საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ენმ: მთავრობის ზოგიერთი რეკლამა საარჩევნო აგიტაციას ემსახურება

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რამდენიმე კერძო ტელევიზიის ეთერში რეკლამის სტატუსით განთავსებული რამდენიმე რგოლის შესახებ საუბრობს. პარტიის თქმით, ისინი შეიძლება საარჩევნო აგიტაციად იქნას აღქმული.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიდეორგოლები 2013 წლის რთველის მოსამზადებელ პროცესს ეხება და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ვიდეორგოლების გაშვება ცდება სოციალური რეკლამით გათვალისწინებულ მოსახლეობის ინფორმირების ზღვარს და სამინისტროს, და მთლიანად მთავრობის, საიმიჯო რეკლამად უნდა აღიქმეს", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა განცხადებაში ასევე წერს, რომ 2013 წლის შუალედური და 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ანალოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, კომისიას ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ მიმართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით გასული საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ვიდეორგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა ითხოვა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 20 აპრილს უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარემ, ხოლო 2012 წლის 9 აგვისტოს უწყებათაშორისმა კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისაგან გამიჯვნის თვალსაზრისით, საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნის. ასევე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდერგოლების განთავსება შეეჩერებინათ, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავდა და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად ყოფილიყო აღქმული", - წერია განცხადებაში.

ენმ-ის აზრით, სწორედ ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეთერში განთავსებული ვიდეორგოლების შემთხვევაშიც.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს მედიაში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და არჩევნების სამართლიანობისა და შანსების თანაბრობის პრინციპებს ეწინააღმდეგება", - წერს ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები