არჩევნები

ქართული საარჩევნო დილემა

არჩევნების, როგორც ინსტიტუციის, უმთავრესი არსი და დანიშნულება სხვა არაფერია, თუ არა ლეგიტიმაციის ძირეული აღიარება. ჯერჯერობით, კაცობრიობას უფრო უკეთესი ფორმა და გამოსავალი, სუვერენიტეტის პრაქტიკული აღსრულების გზაზე არ მოუფიქრებია. შესაბამისად, ნათელია, რომ ნებისმიერი დემოკრატიის უმთავრესი დეფინიცია სწორედ არჩევნებს და ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი გზით, ლეგიტიმაციის მოპოვებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული საარჩევნო სისტემით ხორციელდება ზემოთ აღნიშნული. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ლეგიტიმაციაა ის უმთავრესი გამოწვევა, რაც იწვევს გაუთავებელ დისკურსსა და ხშირად სერიოზულ პოლიტიკურ ანტაგონიზმს, სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სისტემაში.

რაკი არჩევნების უმთავრეს ფუნქციასა და დანიშნულებას მოკლედ შევეხეთ, გადავიდეთ იმ პრობლემებსა და სირთულეებზე, რასაც ხსენებული პროცესი წარმოშობს. განსაკუთრებით, იმ ყაიდისა და ტიპის სახელმწიფოებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ან, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან სუსტია სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაბამისად, მათ მიმართ არსებული საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მეტად მყიფე და დაბალია. ამ თვალსაზრისით, არასახარბიელო ვითარება იკვეთება ისეთ სისტემებში, რომლებიც ტრანზიციისა და ინსტიტუტთა კონსტრუირების მეტად რთულ ეტაპს გადიან. დღესდღეობით აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ამგვარი ფუნდამენტური ინსტიტუციების ჩამოყალიბების გარეშე, ასეთი სახელმწიფოები სახელმწიფოებრივი კოლაფსისთვის არიან განწირულნი.

უმთავრესი და ძირეული გამოწვევა კი, ამ ტიპის ქვეყნებში, რომელთა რიგს უდავოდ საქართველოც მიეკუთვნება, სწორედ ლეგიტიმაციის აღიარებას უკავშირდება. პრაქტიკულად, საქართველოს საარჩევნო წარსული ადასტურებს ერთ მეტად სავალალო ფაქტს – თუკი არ ჩავთვლით გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც სასიამოვნო გამონაკლისია, ყველა სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური აქტიორები მუდმივად ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს. ის კი არა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მაშინდელმა ოპოზიციამ საკუთარი საპარლამენტო მანდატები საჯაროდ დაჭრა. ეს ანომალიური მოვლენაა ნებისმიერი დემოკრატიული სისტემისათვის. სწორედ ამიტომ ვერ იგებდნენ მაშინ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ქართველ პოლიტიკოსთა ასეთ პათოლოგიურ მოქმედებას. აქ აღარაფერს დავამატებ იმის შესახებ, თუ რა მიიღო პოლიტიკური ბენეფიტების თვალსაზრისით, ამ ერთობ „ორიგინალური" ქცევით, მაშინდელმა ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა.

შესაბამისად, ნათელია, რომ მოცემული კუთხით საკითხის ანალიზისას, კვლავ პრობლემად რჩება არჩევნების შედეგები და შემდგომში მისი აღიარება ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ, სახელისუფლებლო ელიტების ცვლილებასთან ერთად, მუდმივად დგას საარჩევნო სისტემით მანიპულირების თემა, როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად სწორედ თამაშის წესთა აღიარება და შემდგომ შედეგთა ეჭვქვეშ არდაყენება დგას. დღესდღეობით, რთულად წარმოსადგენია, როგორ განვითარდება მოვლენები საარჩევნო სცენაზე, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მმართველი პოლიტიკური კოალიციის კანდიდატი უპირობო ლიდერად არ განიხილება, სავარაუდოა, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იქნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საბოლოო შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებენ.

რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ასეთ შემთხვევაში?! ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, იგი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, თავად პოლიტიკური სპექტრის სიმწიფესა და პასუხისმგებლობაზე და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ აზრსა და მისი ფორმირების საშუალებებზე. თუკი კვლავ ცნობილ ქართულ საარჩევნო დემოკრატიულ პათოლოგიას დავუბრუნდებით, იმავე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საზოგადოებაში არსებობდა ჯგუფები, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ და სწამდათ ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაბიჯების უალტერნატივობისა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ყველამ ნახა – ამ ტიპის ქმედების მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი გახლდათ.

ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების როლი და მისი განსწავლულობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული სოციუმი, როგორც ერთობა და, რაც მთავარია, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი ერთობა, განვლილი პერიოდის განმავლობაში მცირედით მაინც გაიზარდა. შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრი არ იქნება აუცილებლად პოზიტიურად განწყობილი იმ პოლიტიკურ აქტიორთა მიმართ, რომლებიც მუდმივი დელეგიტიმაციისა და კონფრონტაციისაკენ მიისწრაფვიან. მიუხედავად მთელი რიგი სირთულეებისა, საქართველოს უახლესი წარსულის ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პროცესთა მინიმალური თამაშის წესებით ბოჭვა შესაძლებელია. ამასთან, რაც მთავარია, ეს უკანასკნელი, გარკვეულწილად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას ასახავს.

მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც, ბუნებრივია, ხელს არ და ვერ შეუწყობს პროცესის ლეგალური და ლეგიტიმური გზით წარმართვას. ამის ნათელი მაგალითი, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია და მასთან დაკავშირებული პროცესია. როგორც მოსალოდნელი იყო, უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომას უკვე დაედო პოლიტიკური სარჩული და ძალიან რთულია, თუ წარმოუდგენელი არა, ამ პოზიციებისა და განწყობების გაბათილება. მით უმეტეს, იმ გარემოში, რომელშიც პოლიტიკურ ძალებს უწევთ პოლიტიკური დივიდენდების გადანაწილება. თუკი ნორმალურ დემოკრატიულ გარემოში, ეს ყოველივე ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, საქართველოში კარდინალურად განსხვავებული სურათია. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი მხრივ, პოლიტიკურმა პარტიებმა და, მეორე მხრივ, ექსპერტებმა, უკვე დაიწყეს კამათი არჩევნების საბოლოო ლეგიტიმაციის თემაზე. სავარაუდოა, რომ აღნიშნული საკითხი კვლავაც საკმაო ხნით დარჩება მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში. მით უმეტეს, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის აწ უკვე ექსთავმჯდომარემ, პოლიტიკურ მდინარეში შეცურვის სურვილი ღიად გამოხატა.

არჩევანის თავისუფლება გარანტირებული კონსტიტუციური პრინციპი და ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, სულ მცირე, გაუგებარი ჩანს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოტივაცია. გადადგეს მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია ძალებს იკრებს და დატოვოს კითხვის ნიშნები პოლიტიკური ინსინუაციების თაობაზე. სამომავლოდ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გაქცევა გამოსავალი ნამდვილად არ არის. რთული სათქმელია, რა სერიოზულ წვლილს შეიტანს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ საეჭვოა, ეს იმაზე მეტი იყოს, ვიდრე იგი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალე ადმინისტრირებით უზრუნველყოფდა. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა არჩევნები, რომელმაც ქვეყანას მანამდე უპრეცედენტო, საარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლის პროცესი მოუტანა. პლუს ამას, შედეგთა ლეგიტიმაციაც, ერთეული მარგინალური პოლიტიკური ფიგურების გარდა, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.

საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევა, სწორედ რუტინული საარჩევნო გზით, ხელისუფლების ცვლილებისა და განგრძობადობის პრინციპთა დანერგვაა. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, თუმცა წარსული პოლიტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, გასული წლის „ოქტომბრის საპარლამენტო საგა" უფრო გამონაკლისს ჰგავს, ვიდრე წესს. ჯერჯერობით, სულ მცირე, ნაადრევია იმის ვარაუდი, რომ ყოველი მომდევნო ცვლილება ერთმნიშვნელოვნად, სწორედ საარჩევნო პრიზმას გაივლის. ამდენად, დილემა ლეგიტიმაცია-დელეგიტიმაციის თაობაზე, კვლავ აგრძელებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობას.

ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას კვლავაც ბევრი აქვს სასწავლი და ასათვისებელი. უდავოა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად არ ეწერება ქართულ საარჩევნო „ჰარმონიაში". მაშინდელმა მმართველმა ძალამ, პრაქტიკულად, არჩევნების პირველივე შედეგებისა და მონაცემების მიღებისთანავე, აღიარა პროცესის ლეგიტიმურობა. ამას საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდანაც დაემატა პროცესის პოლიტიკურ-სამართლებრივი აღიარება და შედეგად, მივიღეთ ქართული რესპუბლიკანიზმის ისტორიაში (შეგვიძლია 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკა გავიხსენოთ) უპრეცედენტო ფაქტი – დემოკრატიის ფუძემდებლური ინსტრუმენტითა და ფენომენით ხელისუფლების ცვლის პროცესი. ეს კი, მიუხედავად მომხრეთა თუ ოპონენტთა მწვავე კამათისა, სულ მცირე, ელემენტარულ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა არა ეტაპობრივი ევოლუციის გარეშე.

როგორც თანამედროვე ანალიტიკოსები და მკვლევრები წერენ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სულ მცირე, მოსწონთ მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების წინასწარ აგება. მაგრამ ეს ყოველივე ყოველთვის ერთ პრობლემას ეჯახება – ესაა პოლიტიკური პოპულიზმი და მისი დამღუპველი გავლენა საარჩევნო გარემოზე. ამ თვალსაზრისით, ქართული პოლიტიკური სპექტრი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საბოლოოდ თქვან უარი კონფრონტაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საარჩევნო სისტემა განუყრელად დარჩება ლეგიტიმაციური დილემის წინაშე, რაც მხოლოდ ერთს ნიშნავს – რომ ქართული საზოგადოება არათუ სხვის, არამედ საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებზე ვერ სწავლობს. ხოლო ეს ვისი ხვედრია, ცხადია, დამატებით დაკონკრეტებას აღარ საჭიროებს.

კომენტარები