უკრაინა

უკრაინული გაკვეთილი

2010 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევას დაუყოვნებლივ მოჰყვა უკრაინულ-რუსული ურთიერთობების „ნორმალიზება": იმავე წლის აპრილში უკრაინამ 25 წლით (5-წლიანი დამატებითი ვადით გაგრძელების შესაძლებლობით) გააგრძელა სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნა.

უკრაინა-რუსეთის 1997 წლის ხელშეკრულებით, რუსეთს სევასტოპოლში ყოფნა 2017 წლამდე ჰქონდა გარანტირებული, მაგრამ კრემლი ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს დაჟინებით მოითხოვდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და ამ საკითხს უკრაინის პროდასავლურ მთავრობაზე ზეწოლის იარაღად იყენებდა.

2010 წლის 21 აპრილს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს – ვიქტორ იანუკოვიჩსა და დმიტრი მედვედევს შორის ხარკოვში (!) ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს უფლება მიეცა, 2017 წლის შემდეგ 25 წლის განმავლობაში, ანუ 2042 წლამდე, ისარგებლოს სევასტოპოლის ბაზით და, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 5 წლით ანუ 2047 წლამდე გაიხანგრძლივოს იქ ყოფნა.

რაც ასევე არსებითი იყო რუსეთისათვის, იანუკოვიჩის უკრაინამ ხელი აიღო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში – NATO-ში გაწევრიანებაზე, რასაც ესწრაფვოდა უკრაინა იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს. როგორც ირკვევა, 2008 წლის 4 აპრილის NATO-რუსეთის კომისიის სხდომაზე ბუქარესტში, ვლადიმირ პუტინმა არა მხოლოდ საქართველოს თაობაზე იბობოქრა, არამედ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაღვევის საფრთხეზეც გააკეთა სერიოზული მინიშნება.

სევასტოპოლის ბაზისა და NATO-ს ხაზის პარალელურად, რომლებიც აგრესიულად მიჰყავდათ პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ პუტინს, არსებობდა კიდევ ერთი ხაზი, რომელსაც პერიოდულად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აჟღერებდა: რომ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები უნდა გადაილახოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით. ეს ხაზი განსაკუთრებით გააქტიურდა 2009 წლის შემოდგომაზე, 2010 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რამაც გაზარდა უკრაინელი ამომრჩევლის მოლოდინი გამარჯვებული ვიქტორ იანუკოვიჩის სამომავლო პოლიტიკის მიმართ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში, კრემლმა „საჩუქრად" მიიღო ორივე საკითხი, რაც არსებითი იყო მისთვის: სევასტოპოლის ბაზა 2042 წლამდე და NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

ისმის კითხვა: რა მიიღო უკრაინამ სანაცვლოდ? 2010 წლის აპრილშივე, რუსეთის შავის ზღვის ფლოტის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერისას გაცხადდა, რომ ამიერიდან რუსეთი უკრაინას 1000 კუბურ მეტრ გაზს 100 აშშ დოლარად მიაწვდიდა. ეს იყო ერთადერთი, რაც უკრაინამ რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზებიდან" მიიღო.

უკრაინამ დათმო ყველა სტრატეგიულ ეროვნულ საკითხში და ამ დათმობების მე-3 წლისთავზე მიიღო იმაზე უარესი ეკონომიკური დარტყმა კრემლისგან, ვიდრე რუსულ გაზზე ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო იღებდა პროდასავლელი ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში.

2010 წლის მაისში კიევში მედვედევის ვიზიტისას გაჟღერდა, რომ იანუკოვიჩი დათანხმდა გაზპრომისა და უკრაინული ნეფტგაზის ნაწილობრივ შერწყმას (ეს კიდევ ერთი სადავო საკითხი იყო იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში), რამაც გაზის ფასის ვარდნით მიღებული ეკონომიკური ეფექტი დაასუსტა იმით, რომ რუსეთმა უკრაინაზე გავლენის მძლავრ ბერკეტს კიდევ უფრო მეტი ძალა შესძინა.

ამ პროცესებს თან ახლდა პუტინისა და მედვედევის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინულ-რუსული ურთიერთობები აღმავლობას განიცდის, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იმაში გამოიხატა, რომ მოსკოვმა კიევი (მინსკთან და ასტანასთან ერთად) საბაჟო კავშირში „დაპატიჟა".

ამან თავსატეხი გაუჩინა იმ უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ტექნოკრატებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანებაზე, მეორე მხრივ კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობდნენ. 2013 წლის თებერვალში, ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ვაჭრობის შესახებ) შესაძლოა მთლად თავსებადი არ იყოს რუსეთის ქოლგის ქვეშ შექმნილ საბაჟო კავშირში წევრობასთან.

იმის მიუხედავად, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე ხელი აიღო, უკრაინას არ შეუჩერებია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება. მოსკოვი ამას თავშეკავებით შეხვდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ დროებით.

