ევრო 2013

ჩემპიონატი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ირაკლი მაღრაძე
0 კომენტარი

EURO 2013

ერთმნიშვნელოვანია – ევრო 2013 საუკეთესო ჩემპიონატი იყო მათ შორის, რაც ოდესმე ჩატარებულა. საუბარი, რა თქმა უნდა, ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატზეა, რომელიც 10-დან 28 ივლისამდე შვედეთში გაიმართა. ეს იყო ფეხბურთის ზეიმი, სანახაობა, რომელიც გულგრილს ამ თამაშის ვერცერთ ნამდვილ მოყვარულს ვერ დატოვებდა. საერთოდ, ქალთა და კაცთა ფეხბურთის პოპულარობის დონის შედარება შეუძლებელია და არც არის კარგი იდეა. ყველაზე ხშირი არგუმენტი, რაც გულშემატკივართა მხრიდან იმის ასახსნელად ისმის, თუ რატომ არ უყურებენ ქალთა ფეხბურთს, ის არის, რომ იქ ძალიან დაბალი დონეა. ეს თვალსაზრისი უკვე დოგმად ჩამოყალიბდა, რაც სამწუხაროა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო ყოველთვის არ ყოფილა.

მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ. მას შემდეგ, რაც UEFA-მ ქალებს შორის საფეხბურთო ტურნირების ორგანიზება დაიწყო, ცოტა დრო არ გასულა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მატჩების ცქერა ძალიან დამღლელი და ხშირად უინტერესო იყო, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ასე აღარ არის!

პირველად ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატი 1984 წელს გაიმართა. უფრო ზუსტად, მაშინ სხვა სახელი ერქვა – „UEFA-ს ევროპული შეჯიბრება ქალთა გუნდების წარმომადგენლებს შორის". 1991 წლიდან, ქალთა ფეხბურთის პოპულარობის ზრდასთან ერთად, შეჯიბრებას „UEFA-ს ქალთა ევროპის ჩემპიონატი" ან, როგორც მას დღეს ხშირად უწოდებენ, „ქალთა ევრო" დაერქვა. ევრო 2013 მართლა ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. მე თუ მკითხავთ, გასული ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2009 წელს ფინეთში გაიმართა, ასევე არ იყო ცუდი, თუმცა შვედებმა წელს სტადიონებზე ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

შვედეთი - გერმანია ფოტო: REUTERS
ჯერ მხოლოდ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდი იყო დამთავრებული, როდესაც ტურნირის დირექტორმა, გორან ჰავიკმა, სასიხარულო განცხადება გააკეთა – ძალიან სასიამოვნოა, რომ ევრო 2013-მა, უკვე ამ ეტაპზე, ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნაო. თურმე ჯერ სად იყო ბატონი ჰავიკი... 2009 წელს, ფინეთში გამართულ ტურნირზე, იმ დროისთვის რეკორდული რაოდენობა, მთლიანობაში – 129 000 ბილეთი გაიყიდა. წელს კი შვედეთში ახალი რეკორდი დამყარდა – ევრო 2013-ის მატჩებს 216,888 ადამიანი დაესწრო. ასევე უპრეცედენტო იყო დასწრება ფინალურ შეხვედრაზე – 41,301. 4 წლის წინ ფინეთში ერთ მატჩს საშუალოდ 5,396 ადამიანი ესწრებოდა, წელს კი მათი რიცხვი 8,676-მდე გაიზარდა. ასევე პირველად მოხდა მამაკაცთა შორის მატჩების დროს ასე მიღებული პრაქტიკის გამოყენება – ტურნირის ორგანიზატორებმა ფან ზონები შექმნეს, სადაც იმ გულშემატკივრებს, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, დიდ ეკრანზე შეეძლოთ მატჩების ყურება.

