შემოსავლების სამსახურის განცხადება

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ოფიცრებზე გამოვლენილ ძალადობას გმობს

შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო სამართლებრივ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ სამსახურის წარმომადგენელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში მეწარმეთა მხრიდან ძალადობის 5 ფაქტი დაფიქსირდა.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, კონფლიქტი მეწარმეებსა და საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრებს შორის, სალარო აპარატის ჩეკის ამოურტყმელობის გამო ჯარიმის გამოწერას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ არცერთი დაჯარიმებული მეწარმისათვის ეს სამართალდარღვევის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

”2013 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ჩეკის ამოურტყმელობისათვის, წლების მანძილზე არსებული 500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, შეღავათიანი საჯარიმო განაკვეთი ამოქმედდა. ახალი განაკვეთით მეწარმეს სამართალდარღვევის პირველ ფაქტზე ეძლევა მხოლოდ გაფრთხილება, მეორე და შემდგომი დარღვევის ფაქტზე მას 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება. სამწუხაროდ, ზოგიერთი მეწარმის მიერ შეღავათიანი საჯარიმო განაკვეთი არ იქნა სათანადოდ დაფასებული, შემოსავლების სამსახურს საზოგადოების წინაშე აქვს ვალდებულება, არ დაუშვას კანონის დაკისრებული უფლების დარღვევა“, – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

მოისწრაფიშვილის თქმით, ჩეკის ამოურტყმელობაზე კონტროლი კვლავაც გაგრძელდება, ყველა კანონდარღვევა კი გამოვლენილი და შესაბამისი კანონით დასჯილი იქნება.

 

კომენტარები