პოლონეთი-საქართველო

კაჩინსკი: ტიმოშენკო ციხეში მერაბიშვილზე უკეთეს პირობებში იმყოფება

twojewiadomosci.com.pl

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ექსპრემიერ იაროსლავ კაჩინსკის აზრით,

საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია. ამის შესახებ კაჩინსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპატიმროში საქართველოს ყოფილი პრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ ვნახოთ, რა პროცესები მიდის თქვენს ქვეყანაში. გვაშფოთებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. მოვინახულეთ მერაბიშვილი, მაგრამ პირობებმა შეგვაშფოთა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მეგობრებს. ჩემი ძმა ლეხ კაჩინსკი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საკითხებში. უკრაინასთან საქართველოს შედარება არ შეიძლება, რადგან ტიმოშენკო ციხეში უკეთეს პირობებში იმყოფება", - განაცხადა კაჩინსკიმ.

პოლონეთის დელეგაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.

მანამდე იაროსლავ კაჩინსკი დელეგაციის წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი როგორც საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო.

"განვიხილეთ, თუ რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ პარტნიორების მხარდაჭერით, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია არ არის. გარდა ამისა, ჩვენი სტუმრების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ გრძელდება შერჩევითი სამართლის გამოყენება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროკავშირის გზაზე", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, "საუბარი იყო იმ მცდარ გზაზე, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ადგას. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის დაბრუნება დემოკრატიულ რელსებზე".

კომენტარები