ახლა, რაც შეეხება ევრო 2013-ის უშუალოდ სათამაშო პერიპეტიებს. ტურნირის ფავორიტი, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, გერმანიის ნაკრები იყო. ამ ქვეყნის ქალთა გუნდი, კონტინენტის აბსოლუტური ლიდერია. გერმანელებმა აქამდე გამართული 10 ევროპის ჩემპიონატიდან 7-ის მოგება შეძლეს, ორი ნორვეგიამ მოიგო, ერთი კი ახლანდელი შეჯიბრების მასპინძელმა შვედეთმა. გერმანელებმა ტიტულის მოგება გასულ 5 ევროპირველობაზე ზედიზედ შეძლეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტი გერმანია იყო...

გერმანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ 34 წლის გამოცდილი მეკარის, ნადინ ანგერერის მეთაურობით. ის, ანიკე კრანი, ლენა ლოტცენი, ანია მიტაგი და კომპანია ყველა მატჩს ფავორიტის რანგში ხვდებოდა. რეალურად, ერთადერთი გუნდი, რომელიც 7-გზის მსოფლიო ჩემპიონებს შეაჩერებდა, მასპინძელი შვედეთი იყო. კი, აქვე იყო ნორვეგიის ძალიან სიმპათიური ნაკრები, ტრადიციულად ძლიერი დანიის გუნდი, რომელმაც ფრანგი გოგონები დიდი ჯაფის ხარჯზე დაამარცხა.

პირადად მე, ყველაზე მეტად, შვედეთის ნაკრები მომეწონა. რატომ? პასუხის მარტივია... ეს გუნდი ძალიან ლამაზ, ჩემი აზრით, ტურნირზე ყველაზე სასიამოვნოდ საყურებელ ფეხბურთს თამაშობდა. თავად განსაჯეთ – იმ დროს, როცა ჯგუფური ეტაპის დასრულებისას, გერმანელებს და დანიელებს 3 ბურთი ჰქონდათ გატანილი, ხოლო საკუთარ კარში თითო ბურთი მიღებული, შვედებმა 9 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 2 მიიღეს. უნდა ითქვას, რომ შვედებმა არა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე, არამედ ტურნირის დასრულებამდე შეინარჩუნეს ყველაზე შედეგიანი გუნდის სტატუსი. მათი ლიდერია კაპიტანი ლოტა შელინი. ფრანგული ლიონის ფორვარდს ნაკრებში ჩატარებულ 125 მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლიონის ფორმა 135-ჯერ მოირგო და 136-ჯერ გაიტანა. როგორი სტატისტიკაა? შელინი მსოფლიო ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი უნდა გახდეს და თუ მის საოცარ ნიჭთან ერთად, მიზანდასახულობას გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, ასეც მოხდეს.

შვედეთის ნაკრებში შელინის გარდა ბევრი კარგი მოთამაშეა – სარა თუნებრო, ლიზა დალკვისტი და, რა თქმა უნდა, ქალთა ფეხბურთის ზლატან იბრაჰიმოვიჩად წოდებული კოსოვარე ასლანი. ასლანის, იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, ბალკანური ფესვები აქვს, მასავით შვედეთის ნაკრებში თამაშობს, და კიდევ ერთი საერთო – ორივე ფეხბურთელი, ფრანგული PSG-ის ღირსებას იცავს. ეს შვედი გოგონა, რომელიც 24 წლის ევრო 2013-ის დასრულებიდან მეორე დღეს გახდა, ძალიან ტექნიკურია, ბურთს შესანიშნავად ფლობს, აქვს კარგი დარტყმა და, რაც ყველაზე გამოსარჩევია, პასებსაც მახვილგონივრულად არიგებს. ასლანიმ ჩემპიონატზე 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ამას ერთი გოლიც დაუმატა, თუმცა სტატისტიკაში ვერ აისახება ის უამრავი მომენტი, როდესაც შვედი იმდენად ტექნიკურად და ჭკვიანურად თამაშობდა, ნებისმიერ მამაკაც ფეხბურთელს შეშურდებოდა.

