კასპის რაიონი

კასპის გამგებელმა ოლეგ იაძემ თანამდებობა დატოვა

ოლეგ იაძე
http://worldsport.ge/

კასპის გამგებელმა ოლეგ იაძემ თანამდებობა დატოვა. ის ცოტა ხნის წინ კასპის საკრებულოს დეპუტატების უშიშროების თანამშრომლების მიერ დაბარებაზე საუბრობდა. ოლეგ იაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება, "მთავრობაში მის საახლობლო წრეში" ურჩიეს.

"თანამდებობის დატოვებას ნამდვილად ვაპირებ. მე ველოდები ღირსეულ შემცვლელს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ყველამ მირჩია, სულ საახლობლო წრეა მთავრობაში. ვინაიდან ამ 9 თვის განმავლობაში არ ისვენებდა 40–50 ადამიანი, მირჩიეს, რომ ეგენი არ მოგასვენებენ და გამოერიდეო. მე სპორტის მუშაკი კაცი ვარ და დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებას ვერ ვიტან. პოლიტიკოსი კი, მოგეხსენებათ, უნდა იტანდეს რაღაც-რაღაცებს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. მე ახლა ველოდები, რომ ამ სკამზე არ მოხვდეს ისეთი პიროვნება ვინც ამ ხნის განმავლობაში უღირსად მებრძოდა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დავწერ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ მაღალი დონის კადრი დაინიშნება. მე უკვე ვურჩიე ასეთი მაღალი დონის კადრის კანდიდატურა და, სავარაუდოდ, ეს პიროვნება იქნება... მის სახელს და გვარს ვერ გეტყვით", - განაცხადა იაძემ.

ცოტა ხნის წინ ქართულმა საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი 19-20 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში დაიბარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ გოგიაშვილის არჩევაზე პოზიციების დაფიქსირება მოსთხოვეს.

ფაქტი სააგენტოს ვიდეოინტერვიუში დაუდასტურა გამგებელმა იაძემ, რომლის თქმით, უშიშროების სამსახურში დეპუტატების დაბარების ფაქტს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოახსენებს:

"რა დანაშაულიც ჩაიდინეს 2-3 დღის წინ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაზე დეტალურად და ფაქტებით ბიძინა ივანიშვილს მოვახსენებ. ვითვალისწინებ იმას, რომ საჯარო მოხელე ვარ, შეხვედრის დეტალების საჯაროდ გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ერთი რამ ვიცი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გერმისაშვილი, რომელიც კასპში ცხოვრობს, ისე ვეღარ აკონტროლებს თვითმმართველობას, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ახორციელებდა. ეს არის დამნაშავე პიროვნება და ის უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება სუს-ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) რეგიონულ ხელმძღვანელს, ის ამ ფაქტს გადაჰყვება", - აცხადებდა ოლეგ იაძე.

 

კომენტარები