პრეზიდენტობის კანდიდატი ომის შესახებ

მარგველაშვილი: სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ გაამძაფრა

ტაბულა

პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "პოზიციაში" რუსულ აგრესიაზეც დაუვეს კითხვა, წამყვანმა მას ციტატა შეახსენა ძველი განცხადებიდან, სადაც მარგველაშვილი ამბობს: "საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მე რუსეთს წავართმევ ტერიტორიებს ძალითო".

ამასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა განაცხადა: "ვინ დაიწყო ომი... იმ ციტატაში, რაზეც თქვენ მიუთითებთ, მე ვამბობდი, რომ როდესაც გადაიდგა სამხედრო მიმართულებით ნაბიჯი, ეს იყო აბსოლუტურად კატასტროფული გადაწყვეტილება. თავის დაცვა სხვა არის და როდესაც ამ პროცესში შენ წინაშე დგას ბირთვული სახელმწიფო და როდესაც შენ გგონია, რომ მათ სამხედრო კომპონენტით დაჯაბნი - შეტევის კონტექსტში, რომ დაჯაბნი სამხედრო კომპონენტით, ეს არის კატასტროფული გადაწყვეტილება. მე არ ვარ სამხედრო ანალიტიკოსი, მაგრამ ბევრი მომისმენია იმის თაობაზე, რომ თავდაცვითი ქმედებები განსახორციელებელი იყო ბევრად უფრო სხვა მიმართულებებით, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, საქართველო იყო თავის ტერიტორიაზე, შესაბამისად, რუსეთი იყო გადმოსული, კი, საერთაშორისო კონტექსტში თავს ვიცავდით. ოპერაცია, როგორც სამხედრო, იყო შეტევითი, როგორც პოლიტიკური კი - არა. როდესაც ერთი სამხედრო ზის სანგარში და მეორე სამხედრო მოდის ამ სამხედროზე, ეს არის შეტევის განხორციელება და როდესაც ამას ახორციელებ იმ სამხედროს მიმართ, ბუნებრივია, რომ აქ შენ ბევრად მეტი ძალა უნდა გქონდეს, ვიდრე საქართველოს ჰქონდა. შეუძლებელია, რომ საქართველოს ეწარმოებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავსულვართ. ომი აპრიორი გულისხმობს იმას, რომ მე გადმოვდივარ თქვენს ტერიტორიაზე, ანუ, ომი შეუძლებელია, თუ არ არსებობს ორი დაფიქსირებული ტერიტორია - თქვენი ტერიტორია და ჩემი ტერიტორია. ეს ხდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, ბუნებრივია. სამხედრო მოქმედებებში იყო ის, რაც აღწერა ტალიავინმა. სამხედრო მოქმედებების გამძაფრება განხორციელდა ქართული მხარის მიერ. ბუნებრივია, ომი წარმოებდა საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ნათელია, მაგრამ ეს არ არის პასუხი იმაზე, ვინ იყო დამნაშავე, აქ ნათლად ჩანს, რომ როდესაც შენ ამ ხალხს მიმართავ თავდასხმით ქმედებაში, შენი ძალა უნდა აღემატებოდეს მისას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა იმ "ფიასკოზეც" ისაუბრა, რომელიც წინა ხელისუფლებამ საომარი ოპერაციების შედეგად მიიღო და ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს "ელემენტარული უტიფრობა" უწოდა:

"ძაან საინტერესოა, იყვნენ ხელისუფლებაში, ამ მიზეზით, იმ მიზეზით, ვერ მოემზადნენ, ვერ განახორციელეს კონკრეტული პოლიტიკა, ვერ განახორციელეს კონკრეტული ოპერაცია - რა მნიშვნელობა აქვს, დაიწყო საომარი კონფლიქტი, წააგეს, იყო კრახი და ამის მერე მათი პოლიტიკური ქმედებები. როდესაც ხარ ხელისუფლებაში, როცა რაღაცას გააკეთებ, როცა პასუხისმგებლობა გაქვს, როცა უფლება გაქვს გასცე ბრძანებები, ამის შედეგად გაქვს სრული ფიასკო. ამ ფიასკოს შემდეგ ამბობ, რომ თურმე ეს ფიასკო იმიტომ გააკეთე, რომ ევროპელებს აჩვენო, რუსები ვინ არიან. მოხდა ფიასკო, რუსეთმა ბუნებრივია მოიგო ამ სამხედრო ოპერაციაში... და რა იწყება, იწყება ის კი არა რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, იწყება "ვინ დაიწყო ომი, ვინ არის დამნაშავე!" და ა.შ. ეს არის ელემენტარული უტიფრობა, იმიტომ რომ როცა შენ რაღაცას წააგებ, იმის მაგიერ რომ სხვებს თითები უქნიო, უნდა შენს თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ როგორც მინიმუმ მითხარით რაში ვიყავი დამნაშავე. ამის მაგიერ, ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებს, ჩამოიარეს ესე ყველა და აბა, ვინ არა ხართ აღტაცებული იმით, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა განვახორციელეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელ facebook-ში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა:

"ვინც ვერ გაიგო: ბეზ პიწი მინუტ მთავარსარდალი ამბობს რომ რუსეთის ჯარები კი გადმოვიდნენ ჩვენს საზღვარზე ომის დაწყებამდე, მაგრამ დამნაშავე მაინც საქართველოა. ამით ის კიდევ ერთხელ ადასტურებს რაც ისედაც ცნობილია: ქართული ოცნების ლიდერები სრულიად ვერ ერკვევიან ისეთ ცნებებში, როგორიცაა სახელმწიფო, სუვერენიტეტი, სახელმწიფო საზღვარი, სახელმწიფო ინტერესი და ბოლოს - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. პოსტსაარჩევნო ეიფორიით ტკბობით ამ დღესავით ნათელი ფაქტის "შეფუთვა" მათ სულ უფრო გაუჭირდებათ", - აღნიშნავს კანდელაკი.

 

 

 

კომენტარები