დანიასთან ფრედ (1-1) ნათამაშებ მატჩს თუ არ ჩავთვლით, მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს. სკანდინავიურ დაპირისპირებაში კი პატარა რამ არ მომხდარა – შვედების მთავარმა ვარსკვლავებმა – ასლანიმ და შელინმა, თითოჯერ დაარტყეს თერთმეტმეტრიანი, მაგრამ დანიელთა მეკარე პეტერსენმა ორივეს აჯობა. ამ დროს ვიფიქრე – პეტერსენმა ჩემპიონატზე უპრეცედენტო რამ მოახერხა, ერთ მატჩში ორი პენალტი რომ მოიგერია-მეთქი, მაგრამ თურმე სად ვიყავი...

შვედებისგან განსხვავებით, საკმაოდ არადამაჯერებლად იასპარეზეს B ჯგუფში გერმანელებმა. სილვია ნეიდის გუნდმა, ჰოლანდიასთან ფრედ (0-0) ითამაშა, ნორვეგიასთან დამარცხდა (0-1) და მხოლოდ ძალიან სუსტი ისლანდიის ნაკრების დამარცხება შეძლო (0-3). ფავორიტის ასეთი თამაშის ფონზე, შედარებით უკეთ გამოიყურებოდა ნორვეგიის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი სწორედ გერმანელთა ძლევით გაინაღდა. ნორვეგიელებს ჰყავთ ძალიან ტექნიკური კაროლინ ჰანსენი, რომლის არსენალშიც რამდენიმე საოცარი ფინტია და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სოლო რეიდების შესრულება. ამ ნახევარმცველის შემხედვარე, წარმოუდგენლად გეჩვენება, რომ ის მხოლოდ 18 წლის არის და თუ ნორვეგიელთა კიდევ ერთ 18 წლის ფორვარდს, ადა ჰარერბერგს გავიხსენებთ, ფაქტია – ნორვეგიის ნაკრებს შესანიშნავი თაობა ეზრდება.

C ჯგუფი, სადაც ინგლისის, რუსეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები გამოდიოდნენ, შედარებით სუსტი იყო. საფრანგეთი ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრის მოგება შეძლო. ლურჯების პირველი მსხვერპლი რუსეთის ნაკრები იყო (3-1), შემდეგ ესპანეთი (0-1) და ბოლოს ინგლისი (3-0). ვერც ინგლისელებმა და ვერც რუსებმა, ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ შეძლეს და, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ მაყურებლის რანგში შემორჩნენ.

ნორვეგია - გერმანია ფოტო: EUTERS

მეოთხედფინალში, ყველაზე დრამატული და საინტერესო მატჩი ფრანგებსა და დანიელებს შორის შედგა. სკანდინავიელებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. რასმუსენის გოლს, ნესიბმა 79-ეზე უპასუხა. ძირითადი დროც და დამატებითიც, 1:1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში დანიელები ფრანგებზე ზუსტები აღმოჩნდნენ და 4-2 გაიმარჯვეს. გერმანელებმა, შვედების მიერ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ იოლად დამარცხებული იტალიის გუნდი, მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. ლაუდერის მიერ 26-ე წუთზე გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბუნდესნაკრებს თავისი მერვე ევროტიტულისთვის გზა გაეგრძელებინა.

დანარჩენ ორ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ყველაფერი მარტივად მოხდა – ნორვეგიელები ესპანელებს მთელი თამაშის განმავლობაში 3 ბურთით მშვიდად ამარცხებდნენ და ერმოზოს მიერ დამატებით დროში გატანილი გოლი, მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა. მთლიანობაში, ესპანელთა თამაშზე შთამბეჭდავი, ვფიქრობ, შეხვედრამდე კალმარ არენას თავზე გადმოკიდებული ულამაზესი ცისარტყელა გამოდგა. აი, ამ ცისარტყელას შთამბეჭდაობის გადაფარვის შანსი მეოთხედფინალურ ეტაპზე ვინმეს თუ ჰქონდა, ეს უდავოდ შვედეთის ნაკრები იყო. მასპინძლებმა ისლანდიასთან მატჩი პირველი წამებიდან ჩვეულ, შემტევ სტილში დაიწყეს. მე-3 წუთზე ჰამარსტრომმა ყვითლების დაწინაურება შეძლო, ამას დაახლოებით 10 წუთში ორქვისტის გოლი მოჰყვა, ხოლო შელინმა მე-19 და 59-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც მასპინძლები 4:0-ს იგებდნენ, მათი შეტევის ხაზი კვლავაც ჩვეულად აქტიური იყო.

