„ცნობილი მარკეტინგული სიბრძნეა, არა შეიქმნა შენივე თავის პროდიუსერიო. იმიტომ, რომ თქვენ უნდა იფიქროთ მუსიკაზე, პოეზიაზე, რითმაზე, რიტმზე, მუღამზე, სულზე, გულზე, ჯიგარზე... და პროდიუსერმა უნდა იფიქროს დაგეგმვაზე, ფინანსებზე, შემოსავალ-გასავლის კორელაციაზე, იმიჯზე, ქათერინგზე, ერთ კვადრატულ მეტრზე სტუმრების რაოდენობაზე", – ამ სიტყვებით გაეცნო უკვე წარმატების და პოპულარობის აღმართზე შემდგარ გამოუვალ მდგომარეობას ჯგუფის მომავალი მენეჯერი, „ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში.
სერიალის სიუჟეტისგან განსხვავებით, სადაც უბრალოდ მეგობრები იკრიბებიან და დაკვრას იწყებენ, ხოლო შემდეგ გამოჩნდება ვინმე ამ ჯგუფით დაინტერესებული პირი და ერთგვარ პატრონობას შესთავაზებს (როგორც ხდება ხოლმე), რეალურ ცხოვრებაში ჯერ იყვნენ პროდიუსერები და მერე გაჩნდნენ საჭირო მუსიკოსები, და არა პირიქით. გამოუვალი მდგომარეობა კარგად დაგეგმილი პროექტია, რომელზეც ბევრი ადამიანი მუშაობს. ჯგუფის მფარველები და მენეჯერები რეჟისორი გიორგი ლიფონავა, პროდიუსერები მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი არიან. ყველაზე აქტიურად ჯგუფის საქმიანობაში გიორგი ლიფონავაა ჩართული და საკუთარ თავსაც ბენდის სრულფასოვან წევრად მიიჩნევს:
მე მქონდა ადრე მცდელობა, ვყოფილიყავი ჯგუფის ფრონტმენი, ამის სურვილი მქონდა ყოველთვის. გამოუვალ მდგომარეობასთან ერთად მუშაობისას იმ იდეების რეალიზებას ვახდენ, რომლებიც მაშინ მომდიოდა, როცა მუსიკის კეთება მინდოდა და მქონდა გადაწყვეტილი. ის ძველი ემოციები იღვიძებს.
გამოუვალი მდგომარეობა არის ყველაზე საინტერესო მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ გიბიძგებს დაიწყო ფიქრი და გამოსავლის ძიება. ქეთი დევდარიანი
ძველი ემოციები ყველასთან იღვიძებს, ვისაც ამ ჯგუფის ერთი სიმღერა მაინც აქვს მოსმენილი. აუტსაიდერის „სიყვარული ძნელია", სახის „როგორ მინდა მოგეფერო", ალექსანდრე ბასილაიას „მერე", ჩიხლაძეების „კართან მოდგა შემოდგომა", ვაჟა აზარაშვილის „დინამო", გენეტიკური კოდის „Artificial Love"... – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გამოუვალმა მდგომარეობამ გადააკეთა, ახალი ჟღერადობა მისცა, ზოგს ტექსტი შეუცვალა, ზოგს მუსიკალური ფრაზა მოაკლო, ზოგს დაუმატა... შეიძლება ითქვას, რომ შედეგიც სახეზეა და ჯგუფი ძალიან პოპულარულია. მის ალბომს და სოლოკონცერტს აქტიურად ითხოვენ, გამოუვალი მდგომარეობა უყვარს ყველანაირი ასაკის, სქესის და ინტერესის მქონე ადამიანს. უფროს თაობაში ჯგუფი ძველ სიმღერებს და მასთან ასოცირებულ მოგონებებს აცოცხლებს, უმცროსებს ახალი, თანამედროვე ჟღერადობა მოსწონთ, ერთი სიტყვით, ეს ჯგუფი ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, იპოვოს საკუთარი ემოცია მათი მუსიკის სმენისას.
