს მიემხრო, 7.30 მილიონი (48.98%) კი – ენრიკე კაპრილესს.

ოპოზიციის კანდიდატი ენრიკე კაპრილესი
ფოტო: Reuters
დამარცხებული კანდიდატის, 40 წლის ენრიკე კაპრილესის მხარდამჭერები ქუჩებში არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გამოვიდნენ. ოპოზიცია, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ მათმა ლიდერმა 300 ათასი ხმით მოუგო ჩავესის მემკვიდრეს და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საპროტესტო აქციები მადუროს რეჟიმმა ძალის გამოყენებით ჩაახშო: 7 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა, 200-მდე აქტივისტი დააპატიმრეს. უფრო მასშტაბური ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ენრიკე კაპრილესმა არჩევნების აუდიტი მოითხოვა. საარჩევნო საბჭო აუდიტს დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ეს პროცესი არჩევნების შედეგებს არ შეცვლის.

კენჭისყრის შედეგებით ჩავისტების ნაწილიც იმედგაცრუებულია. ისინი თვლიან, რომ მადურომ ბოლივარული რევოლუციის გმირის, უგო ჩავესის, მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალი, მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც 40 დღეში გაფლანგა.

ექსცენტრული ჩავესი სიმსივნეს ვერ გაუმკლავდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 5 მარტს გარდაიცვალა. მის მიერ ხელდასმულ მემკვიდრეს ჩავესის მომხრეები „იოლ გამარჯვებას" უქადდნენ. ჯერ იყო და, კონსტიტუციის გვერდის ავლით, ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის ნაცვლად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ჩავესის ავადმყოფობის დროს სწორედ ვიცეპრეზიდენტი მადურო დანიშნეს. შემდეგ, მთელი სახელმწიფო აპარატი მის სასარგებლოდ აამოქმედეს: საარჩევნო ადმინისტრაცია და სახელმწიფო მედია უპირობოდ მადუროს მიემხრო. თუმცა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ვენესუელის 14.8-მილიონიანი ამომრჩეველთა ბაზა უკიდურესად პოლარიზებულია და რეჟიმს ლეგიტიმაცია აკლია.

უნდა ითქვას, რომ ჩავესის 13-წლიანმა მმართველობამ მის მომხრეებსაც თავისტკივილი დაუტოვა. ნავთობრესურსებით მდიდარი ვენესუელის ეკონომიკა ფაქტობრივად განადგურებულია, ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია, ინფლაცია 30 პროცენტიან ნიშნულს აღწევს. ფასების კონტროლმა, ფერმების ექსპროპრიაციამ და ბიზნესისთვის არახელსაყრელმა პოლიტიკამ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი შექმნა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გამოცემა Economist-ი ამგვარად აღწერს: „კარაკასში შაქრის ან საკვები ზეთის გამოჩენა ისეთ სიხარულს იწვევს, რომლის ნახვაც ადამიანს მხოლოდ კუბაში თუ შეუძლია". ეკონომიკურ სტაგნაციას კრიმინალის და კორუფციის მაღალი დონეც თან ერთვის. კარაკასში ხუმრობენ კიდეც, რომ შესაძლოა, უფრო უსაფრთხოდ ბაღდადშიც კი ეცხოვრათ.

ჩავესი ახერხებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი სხვებს – მტრულად განწყობილ კაპიტალისტებს – დაბრალებოდა. მადურო ცდილობს, რევოლუციის ბელადს მიბაძოს, მაგრამ მის რიტორიკას ჩავესის ფონზე მისი მომხრეების ნაწილიც კი „კარიკატურულს" უწოდებს.

მადუროს მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ
ფოტო: Reuters
ამ ფონზე, არსებობს საფრთხე, რომ ჩავისტები ორ ჯგუფად გაიყვნენ, მით უფრო, რომ გარკვეული დაჯგუფებები ვენესუელის შიდაპოლიტიკურ ავანსცენაზე უკვე დიდი ხანია არსებობს: ერთი ვენესუელაზე გამავალი ნარკოტრაფიკის ქსელის მაკონტროლებელი ეროვნული გვარდიითაა დაკომპლექტებული, მეორე კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის მქონე ნავთობრესურსებით ზურგგამაგრებული ბიზნესელიტაა. ამ ორი კლანის გამაერთიანებელ რგოლს ბოლივარული რევოლუციის ლიდერი წარმოადგენდა. პრეზიდენტ მადუროს კი არ აქვს თანაბარი ავტორიტეტი და გავლენა ნაციონალისტურად განწყობილ სამხედრო წრეებსა და ოლიგარქებზე. ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, კორუმპირებული ბიზნესელიტა ყოფილი ლიდერის ხელდასმულს უმალ მიემხრო. თუმცა, სამხედრო მაღალჩინოსნები უფრო მეტად კონსოლიდირებულები არიან ჩავესის არმიის მეგობრის, ყოფილი ჯარისკაცისა და ამჟამად ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის დიოსდადო კაბელოს ირგვლივ. 2002 წელს, 48-საათიანი გადატრიალების დროს, ხელისუფლების დაბრუნებაში ჩავესს სწორედ კაბელო დაეხმარა. მეტიც, ჩავისტების ეს ფრთა ვარაუდობდა, რომ აწ გარდაცვლილი ლიდერი კაბელოზე გააკეთებდა ფსონს, თუმცა ამ მხრივაც იმედები გაუცრუვდათ.