ნახევარფინალში ერთმანეთს გერმანიისა და შვედეთის ნაკრებები ხვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ერთ ბურთზე მეტი არ გასულა, ეს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესი მატჩი იყო. შვედებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ გაემარჯვათ, მაგრამ ეს დღე მათი ნამდვილად არ იყო. ახალგაზრდა ჯენიფერ მაროჟანმა, გერმანია 33-ე წუთზე დააწინაურა. 21 წლის ფეხბურთელის გოლი ზუსტად ისე იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც მთლიანობაში შვედეთის მარცხი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მეკარე ნადინ ანგერერმა და ბუნდესნაკრების მცველებმა, გოლის შემდეგ დიდი სამუშაო გასწიეს და იღბალთან ერთად, თავადაც შეიტანეს წვლილი იმაში, რომ შვედებს ვერ გაეტანათ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, გერმანელი ბარტუსიაკი დასახელდა და მრავლის მთქმელია, რომ ეს მოთამაშე, პოზიციით მცველია. გერმანელებმა სწორად ითამაშეს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ლიდერი სელია ოკოუინო და მბაბი აკლდათ. რამდენიმე რეალური შანსის შემდეგ, იყო ლოტა შელინის 100%-იანი გაფუჭებული მომენტი, რის შემდეგაც ყველა უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შვედების დღე არ იყო. გაიმარჯვა ღირსეულმა, თუმცა ტაბლოზე რომ მასპინძელთა სასარგებლოდ დაწერილიყო იგივე ანგარიში, არავის გაუკვირდებოდა და ვინ იცის, იქნებ უფრო ლოგიკურიც ყოფილიყო. შეხვედრის შემდეგ იყო უამრავი მოწყენილი სახე, შვედი გოგონები, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად გაიარეს ჯგუფური ეტაპი, მეოთხედფინალი, ემოციებს ვერ მალავდნენ. ასეც უნდა ყოფილიყო, მათ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა სურდათ.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ მატჩს, დანიელებმა აქაც მაგრად იბრძოლეს. ნორვეგიამ უკვე მე-3 წუთზე შეძლო დაწინაურება. მთლიანობაში, დანიელები თანაბრად ეთამაშებოდნენ მეტოქეს და 87-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანების სერიაში, ნორვეგიელებმა დანიელები იმავე ანგარიშით დაამარცხეს, რა ანგარიშითაც ამ უკანასკნელებმა ფრანგებს სძლიეს – 4:2.

ევრო 2013-ის ფინალურ მატჩზე, როგორც უკვე ვთქვი, ყველა დროის დასწრების რეკორდი მოიხსნა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევდა, გერმანია ფავორიტი იყო, ისევე როგორც ყოველთვის, ბოლო წლებში. შვედები იმედგაცრუებულები იყვნენ ნახევარფინალის შემდეგ, მაგრამ როგორც ნამდვილი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლებს შეეფერებათ, მრავლად მივიდნენ ფრენდს არენაზე. სხვათა შორის, ტურნირის ორგანიზატორებს საფინალო მატჩისთვის თავდაპირველად გამზადებული 30 000 გასაყიდი ბილეთისთვის კიდევ 20 000-ის დამატება მოუხდათ, რადგან გულშემატკივრებმა ბილეთები ძალიან მალე შეიძინეს.