ჯგუფის ყველა წევრი, ხურცილავას, ანუ ვანიკო თარხნიშვილის გარდა, მუსიკოსია. თოკა, გაბუნია და ეშტონა, უკვე წლებია, ზოგჯერ ერთად და ზოგჯერ ცალ-ცალკე, აქტიურად მოღვაწეობენ ქართულ ალტერნატიულ სცენაზე. თუმცა ყველა მათგანი აღიარებს, რომ ასეთი წარმატებული და პოპულარული პროექტი ჯერ არ ჰქონიათ. დანარჩენებისგან განსხვავებით, ვანიკო ისე აღმოჩნდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის ფრონტმენი, რომ მუსიკასთან შეხება არასდროს ჰქონია.
ერთი შეხედვით, ეს სასაცილო და კურიოზული ამბავი ჩემთვის სერიოზული და დიდი გამოწვევაა. გიტარაზე დაკვრას მასწავლიან ბიჭები, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, და ბევრი შრომა სჭირდება. ხალხისგანაც ვგრძნობ, რომ პერსონაჟსა და რეალურ ადამიანს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია, ის უყვართ, ვინც იქ ხარ, მუსიკაც უყვართ, თან ობიექტურად კარგი სიმღერებია და, შესაბამისად, გამოუვალი მდგომარეობა არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა. (ვანიკო)
ყველაფერი დაიწყო ლექსებით, რადგან ხურცილავამ თავისი ლექსებით მაყურებელში რაღაც დოზის პოპულარობა მოიპოვა, მერე მარტივად მივხვდით, რომ აქ იყო რესურსი მთლიანად პროექტის შემოქმედებითი სისავსისთვის. პერსონაჟი თვითონვე იყო გამოუვალ მდგომარეობაში, პრობლემები ჰქონდა სახლში, გარეთ, საკუთარ თავთან... თან პარალელურად არსებობდნენ მისი აზრით არასწორი ტიპები, რომლებიც იყვნენ წარმატების მაგალითები. ნორმალურად მოაზროვნე შემოქმედებით ადამიანს კი ეს პროტესტი უბიძგებს და ეხმარება, თვითონ დაიწყოს რაღაცის კეთება. (ირაკლი საღინაძე)
ისევე, როგორც მთლიანად პროექტი, ჯგუფის სახელიც არ არის შემთხვევით შერჩეული.
გამოუვალი მდგომარეობა არის ყველაზე საინტერესო მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ გიბიძგებს დაიწყო ფიქრი და გამოსავლის ძიება. სერიალის მეორე სეზონში ვწერდი ჯგუფისთვის სახელის შერჩევის ეპიზოდს. ბენდის წევრები თვითონ ფიქრობენ ბევრ სასაცილო ვარიანტზე და ბოლოს მიდიან იქამდე, რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გამოუვალ მდგომარებაში არიან და გადაწყვეტენ, რომ ასეც დაარქვან. თავისთავად ეს იყო უკვე გამოსავალი, როგორც სახელი. საბოლოო ჯამში კი, არცერთი მდგომარეობა, სიკვდილის გარდა, არ არის გამოუვალი. (ქეთი დევდარიანი)
ნიშა, რომელიც გამოუვალ მდგომარეობას ახლა უჭირავს, ერთი შეხედვით, არაფრით განსაკუთრებული და გამორჩეული არ არის. მთელ მსოფლიოში უამრავი მუსიკოსი აკეთებდა და აკეთებს ძველი სიმღერების ქავერებს და რიმეიქებს, „თუმცა არა ამ დოზით", – ამბობს გაბუნია, და ამაში ნამდვილად მართალია. გამოუვალ მდგომარეობას ერთი ალბომისთვის საკმარისი სიმღერები უკვე დაუგროვდა, რომ დავფიქრდეთ, ასეთი პროდუქტიული მეორე ბენდის პოვნა საქართველოში ალბათ ძალიან გაგვიჭირდება.
