ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება

რატომ აკრიტიკებს დასავლეთი ყოფილი მინისტრების დაპატიმრებას

რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი წყენის გამო. უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელების გამო.

ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების პროცესში კი ბრალდებული თანამდებობის პირები თავისუფლებაში რჩებიან. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს პროკურატურამ ნება დართო დროებით დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია, რაც პროკურატურის პრაქტიკაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსი – 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ განმარტა, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც მას წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნებდა.

ამ ფონზე, უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფება ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი; ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ყოფილ პრემიერმინისტრსა და მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს.

ამავდროულად, არჩევნებიდან და ხელისუფლების გადაბარებიდან 8 თვის შემდეგ, „სამართლიანობის აღდგენის" ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული ასზე მეტი პირის მიმართ. ზემოაღნიშნული პირების გარდა, ბრალდებულები არიან იუსტიციის 2 ყოფილი მინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეები, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქალაქ თბილისის მერი, გაერთიანებული შტაბის უფროსი და ათეულობით სხვა საშუალო და მაღალი თანამდებობის პირი.

The Mayor of Montreal Michael Applebaum
ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არსებული ბრალდებები მრავალფეროვანია და უმეტეს შემთხვევაში მძიმე. სასამართლოს მიერ ბრალის დადასტურების შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
თუმცა, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში ბრალის დამტკიცების შემდეგ პირისთვის პატიმრობის მისჯა არსებითად განსხვავდება გამოძიების პროცესში წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან. საქართველოს კანონმდებლობით, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით, წინასწარი პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც შეიძლება მიიმალოს, გაანადგუროს მტკიცებულებები ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე; ასევე იმ პირის მიმართ, ვინც შესაძლოა გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა.

გამოძიების პროცესში პირი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი შეზღუდვების გამოყენება ამ პრეზუმფციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებებით გამყარებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც სასამართლოს პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნებს. სხვა შემთხვევაში, პატიმრობის გამოყენება უკანონო და გაუმართლებელია. ბუნებრივია, წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხი პირის ბრალეულობისგან დამოუკიდებელია.

მოქმედი ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის საქმეებში სასამართლო, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ დარწმუნდა პატიმრობის აუცილებლობაში და ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენებითაც მიღწეული იქნებოდა საპროცესო მიზნები.

განსხვავებული არგუმენტები და გადაწყვეტილებები იქნა მიღებული წინა მთავრობის მინისტრების მიმართ. ყოფილი პრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დაკავებამდე რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე; მისთვის ცნობილი იყო მიმდინარე გამოძიების და შესაძლო ბრალდების შესახებ. თუმცა, მას არ უცდია არც მიმალვა, არც მტკიცებულებების განადგურება და არც მოწმეებზე ზემოქმედება. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრემიერმინისტრი პატიმრობაშია და პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს.

ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ბრალის დადასტურებამდე მთავარი ოპოზიციური ძალის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის პატიმრობაში დატოვება შეშფოთების საფუძველს იძლევა.

ასევე, აშკარად არ არსებობდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, იგი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ის მიმალვის გადაუდებელი საფრთხის მოტივით დააკავეს და თითქმის ყველა წაყენებულ ბრალდებაზე პატიმრობა ცალ-ცალკე შეუფარდეს.

იმ ფონზე, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამოძიების პროცესში პატიმრობაში არ არიან, ხოლო წინა ხელისუფლების მინისტრებს საფუძველმოკლებული არგუმენტების გამოყენებით რამდენიმეთვიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხელისუფლებას მოუწევს ამტკიცოს, რომ ადგილი არ აქვს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლებრივი პროცედურების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.

The former President of France Nicolas Sarkozy
პოლიტიკური შეხედულებები და აქტივობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტი ვერ იქნება. არც საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები და ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. თუმცა საქართველოში დღეს არსებული ვითარება განსხვავებულია ტრადიციულ დემოკრატიებში არსებული პრაქტიკისგან.

მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიმართ ერთი წელია გამოძიება მიმდინარეობს კორუფციული დანაშაულების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე. მრავალთვიანი გამოძიება შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში სარკოზი თავისუფლებაშია და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდის მიმართ 2011 წლიდან მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება, მის მიერ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობის დროს ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევების ფაქტებზე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ლაგარდი, რომელიც არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად, ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის პოსტს და აგრძელებს საქმიანობას. მისი წინამორბედი დომინიკ სტროს-კანი, რომელიც სექსუალური იძულების ბრალდებით დააკავეს ნიუ იორკში, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს გამოძიების პროცესში.

ამერიკელი პოლიტიკოსი და ილინოისის შტატის გუბერნატორი როდ ბლაგოევიჩი სასამართლოს მიერ გასულ წელს კორუფციული დანაშაულისათვის იქნა მსჯავრდებული და 14-წლიან პატიმრობას იხდის. მის მიმართ არსებული მძიმე ბრალდებების მიუხედავად, რომელთა ნაწილი დადასტურდა სასამართლოში, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაკავებული ბლაგოევიჩი გირაოს და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობის სანაცვლოდ სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ კორუფციული სკანდალის გამო დააკავეს მონრეალის მერი მაიკლ აპლბაუმი და მისი ოცამდე თანამშრომელი. აპლბაუმს ბრალი კორუფციის 14 ეპიზოდში ედება. დაკავების შემდეგ მან 10 საათი დაჰყო პოლიციაში ჩვენების მისაცემად, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში თავისუფლებაში დარჩება. ილინოისის გუბერნატორის მსგავსად, მან შეიძლება რამდენიმე წელი ციხეში გაატაროს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება და საქმის განხილვა დასრულდება და თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს.

ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დაკავებამ და პატიმრობამ დასავლეთთან ურთიერთობებში კონკრეტული სირთულეები შეუქმნა უკრაინას. ევროკავშირი დღემდე არ აწერს ხელს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელზედაც მოლაპარაკებები დიდი ხანია დასრულებულია და ტექსტი შეთანხმებულია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ცალსახად მიუთითა სისხლის სამართლებრივი პროცედურების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასა და პოლიტიკურ მოტივაციაზე ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეებზე. ევროსასამართლოს ჯერ არც კი უმსჯელია ამ ადამიანების ბრალეულობის შესახებ; სასამართლომ პოლიტიკური მოტივაცია დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხის განხილვის დროს დაადგინა. შესაბამისად, ხელისუფლება ფრთხილად უნდა მიუდგეს პოლიტიკოსების მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს, მიუხედავად მათი ბრალეულობისა.

The Managing Director of the IMF Christine Lagarde
ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები და საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე კარგა ხანია მიგვანიშნებენ, რომ ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული ან ასეთად აღქმული სამართლებრივი პროცედურა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი, სადაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივმა დევნამ და პატიმრობამ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შანსი აქვს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2013 წლის ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება.
ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ, ევროპის სახალხო პარტიამ, უკვე გააკეთა მინიშნება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებამ, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს ვილნიუსის სამიტისას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე (წყარო: ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია საქართველოს თაობაზე, 2013 წლის 13 მარტი).

საქმე ისაა, რომ ევროპის სახალხო პარტია მხოლოდ ერთ-ერთია და არა ერთადერთი, ვინც გამაფრთხილებელ სიგნალებს აგზავნის. რამდენიმე კვირის წინ საქართველოში მყოფმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ NATO-სთან ურთიერთობების შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, მათ შორის, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე, საქართველომ უნდა უპასუხოს იმ წუხილებს, რაც NATO-ს გააჩნია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით (წყარო: ტაბულა, აპარტურაი: მაპის განხილვამდე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის შესახებ უნდა ვისაუბროთ).

არანაკლებ საყურადღებო იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის შესწორებაში გამოთქმული პოზიცია: „ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე".

რასაც არ უნდა დავაბრალოთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების, ასევე ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების სკეპტიციზმი, მისი უგულებელყოფა დაუშვებელია.

ხელისუფლებამ ქმედებით და არა მარტო განცხადებებით უნდა დაამტკიცოს, რომ მისთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და შერჩევითი მართლმსაჯულება.

კომენტარები