რა შეიძლება ითქვას ფინალურ შეხვედრაზე? მთავარი აქ ეს ეპიზოდი იყო: შეხვედრის 29-ე წუთზე, ნორვეგიელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს და რიონინგმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა ვერ შეძლო – ანგერერმა ბურთის აღება მოახერხა. 49-ე წუთზე გერმანელებმა სკანდინავიელებს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარეს. ბუნდესნაკრების გათამაშებული კომბინაცია მართლაც შესანიშნავი იყო – მარცხენა ფლანგიდან მბაბის გადაცემის შემდეგ, 3 წუთით ადრე შემოსულმა მიტაგმა გოლით დააგვირგვინა.

ამის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, ნორვეგიელებმა მატჩში მეორედ მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება. ეს ხშირად არ ხდება... ხშირად არც ის ხდება, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთი გუნდის ფეხბურთელებს ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გააქვთ, მაგრამ ასეა თუ ისე, გულბრანდსენის უხეირო, შუაში დარტყმული, გერმანელთა პირველმა ნომერმა მოიგერია. ამ დროს მივხვდი – ჯგუფურ ეტაპზე შვედების და დანიელების მატჩში პეტერსენის მოგერიებული ორი პენალტი, ამასთან შედარებით, არაფერი იყო.

შეხვედრა ამ ანგარიშით დამთავრდა, გერმანიის ნაკრებმა მერვეჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. გაინტერესებთ, ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვინ გახდა? ხუმრობთ? 34 წლის ნადინ ანგერერმა თასის აწევა ნამდვილად დაიმსახურა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალში ორი პენალტი მოიგერია, არა – ამ ქალბატონმა, მთლიანად ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

თასი აიწია და მეთერთმეტე ევროპის ჩემპიონატიც დასრულდა. გერმანელები კვლავაც ბედნიერები არიან, უკვე მერვეჯერ და ზედიზედ მეექვსედ. დანიელებმა ტურნირზე იმდენი იბრძოლეს, კმაყოფილების განცდისთვის ალბათ ახლაც არ სცხელათ და მხოლოდ დასვენების შემდეგ დაიწყებენ ვარჯიშს თერთმეტმეტრიან დარტყმებში. როგორც ჩანს, ამ კომპონენტის დახვეწა, მათ მომავალშიც ძალიან გამოადგებათ. ნორვეგიელებს ისღა დარჩენიათ, ფინალში ქარს გატანილი ორი ასპროცენტიანი მომენტი დაივიწყონ და ისიც, რომ მომავალი ჩემპიონი გერმანია, ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავთ. შესანიშნავ ნადინ ანგერერსაც ხომ სწორედ მათ გაუტანეს ერთადერთი გოლი.

რა ქნან შვედებმა, რომლებსაც საკუთარ კედლებში ჩემპიონატის მოგება ძალიან სურდათ და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ? ალბათ, უნდა იამაყონ იმ თამაშით, რაც გერმანიასთან წაგებული მატჩის ჩათვლით აჩვენეს. ეჭვგარეშეა, რომ არაერთი ბრწყინვალე მოთამაშით დაკომპლექტებული გუნდი ძალიან ბევრს მიაღწევს. ჰო, მართლა... ტურნირის ბომბარდირი, 5 გოლით, შვედი ლოტა შილენი გახდა, მეორე ადგილზე კი ასევე შვედი ნილა ფიშერი გავიდა. ოქროს ბუცი სწორედ შილენმა მოიპოვა, რომელსაც 5 გატანილ გოლთან ერთად, 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ეს ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის პირველი სერიოზული აღიარებაა.

ქალთა ფეხბურთმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სპორტშია ჩართული, უნდა იამაყოს, რომ ჩემპიონატი ასე ჩატარდა. ამდენი უპრეცედენტო მოვლენა, ასეთი ლამაზი და საინტერესო შეხვედრები – ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ლოგიკურია, რომ შემდეგ ჩემპიონატზე კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სანახაობას ველით.
მოკლედ, ქალთა ფეხბურთი ძალიან საინტერესო გახდა. გილოცავთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები