კინო

პოლიტიკური ფილმები ანუ როგორ შეგვიყვარდა ბომბი

2013 წლის ოსკარის ტრიუმფატორი „არგო" გახდა – პოლიტიკურ-ისტორიული ფილმი, რომელმაც ყველა შესაძლო ამერიკულ ჯილდო მოიგო, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ქეთრინ ბიგელოუს ნამუშევარმა „Hurt Locker". პოლიტიკური ფილმები ამერიკის კინოაკადემიისთვის ისევ აქტუალური გახდა. აქ წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო პოლიტიკურ ფილმს, რომელიც დროისა და ეპოქის მიუხედავად, აქტუალობას არ კარგავს.

10 არჩევნები

ალექსანდრ პეინი პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში, როცა „არჩევნები" გადაიღო. ეს ერთი შეხედვით თინეიჯერული კომედიაა სკოლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც სამი კანდიდატი ყველაფრის ფასად ცდილობს გამარჯვებას. თუმცა ნამუშევარი უფრო სატირაა, ვიდრე კომედია, რომელიც იმ დროის ამერიკის პოლიტიკას ეხმაურება. თამაშის წესები, ინტრიგა, გამოსვლები – ყველაფერი ალეგორიულად თეთრი სახლის პოლიტიკას უკავშირდება. ჯერ კიდევ 1999 წელს ალექსანდრ პეინმა აჩვენა ჰოლივუდს, რომ მისი სახით დაიბადა საინტერესო რეჟისორი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ყოველდღიური ამერიკული ყოფის ჩვენება.

9 ფროსტი/ნიქსონი

მანჯურიელი კანდიდატი
უოთერგეითის სკანდალი ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში ალბათ ყველაზე გახმაურებულია. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რა არალეგალური ხერხებით ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას რიჩარდ ნიქსონი. მისი გუნდი უარს არ ამბობდა მოსმენებზე, დაშინებებზე, შავი ფულის გამოყენებაზე. რონ ჰოვარდის ფილმი კი პოსტუოთერგეითის ამბავს გვიყვება. რეალურ ისტორიას, რომელიც რიჩარდ ნიქსონისა და ჟურნალისტ დევიდ ფროსტის გარშემო განვითარდა. ეს არის გრძელი ინტერვიუების სერია, რომელიც კარგად გვიჩვენებს ძლევამოსილი ადამიანის დაცემას.
ფრენკ ლანჯელასა და მაიკლ შინის მშვენიერი პერფორმანსების წყალობით ფროსტ/ნიქსონი ერთ-ერთი საუკეთესო „პოლიტიკური" ნამუშევარია.

8 დიდი დიქტატორი

ამ ფილმზე სალაპარაკო არც ისე ბევრია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩარლი ჩაპლინი თავისი იუმორით დაუპირისპირდა ნაციზმს და ის, რომ ეს პირველი ფილმი იყო მისი მონაწილეობით, რომელიც მთლიანად ხმოვანია. ნამუშევარი გერმანიის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში აკრძალული იყო, ჰიტლერი განარისხა ჩაპლინის „უტაქტობამ", რომელიც მსოფლიო კინოს კლასიკად იქცა.

7 ყულფში

ბრიტანული შავი იუმორით გადაღებული პოლიტიკური სატირა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. პერსონაჟები XXI საუკუნის დასაწყისის დიდი ბრიტანეთის მთავარი პოლიტიკური ფიგურების ირიბ იმიტაციას ძალიან სასაცილოდ ახერხებენ. „ყულფში" არის ფილმი საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის საიმონ ფოსტერის ნაივურობასა და წინდაუხედაობაზე, იმაზე, თუ როგორ ცვლის ერთი ადამიანის ფრაზა მთელი ქვეყნის პოლიტიკას, იმაზე, თუ როგორ მივიდა დიდი ბრიტანეთი ერაყის ომამდე. რა თქმა უნდა, ეს ალტერნატიული, მაგრამ სასაცილო ისტორიაა, სადაც, ალბათ, დიდი სიმართლის მარცვალი დევს.

პრეზიდენტის ყველა კაცი
6 ტელევიზია

ეს ფილმი წინასწარმეტყველებაა. სიდნი ლუმეტმა 1976 წელს ზუსტად დახატა ტელევიზიის მომავალი, მისი სახე, როგორიც ის დღესაა – „ფერადი ყუთი", რომელსაც კონკრეტული ადამიანები პროპაგანდისთვის იყენებენ. მედია მაღალი რეიტინგისთვის ყველაფერს აკეთებს და ნებისმიერ ნაგავს პრაიმ ტაიმს დაუთმობს. ლუმეტმა ამ ფილმისთვის ოსკარი ვერ მოიგო, სილვესტერ სტალონეს „როკისთან" დამარცხდა.
სიუჟეტიდან გამომდინარე, ეს ლოგიკურიც იყო, „ტელევიზიის" ცინიზმი რეალურ სამყაროშიც გაცოცხლდა და ლუმეტს დასცინა.