არადა, გაცილებით გამარტივდა მუსიკის კეთება დღევანდელ მსოფლიოში. კარგ არტისტს სახლში შეუძლია იჯდეს, კარგ საუნდს მიმართულება მისცეს, ოდნავ ტვინიც დაატანოს... ინტერნეტის მეშვეობით კი ძალიან ადვილია, რომ კარგმა მუსიკამ იპოვოს თავისი გზა. (გაბუნია)
ირღვევა სტერეოტიპი, რომ ის, რაც ადრე კეთდებოდა, ყველაფერი არის გოიმობა და ძველმანი, და ნაფტალინის სუნი ასდის. იმ ნაფტალინს და მტვერს აშორებ და იღებ ახალ პროდუქტს. ამის პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს. (ქეთი დევდარიანი)
ჯგუფის წევრებისთვის სამუშაო პროცესი საკმაოდ ფორსმაჟორულია. სიმღერები სერიალისთვის იქმნება და, შესაბამისად, მისსავე ტემპს მიჰყვება. პირველ ეტაპზე ყველა ერთად არჩევს გადასაკეთებელ სიმღერას, რომელიც სერიაში ემოციურადაც და შინაარსობრივადაც უნდა ჩაჯდეს. მერე შერჩეულ სიმღერას ყველანი დიდხანს და ბევრჯერ უსმენენ და ელოდებიან რაღაც კონკრეტულ მუსიკალურ ფრაზას, ან გადასვლას, ან ემოციას, რომელსაც „ჩაავლებენ" და დაამუშავებენ.
ყველა სიმღერა თვითონ გეუბნება, გამოვა მისგან რამე თუ არ გამოვა, საით და როგორ წავა. ყოფილა შემთხვევა, ვუსმენთ, ვუსმენთ, მთელი დღე და ღამე დაგვიკარგავს და სიმღერამ ვერაფერი მოგვცა. თუმცა ესეც თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესია. (თოკა)
გამოუვალი მდგომარეობის სიმღერები მაინც უფრო რიმეიქებია და არა ქავერები, ხშირ შემთხვევაში, ბევრ რამეს ვუცვლით, მაგალითად, ზოგი ძველი სიმღერის ტექსტი რეალობის ადეკვატური აღარ არის, ან ზედმეტად პათეტიკურია, ან გაუგებარი. (ირაკლი საღინაძე)
მე პირადად, მიყვარს ეს ჯგუფი. ჟღერადობასა და სტილში ძველის და ახლის გაერთიანებით რაღაც ნიშა უკვე გვიჭირავს. ამდენი პოპი, პანკი და ელექტრონიკა ერთად არ მინახავს. აქამდე რა ჯგუფებშიც დამიკრავს, ჩემი სურვილიც ყოველთვის ეს იყო, მეტი თანამედროვე და ელექტრონული საუნდი. გამოუვალი მდგომარეობა კი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე, განვითარებადი პროექტია, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. მინდა, უბრალოდ ხალხმა იცოდეს, რომ თანამედროვე მუსიკა არსებობს და, მაგალითად, როკი 70-იან ან 90-იან წლებში არ დამთავრებულა. (ეშტონა)
[gallery]
გამოუვალი მდგომარეობა, სერიალისგან განცალკევებული პროდუქტის სახით, ჯერჯერობით არსად გამოჩენილა, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით, ჯგუფი არსებობს და აქვს საკუთარი მესიჯები, მიზნები, ის სათქმელი, რისი მიტანაც ამ პროექტის ავტორებს ხალხამდე სურთ.
ერთი მთავარი მიზანი არის იმ სტერეოტიპის ნგრევა, რომ აი, ქართული ბანძია, იაპონური არ ვარგა და ა.შ. მიშა მშვილდაძეს აქვს ერთხელ ნათქვამი, რომ ცუდი მელოდია არ არსებობს. ყველაფრისგან შეიძლება რაღაც გამოვიდეს, მთავარია როგორ გააკეთებ. ჯგუფის კონცეფციაც ეგ არის, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს გადაულახავი სიძნელეები. ეს სხვა მუსიკოსებისთვისაც არის მესიჯი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოინდომებენ და საჭირო შრომას ჩადებენ. (გიორგი ლიფონავა)
მთავარი სათქმელი არის, ყველა სიმღერაში თავისუფლებაზე რაღაც პასაჟი მაინც. იქნება ეს ფიზიკური, პიროვნული თუ ყველანაირი თავისუფლება. ეს ჩვენი ტიპებიც დახეულმაისურიანი, თავისუფალი ტიპები არიან. „ბაბულიკები", მაგალითად, ეგეთ სიმღერებს ვერ იმღერებენ. ანუ ეგ იმიჯიც კონცეფციის ნაწილია, როგორ გამოიყურები და რასაც მღერი, ოდა თავისუფლებას... ჩვენ გვინდა, რომ ხურცილავასნაირი ბიჭები მოსწონდეთ გოგოებს. (ქეთი დევდარიანი)
გამოუვალი მდგომარეობა ქართულენოვანი ბენდია. რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ბენდის პოპულარობისთვის ენა, რომელზეც მღერის? ეს თემა ქართულ ალტერნატიულ სამყაროში დიდი ხანია, რაც განსჯის საგანია. რთული მოსასმენია თუ არა ქართულენოვანი ალტერნატივა, უნდა მღეროდნენ თუ არა ქართველები საკუთარ ტკივილებზე ინგლისურად, უშლის თუ არა ხელს მუსიკოსს და მსმენელს ემოციური კავშირის დამყარებაში ენობრივი ბარიერი, რამდენად გკეტავს ქართული სიმღერა მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე...
