კალათბურთის ფედერაცია

ლიპარტელიანი: მინისტრი პირადი ინტერესის გამო ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს

ბესიკ ლიპარტელიანი
sportall.ambebi,ge

საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში, გადაცემა არენაში სტუმრობისას, 12 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ლევან ყიფიანი ფედერაციისა და ნაკრების დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლიპარტელიანის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს პირადი ინტერესები ამოძრავებს და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, თავისი მეგობრის მიშა ახვლედიანის მოსვლითაა დაინტერესებული.

"ჩემთვის გასაკვირია ის მომენტი, რომ ქვეყანაში, სადაც ისინი ემზადებოდნენ, სამწუხაროდ, ისე ითამაშა ნაკრებმა, რომ არანაირი ყურადღება არ იყო ჩვენი ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ, რომ მინისტრმა ლევან ყიფიანმა, პრაქტიკულად, პირადი ინტერესის გამო, ერთხელაც არ მოინდომა, რომ გუნდს შეხვედროდა, როდესაც გუნდი თბილისში მთელი შემადგენლობით იმყოფებოდა. საქართველოდანაც ისე გავემგზავრეთ, რომ სამინისტროს წარმომადგენელი არავინ წამოსულა. იქაც არავის მოვუკითხივართ - წავაგეთ, მოვიგეთ, რა გვიჭირს... მთელი ქვეყნიდან გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით. მე ადრეც ვთქვი და ახლა გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ვილაპარაკებდი მაქსიმალურად, თუ რაც იყო ამ ერთი წლის განმავლობაში სიმართლე. პრინციპში, ლევანი შეეცადა, როგორც ფედერაციის, ასევე ნაკრების დისკრედიტაცია გაეკეთებინა, რადგან მისი უახლოესი მეგობარი მიშა ახვლედიანი მოიყვანოს და დასვას ფედერაციის პრეზიდენტად. მე ორი თვით ადრე ვიცოდი და გავაფრთხილე, მაგრამ მან მაინც გააკეთა - შიში დაეთესა თავად მწვრთნელებში. პირველი ნაბიჯი გადადგა ის, რომ ნაკრების მწვრთნელები, ვინც კლუბებში იყვნენ, ისინი მოხსნა. პირველი დაიწყო გია კაზანჯიანით, ოლიმპის მწვრთნელით. როდესაც მას ვკითხე, თუ რატომ გააკეთა ეს, თავიდან უარყოფდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ თორთლაძე მისი კლასელი იყო და ამიტომ დანიშნა. ანალოგიური მოხდა ქვემო ქართლში, სადაც მიშა ბერუაშვილი მოიხსნა, ასევე ქუთაისში, სადაც კონტრაქტი დავით უსტიაშვილთან უნდა გაფორმებულიყო, ისიც მოახსნევინა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო ნაკრებში, როდესაც ანალოგიური განმეორდა კოტე ტუღუშის შემთხვევაშიც. თუმცა, ხელმძღვანელობას ეყო გონიერება და როდესაც იკითხეს და მიხვდნენ, რომ არაფრის გამო ხსნიდნენ ტუღუშს, დატოვეს პოსტზე", - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ყიფიანი ყოველთვის ასე არ იყო განწყობილი და იყო პერიოდი, როდესაც მისი ფედერაციის მუშაობას დადებითად აფასებდა.

"ეს ყველაფერი ხდებოდა მოსამზადებელ ეტაპზე. პრაქტიკულად, გუნდს შლიდნენ. მიკვირს, რატომ მოხდა ეს ასე ერთბაშად. შემდეგ როდესაც გავაანალიზეთ ეს, მივხვდით, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა არჩევნებამდე, რათა მიშა ახვლედიანი მოიყვანონ. მიშა ახვლედიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში, კალათბურთის დარბაზში არც შემოსულა. იმ მძიმე პერიოდში, როდესაც შუქი და წყალი არ გვქონდა და გვიჭირდა, ის ესპანეთში იყო წამომჯდარი. მე კარგად მახსოვს, როდესაც შარშან საპარლამენტო არჩევნებამდე, ლევან ყიფიანმა ორ არხზე განაცხადა, რომ სპორტში დაბალი დონეა, გარდა ორი ფედერაციისა - რაგბის და კალათბურთის. ყიფიანმა განაცხადა, რომ გია ნიჟარაძესთან და ჩემთან თანამშრომლობას აპირებდა, შემდეგ კი ერთ თვეში პოსტზე მოვიდა და პოზიცია შეეცვალა. მის ოთახში იგეგმებოდა ეს ყველაფერი, შემდეგ კი მიშა ახვლედიანი და თორთლაძე აჟღერებდნენ ყველაფერს", - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.

კომენტარები