5 მანჯურიელი კანდიდატი

„მანჯურიელი კანდიდატი", ისევე როგორც ამ სიაში მყოფი ფილმების უმეტესობა, სატირაა. შეფარული დაცინვა მემარცხენეობაზე, მემარჯვენეობაზე, კომუნისტებზე, ამერიკელებზე. იმაზე, როგორი ბრმაა მასა და როგორ მზადაა ერთ სიტყვაზე აჰყვეს ლიდერს, კონკრეტულ ტიპს. ჯონ ფრანკენჰეიმერის ფილმი ტვინის გამორეცხვის მანქანაზეა, რომელსაც მთავრობა ჰქვია. „მანჯურიელი კანდიდატები" დღემდე ძალიან ბევრნი არიან ჩვენ გარშემო და დროის სვლამ ისინი მხოლოდ მოამრავლა.

დიდი დიქტატორი
4 მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიდის

ჯეიმს სტიუარტი და ფრენკ კაპრა ერთად. ეს უკვე ნიშნავს კარგ ფილმს, მაგრამ როცა საუბარია ნამუშევარზე „მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიდის", აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კაპრასთვის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი, სტიუარტისთვის კი დიდებული კარიერის დასაწყისია. მისტერ სმიტი სიტყვის თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის, ღირებულებებისთვის მებრძოლია, რომელსაც არც დიდი სახელების და არც პოლიტიკოსების არ ეშინია. ის მზადაა მთელ ვაშინგტონს შეეჭიდოს, თუ ამით სიმართლეს გაამარჯვებინებს.

3 პრეზიდენტის ყველა კაცი

ფროსტი/ნიქსონი თუ პოსტუოთერგეიტის ამბავზეა, ალან პაკულას ფილმი სწორედ იმ ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, რომლებმაც ეს ამბავი გამოააშკარავეს. ნამუშევარი ბობ ვუდვარდსა და კარლ ბერნშტეინზე მოგვითხრობს, ორ ჟურნალისტზე, რომლებიც სიმართლეს გამოავლენენ, მაგრამ დიდი კედლის წინაშე აღმოჩნდებიან, რომლის იქით გასვლა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ფილმი და ალან პაკულას შედევრი, რომლის მხოლოდ ფინალი ღირს თანამედროვე ანალოგიური ჟანრის ნამუშევრების მთელ ქრონომეტრაჟად – ეპიზოდი, როცა რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაციის ფონზე, დასტინ ჰოფმანისა და რობერტ რედფორდის პერსონაჟები წამით არ წყვეტენ საბეჭდ მანქანასთან მუშაობას.

აპოკალიფსი დღეს
2 აპოკალიფსი დღეს

ეს არის ფილმი ომის საშინელებაზე. პროპაგანდისტული პაციფისტური ნამუშევარი, რომელიც იარაღს, ძალადობას, სისხლს არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს. ნარკვევი იმაზე, თუ როგორ კარგავს ინდივიდი ადამიანობას და იქცევა ცხოველად. როგორ ყოველგვარ იდეას და პრინციპებს მოკლებული იყო ვიეტნამის ომი.

არსებობს ხალხი, ვინც ფილმში ნაჩვენებ ძალადობას, ჯარისკაცების უმწეობასა და დაუსრულებელ აპოკალიფსს, ომის პროპაგანდად მიიჩნევს. მათი აზრით, კოპოლამ ამით ვიეტნამის ომი უკვდავყო. აქ არის სიმართლის მარცვალი, რადგან „აპოკალიფსი დღეს" უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ომის თემატიკაზე, სადაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვიეტნამის ომზე რას ფიქრობთ ან რომელი იდეოლოგიის მხარეს იხრებით, მნიშვნელოვანია ის, რომ კოპოლამ მხატვრული შედევრი გადაიღო, რომლის შექმნის ისტორიაც ერთ ომს უდრის.

1 დოქტორი სთრეინჯლავი

ალბათ სტენლი კუბრიკის საუკეთესო ფილმი. დიახ, „კოსმოსური ოდისეისა" და „მექანიკური ფორთოხლის" რეჟისორს უკეთესი ნამუშევარიც აქვს. სურათი, სადაც ის ცივ ომს, ბირთვულ საფრთხეს თავისი სასტიკი შავი იუმორით დასცინის, ფარსსა და სატირას შორის ზღვარზე დადის და პიტერ სელერსის დახმარებით სუპერპერსონაჟებს ქმნის. ეს ის იშვიათი ფილმია, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროსა და გამოწვევებს გაუძლო და დღემდე ძალიან აქტუალურია. დღეს, როცა მსოფლიო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეისა და ირანი-ისრაელის ომის საშიშროების წინაშე დგას, უნდა გვახსოვდეს დოქტორი სტრეინჯლავის ფრაზა: „Gentlemen, you can't fight in here. This is the War Room!".

კომენტარები