ნაციონალისტურად განწყობილ სამხედრო მაღალჩინოსნებს ძმები კასტროების მიერ მადუროსთვის გამოცხადებული გადამეტებული მხარდაჭერაც არ მოსწონთ. კუბა ჩავესის თანამდებობაზე შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მათთვის „სასარგებლო" ლიდერის არჩევას შეუწყო ხელი. ეს გასაკვირი არც არის, ვენესუელა კასტროების რეჟიმს დღეში 100,000 ბარელ ნავთობს აწვდის. ეს სუბსიდია კუბის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის უდრის. გარდა ამისა, ვენესუელა ყოველწლიურად ათობით ათას კუბელ ექიმსა და პედაგოგს ასაქმებს, რომლებიც კუბის ეკონომიკაში დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარის შედინებას ახდენენ. ასეთი „დახმარების" გარეშე კუბის კომუნისტური რეჟიმი უკვე დიდი ხნის წინ გახდებოდა იძულებული, საბაზრო რეფორმები გაეტარებინა.

ჩავესის მემკვიდრეობას მადურო საერთაშორისო არენაზე, სავარაუდოდ, უფრო უკეთ გაუმკლავდება. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სწორედ მადურო ასრულებდა ჩავესის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ვენესუელის ნავთობისგან მიღებული სიმდიდრის საშუალებით ჩავესის რეჟიმმა შეძლო შეენარჩუნებინა ბლოკი, რომელშიც შედის ბოლივია, ეკვადორი, ნიკარაგუა და, შედარებით ნაკლებად, არგენტინა. ამ ქვეყნების ლიდერებმა ჩავესის მაგალითზე შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება: შიდაპოლიტიკურ სივრცეში ოპონენტებს ძალადობით გაუსწორდნენ და მოკავშირედ ირანი აირჩიეს. ამისთვის ისინი მნიშვნელოვან კომპენსაციასაც იღებდნენ ჩავესისგან. მაგალითად, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა პირადად იღებდა და განკარგავდა წელიწადში 500 მილიონ დოლარს – ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს უტოლდება.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია კარაკასში
ფოტო: Reuters
თუ ვენესუელაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება არ გაღრმავდა, პრეზიდენტი მადურო, დიდი ალბათობით, ჩავესის კიდევ ერთი საგარეო ვექტორის წარმატებით გაგრძელებას მოახერხებს. მასაც, წინამორბედის მსგავსად, საერთაშორისო საზოგადოება დისტანცირებული ეყოლება. ვენესუელის მხრიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შიშით, მთელი რიგი ქვეყნები ვენესუელაში დემოკრატიის პრობლემებზე ისევ ვერ შეძლებენ ხმამაღლა საუბარს. ასე მაგალითად, პეტროკარიბის რეგიონისთვის (კარიბის ზღვის აუზის ნავთობგაერთიანების ქვეყნები, რომლებიც ნავთობს შეღავათიან ფასებში იძენენ), ვენესუელის საგარეო დახმარება აშშ-ის საგარეო დახმარებას 10-ჯერ აღემატება.

თუმცა, ვენესუელის პროდემოკრატიული ძალებისთვის საერთაშორისო არენაზე საიმედო ძვრებიც შეიმჩნევა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილმა დარღვევებმა, ენრიკე კაპრილესის მომხრეების გარდა, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილიც შეაშფოთა. ამერიკული ქვეყნების ორგანიზაციამ (OAS), ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არჩევნების სრული აუდიტი მოითხოვეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ, თუკი საარჩევნო პროცესში სერიოზული დარღვევების არსებობა დადასტურდა, ამერიკა ეჭვქვეშ დააყენებს ახალი მთავრობის ქმედითუნარიანობას.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს. წლების განმავლობაში, შეერთებული შტატების მხრიდან ჩავესის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების გამოყენება ავტოკრატ მმართველს მხოლოდ აძლიერებდა და მის ირგვლივ ჩავისტების კონსოლიდაციას უწყობდა ხელს. ვენესუელაში პროდემოკრატიული გაძლიერების გააქტიურების ფონზე კი, ანალიტიკოსების ნაწილი თეთრი სახლის ადმინისტრაციას ურჩევს, აშშ-მა თავი არა ეკონომიკურ ინტერვენციონისტად, არამედ დემოკრატიული გზით ცვლილებების მხარდამჭერად წარმოაჩინოს. ამ საქმეში, სასურველია, აშშ-მა დასავლეთ ნახევარსფეროს დემოკრატიებიც აიყოლიოს, რათა პოსტჩავესის ვენესუელამ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ნარკოტრაფიკიორებთან და ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობა შეწყვიტოს და დემოკრატიული პარტნიორების გვერდით საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. თუმცა აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ბევრი ვარაუდობს, რომ ნიკოლას მადურო ვენესუელის პოლიტიკაში მხოლოდ გარდამავალი ფიგურაა და ძალაუფლებას დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს.

კომენტარები