განცხადება

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ გასცემს ქალიშვილობის დამადასტურებელ ცნობებს

facebook.com

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქალიშვილობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მომართვის საფუძველზე ატარებს 450-ზე მეტი ტიპის სხვადასხვა საექსპერტო კვლევას და შესაბამის კვალიფიციურ დასკვნას გასცემს. ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას.

საგამოძიებო ორგანოები სქესობრივი დანაშაულის ან/და რაიმე სხვა სახის ძალადობის დადგენის, ასევე, გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით, სარგებლობენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურებით. სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო ფემინისტური მოძრაობის მიერ, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნას სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს "ქალიშვილობის" შესახებ. აღნიშნული სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის სფეროს. რაც შეეხება ე.წ "ქალიშვილობის" დადგენას, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვალიფიციურ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში", – ნათქვამია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 ივლისს, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა აქცია გამართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. ისინი რამდენიმე დღის წინ ექსპერტიზის ბიუროს სარეკლამო სიუჟეტს აპროტესტებდნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბიუროში ქალებს შეუძლიათ აიღონ ქალიშვილობის მოწმობა.

 

კომენტარები