კორუფციის კვლევა

გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის შედეგები

საქართველოს მოსახლეობის 4% ადასტურებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია. 2010 წელს ამ კითხვას დადებითად გამოკითხულთა 3%-მა უპასუხა. ასეთი შედეგი აჩვენა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალმა კვლევამ - გლობალური კორუფციის ბარომეტრი.

რესპონდენტების პასუხებიდან ირკვევა, რომ ქრთამის გადახდის შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო შემდეგ სფეროებში: მიწის რეგისტრაცია, პოლიცია და ჯანდაცვა.

შეკითხვაზე - რომელ ინსტიტუტს მიიჩნევთ ყველაზე კორუმპირებულად - რესპონდენტების 51%-მა სასამართლო დაასახელა. სასამართლოს, გამოკითხულთა 42%-ის აზრით, მოსდევს მედია. ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებს შორის მოხვდა პარლამენტი - გამოკითხულთა 34%-ით.

ნაკლებად კორუმპირებულ ინსტიტუტებად დასახელდა რელიგიური ორგანიზაციები, ჯარი და არასამთავრობო ორგანიზაციები: გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ ეკლესია არ არის ან ნაკლებად კორუმპირებულია; 73% იმავეს ამბობს ჯარზე, ხოლო 71% - არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტებისთვის პრობლემას წარმოადგენს ნეპოტიზმი საჯარო სექტორში. კითხვაზე - რამდენად საჭიროა პირადი კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, გამოკითხულთა 38%-მა უპასუხა, რომ ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია, ხოლო 15%-ს მიაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 28%-ის აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას პირადი კონტაქტები მნიშვნელოვანი არ არის.

საერთაშორისო გამჭვირვალობის დაკვეთით, საქართველოში გამოკითხვა ჩაატარა გამოკითხვებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა - IPM-მა. კვლევა 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა და პირისპირ გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 მოქალაქე.

2013 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელსაც ბერლინში მდებარე საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნო ახორციელებს, 107 ქვეყანაში 114,270 ადამიანის შეხედულებებსა და გამოცდილებებს ასახავს. 

კომენტარები