მე მგონია, რომ არსებობდა ორი პრეცედენტი, ირაკლი ჩარკვიანი და რობი კუხიანიძე, რომლებმაც ქართულად გააჟღერეს ალტერნატიული და როკმუსიკა, პანკიც, როკენროლიც და, ზოგადად, თანამედროვე მუსიკა. და მესამე, მგონია, რომ არის გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც ელემენტარულ რაღაცას ადასტურებს, რომ ადამიანი თუ კარგად მოინდომებ და დაფიქრდები, ყველაფერი გამოვა. კი, პრობლემატურია ქართული ენა ამ მუსიკასთან მიმართებით, მაგრამ მთავარია სათქმელი გქონდეს. თუ სათქმელი მართლა გაქვს და სიტყვებს არ ეძებ უბრალოდ იმისათვის, რომ რაღაც მუსიკალური ეპიზოდი შეავსო, ეს სათქმელი ყოველთვის გაიჟღერებს, მთავარია გინდოდეს, რომ ეს გააჟღერო. (ირაკლი საღინაძე)
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგ, სადაც ხარ, იმ ენაზე რომ მღერი. იუთუბზე მილიონი ნახვა თუ დაგიგროვდა, ყველგან შეგამჩნევენ და ამიტომ, ლოკალურადაც ვერ ჩაიკეტები. კარგი მუსიკის შემთხვევაში ენობრივი ბარიერი არ არსებობს. არსებობს ეგეთი მიდგომა, რომ რაც უფრო ცოტა ხალხი მისმენს, მით უფრო მაგარი ვარ. მე ვთვლი, რომ ეს სისულელეა, თუ შენ ქმნი კარგ მუსიკას, ეგ ხდება ყველასთვის გასაგები. (გაბუნია)
მანდ აწყდები პრობლემას, არ არსებობს, რომ გტკიოდეს ან გიხაროდეს ინგლისურად. შესაბამისად, სიმღერას აკლია გულწრფელობა და სიმართლე და, მაგალითად, შეყვარებულს ინგლისურად რომ უმღერი, როგორ მიგატოვა, ესე იგი, კარგად არ გეტკინა. (ქეთი დევდარიანი)
მუსიკალური პროექტების სახით წარსული გამოცდილება ავტორებს უკვე აქვთ, იყო ჯგუფი 18, დერვიშები. თუმცა გამოუვალი მდგომარეობა ყველაზე წარმატებული და პოპულარულია.