2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტის წინ, როცა კიევმა და ბრიუსელმა ხელი უნდა მოაწერონ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას (პარაფირებულია 2012 წელს), კრემლმა უკრაინას სავაჭრო ომი გამოუცხადა და 2013 წლის 14 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინული ნაწარმის შეტანა აკრძალა.

ერთი თვით ადრე, 17 ივლისს, აზოვის ზღვაში (რომელიც უკრაინასა და რუსეთს არ გაუყვიათ, საერთო სარგებლობისაა და მომავალში ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის წყაროდ შეიძლება იქცეს), რუსეთის საზღვაო-სასაზღვრო პატრული დაეჯახა უკრაინულ თევზსაჭერ გემს და ცეცხლი გაუხსნა მეთევზეებს. 4 მეთევზე დაიღუპა, ერთი გადარჩენილი მეთევზე კი დღემდე რუსულ მხარეს ჰყავს წინასწარ პატიმრობაში (!).

ეს „ინციდენტი" ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანდა, მაგრამ სავაჭრო ომის გამოცხადებამ ცხადი გახადა, რომ კრემლისათვის მიუღებელია უკრაინის არა მხოლოდ NATO-სკენ, არამედ ევროკავშირისკენ სწრაფვაც.
ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსათვის, რადგან კოალიცია ქართული ოცნება იმავე ლოზუნგით აირჩა საქართველოში, რომლითაც ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში: როგორც ეს უკანასკნელი, ისე საქართველოს დღევანდელი მთავრობა აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზებას" შეძლებდა.

უკრაინულმა მაგალითმა აჩვენა, რომ უკრაინამ დათმო ყველა სტრატეგიულ ეროვნულ საკითხში და ამ დათმობების მე-3 წლისთავზე მიიღო იმაზე უარესი ეკონომიკური დარტყმა კრემლისგან, ვიდრე რუსულ გაზზე ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო იღებდა პროდასავლელი ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში.

„ამერიკული გადატვირთვის" შემდეგ რუსეთთან კრახი „უკრაინულმა გადატვირთვამაც" განიცადა. ამიტომ ფუნდამენტურად მცდარია და აბსოლუტური ილუზიაა, თითქოს საქართველოს მიერ ფუნდამენტურ საკითხებზე უარის თქმა – და ეს საკითხებია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 90-იან წლებსა და 2008 წელს ჩატარებულ ეთნიკურ წმენდაში რუსეთის დადანაშაულება, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მოთხოვნა, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება – მიგვიყვანს რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის შეცვლამდე.

ისეთი „გვერდითი ეფექტები", როგორიც საქართველოსათვის რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზების" გარკვეულ ასპექტებს აქვს – ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაშვება რუსულ ბაზარზე ანდა ფოლკლორული (და არამარტო) ანსამბლების გასტროლები რუსეთის ქალაქებში – ამერიკულ თუ უკრაინულ „გადატვირთვებსაც" ჰქონდა, მაგრამ, როგორც დღეს ირკვევა, ამას არანაირი ზეგავლენა პრინციპულ საკითხებზე არ მოუხდენია.

2013 წლის იანვარში, სტატიაში „სამი კაკალი კონკიასათვის" (შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე sapere8aude.wordpress.com), კომენტატორი ზურაბ ელიავა წერდა:

„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზეც კი! [სხვათა შორის, დღეს გავრცელებული აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, არასწორი მგონია – ზ.ე.]".

უკრაინის მაგალითმა, სამწუხაროდ, ამ სიტყვების ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დამატებითი დეტალი დასკვნისათვის

ბოლო დროს ქართულ ვებგამოცემებში „სასიხარულო" ამბავს წავაწყდი: საქართველოს ხელისუფლების სათავეში კოალიცია ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, რუსეთში იკლებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საქართველოს მტრად აღიქვამს და იმატებს მათი რიცხვი, ვინც საქართველოში კეთილ მეზობელს ხედავს.

ასევე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც: 2009 წლის ივნისში, ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევამდე, რუსეთის მოქალაქეების 34% იყო უკრაინისადმი დადებითად განწყობილი, ხოლო 56% – უარყოფითად. (ცნობისათვის: იმავე პერიოდში ბელარუსისადმი დადებითად რუსეთის მოქალაქეების 80% იყო განწყობილი). 2012 წლის თებერვალში, ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევიდან 2 წლის თავზე, ეს რიცხვები ასე გამოიყურება: 64% – დადებითი, 25% – უარყოფითი.

ამით იმის ჩვენება მსურს, რომ ყოფილი „უმცროსი ძმის" დამთმობი პოლიტიკა შესაძლოა მართლაც იწვევდეს ცვლილებებს რუსი ხალხის განწყობაში, მაგრამ „უფროსი ძმის" პოლიტიკაში ეს არაფერს ცვლის.

კომენტარები