დერვიშებსა და გამოუვალ მდგომარეობას შორის არის კონცეპტუალური სხვაობა, ის იყო აგრესიული მუსიკა, ძალიან გულწრფელი და მართალი, როგორც პროექტი, და მიმართული იყო ჩვენი ეროვნული მარაზმების აღმოჩენაზე და ალტერნატივების შეთავაზებაზე. გამოუვალი მდგომარეობის მესიჯი უბრალოდ არის, რომ სიყვარული სჯობია სიძულვილს, საერთოდ არ არის შიგნით ცინიზმი და ალბათ ამიტომაც მიიღო ხალხმა უფრო. (ქეთი დევდარიანი)
სათქმელი შეიძლება თქვა სხვადასხვანაირად, სათქმელის არსი არ შეგვიცვლია, შევცვალეთ მიდგომა. ის იყო, რომ მე ვარ თავისუფალი, ეს არის მოწოდება, რომ თავისუფლება კარგია. თავისუფლება არის ის, რომ მიიღო ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, და მათ უთხრა შენი სათქმელი. ეს ჯგუფი თუ ვინმეს აძლევს საშუალებას, რომ გამოხატოს ემოცია, თუნდაც იცინოს ამ ყველაფერზე, იტიროს, იხტუნოს, განიტვირთოს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის პოზიტიური მოვლენა. (ირაკლი საღინაძე)
ნებისმიერი ფორმით, რასაც ვაკეთებ, სადაც კი მიგვიწვდება ხელი, რომ აზრი დავაფიქსიროთ, ყოველთვის ვაკეთებ, რომ რაღაცნაირი სახით პროტესტი გამოვხატო. ყველაზე დიდი პროტესტი მიჩნდება გაუნათლებლობის და სიბნელის მიმართ. მაგალითად, დამოკიდებულება რელიგიური საკითხების მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ ზედაპირული მიდგომები, ხმამაღლა გაცხადებული პატივისცემა და სინამდვილეში ერთმანეთს პატივს არავინ არ სცემს... მაქვს ამბიცია, ხალხს ველაპარაკო ამ მუსიკით და, ალბათ, როცა საკუთარ, ორიგინალურ სიმღერებზე გადავალთ, უფრო მეტად მერე გამოჩნდება ეს მესიჯები, რისი თქმაც მინდა მსმენელისთვის. თან ესეც არის გამოწვევა, კი ვაკეთებთ თითქმის ახალ სიმღერებს ამ რიმეიქების სახით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ აბა, მოდი ჩვენიც ვნახოთ. (გაბუნია)
საკუთარი სიმღერები გამოუვალ მდგომარეობას თითქმის არ აქვს, ამის მიზეზი ალბათ ბევრია: ის მუხტი, რომელშიც უკვე წარმატებულები არიან, დროის სიმცირე, სერიალის ფორსმაჟორული ტემპი და ა.შ.. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ჩემი ცოლის დაქალები" დამთავრდება. გამოუვალი მდგომარეობაც შეწყვეტს არსებობას თუ არა? ეს კითხვა დიდი ხანია ისმის. სერიალიდან გამოსვლის პირველი მცდელობა ჯგუფისთვის, ლოგიკურად, სოლოკონცერტი იქნება, რომლის ჩასატარებლადაც სრული სერიოზულობით, დატვირთვით და შემადგენლობით ემზადებიან. ასევე განიხილება ალბომის გამოშვების საკითხიც.
ჰაერში არსებული ეს კითხვის ნიშანი უკვე არის კომერციული წარმატების ფუნდამენტი, რომელიც ამ ჯგუფს შეიძლება მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, ინტერესი საზოგადოებაში ამ ჯგუფისადმი, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტის მიმართ, არსებობს. პირველივე კონცერტი მარტივად განსაზღვრავს მის საბაზრო ღირებულებას. (ირაკლი საღინაძე)
კონცერტი რაღაც ეტაპის დასაწყისი მგონია, მაშინვე გახდება გასაგები, კიდევ უფრო მოეწონებათ, რასაც ვაკეთებთ თუ აღარ. მე მგონია, რომ ჩვენს პირველ კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მოვა. (ეშტონა)
ხურცილავა აუცილებლად უნდა გახდეს როკსტარი, წარმატებას წინ ვერაფერი დაუდგება. (გიორგი ლიფონავა)
პროდიუსერებიც ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი და ამ პროექტის რეალიზება და კიდევ უფრო რეალიზება კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს. მეოთხე სეზონის განმავლობაში ბენდი ტელევიზორის გარეთაც იმდენად აქტიური და აქტუალური იქნება, რომ მერე ალბათ ვეღარ გაჩერდება. (გაბუნია)
ასევე აუცილებელია, რომ ალბომი გამოვუშვათ, რელიზის გარეშე ალბათ წყალში იქნება ჩაყრილი მთელი ეს შრომა. (თოკა)
და მაინც, არსებობს თუ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა? ამ შეკითხვას ალბათ თავად ბენდი გასცემს პასუხს, პირველი სოლო კონცერტით.
მანამდე კი, მთავარია, ჯგუფის წევრებმა იფიქრონ მუსიკაზე, პოეზიაზე, რითმაზე, რიტმზე, მუღამზე, სულზე, გულზე, ჯიგარზე... ხოლო პროდიუსერებმა – დაგეგმვაზე, ფინანსებზე, შემოსავალ-გასავლის კორელაციაზე, იმიჯზე, ქათერინგზე, ერთ კვადრატულ მეტრზე სტუმრების რაოდენობაზე...