განათლება

განათლება სიბნელეში

„უსინათლოთა ქვეყანაში ცალთვალა კაცი მეფეა", – ფიქრობს ნუნიეზი, ჰერბერტ უელსის მოთხრობის პერსონაჟი. ის კაცობრიობას მოწყვეტილ დასახლებაში მოხვდება, სადაც უკვე მრავალი თაობის მანძილზე მხოლოდ მხედველობას მოკლებული ადამიანები ცხოვრობენ. ნუნიეზი უშედეგოდ უხსნის უსინათლოებს, თუ როგორია მისთვის ხილული სამყარო. ის ამაოდ არწმუნებს მათ ცის, ვარსკვლავების და მზის ჩასვლის შესახებ. მას ჰგონია, რომ მისი მხედველობა ძალაუფლების წყარო გახდება. ადგილობრივები კი თავიანთი შეზღუდული ცოდნის ფარგლებშიც ახერხებენ საზოგადოებრივ ფუნქციონირებას და ნუნიეზისგანაც ადგილობრივი ნორმებისადმი დაქვემდებარებას მოითხოვენ. მათ არ სჯერათ, რომ ნუნიეზს რაიმე სხვა შეგრძნების ორგანო აქვს და მას გიჟად მიიჩნევენ. ნუნიეზის და მათი ურთიერთობა კატასტროფულად მთავრდება.

განათლების შესახებ დისკუსიები ხშირად კუნაპეტ ღამეში დაკარგულ მოგზაურთა თავგადასავლებს ჰგავს. საზოგადოება მოკლებულია საქართველოს განათლების სისტემის შესახებ არსებულ ობიექტურ მონაცემებს. სახელმწიფოს მათზე წვდომა კი აქვს, მაგრამ მიუკერძოებელ ანალიზს იშვიათად აკეთებს. შედეგად, ამ ორ ჯგუფს შორის დიალოგი ვერ ხერხდება. დიდია უნდობლობა და ინფორმაციაც თავის ღირებულებას კარგავს.

ამ პრობლემის ნათელ ილუსტრაციად მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდების თემაზე მიმდინარე მსჯელობა გამოდგება. გამოცდების ცენტრის მიერ მხოლოდ რამდენიმე მაჩვენებლის გასაჯაროების საფუძველზე შეიქმნა ილუზია, რომ საზოგადოებაში საკმარისი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორი კატასტროფული ცოდნისა და უნარების მასწავლებლები მუშაობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ამგვარი ზედაპირულობის უმთავრესი და ხშირად ერთადერთი შედეგი ახლად ან ხელახლა იდენტიფიცირებული „დამნაშავისკენ" თითის გაშვერაა და არა პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

ამჯერადაც მსგავსი რამ მოხდა. გამოცდების ცენტრის დირექტორმა ჯერ მასწავლებლების „შპარგალკებზე" და ცრურწმენებზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ „ჩაჭრილთა" პროცენტული მაჩვენებლები დაასახელა. ბოლოს მან ყოფილი მინისტრისკენ გაიშვირა თითი და არც პირველად და არც, ალბათ, უკანასკნელად აგვიხსნა, რომ ადრე ყველაფერი ცუდი იყო და აწი ყველაფერი კარგად იქნება. ძველმა მინისტრმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ახალი მთავრობა მასწავლებლების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. უმაღლესების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტესტები გამიზნულად გაართულეს. ზოგმა მასწავლებელმა სახელმწიფოსკენ, მათ შორის, ტესტების შემდგენლებისკენ, ხოლო საზოგადოების ნაწილმა – მასწავლებლებისკენ მიმართა აგრესია. ამ ურთიერთბრალდებებში კი დაიკარგა მნიშვნელოვანი კითხვა: რეალურად, რა ვიცით მასწავლებლების კვალიფიკაციის შესახებ თუნდაც სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებიდან გამომდინარე? და რა შეიძლება გაკეთდეს?

თითქოს საკმარისად გავერკვიეთ ვითარებაში. სინამდვილეში კი არანაირი სიღრმისეული ინფორმაცია არ გვაქვს: რამდენი იყო გასულებს შორის ისეთი, პირველად, მეორედ ან მესამედ რომ სცადა ჩაბარება? რამდენი იყო ისეთი, რომელსაც უკვე აქვს მასწავლებლობის სერტიფიკატი და დამატებით სხვა საგნის სერტიფიკატის აღებას ცდილობდა? რა წილი უკავია კონკურსანტებს შორის მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს? როგორ განსხვავდება გამოცდების შედგები სხვადასხვა ასაკის, სტაჟის ან გეოგრაფიული წარმომავლობის კონკურსანტებში?

საკმაოდ ცოტა ვიცით თავად გამოცდის შესახებაც. გამოცდების ცენტრს მხოლოდ წლევანდელი ტესტის ნიმუშები უდევს საიტზე. არ დევს წინა წლების სტატისტიკა. არ ვიცით, თუ რომელი ტესტური დავალებები იყო რთული მასწავლებლებისთვის: ისინი, რომლებიც საგნის ცოდნას ითხოვს? თუ ამ ცოდნის გამოყენების უნარს საგნის სწავლებისას? ისინი, რომლებიც ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნებით დაინერგა საქართველოში თუ მუდამ ისწავლებოდა?
რატომ არის ამგვარ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანი? წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც მედიით ვიგებთ, რომ საქართველოში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაზიანებულია. სანამ პანიკა დაიწყება, დამნაშავეს ვიპოვით ან შეკეთებას დავიწყებთ, არ უნდა გავარკვიოთ საძირკველი, კედლები, გადახურვა თუ სხვა ელემენტებია საფრთხეში? რამდენსართულიან ნაგებობებს აქვთ პრობლემა? რომელი სამშენებლო მასალის რღვევა ხდება? რომელ ეპოქაში აშენებულებია ძირითადად დაზიანებული? ხედავთ, რამდენ კითხვაზე გვჭირდება პასუხი, სანამ შეფასებას გავაკეთებთ ან რაიმეს დავგეგმავთ?

ანალოგიურად, უნდა ვიცოდეთ, რომელი ასაკის, ქალაქის თუ სოფლის, ახალბედები თუ გამოცდილი, ტრენინგებგავლილი თუ გაუვლელი მასწავლებლები არიან წარმატებული, სანამ ზოგიერთი სახელმწიფო მოხელესავით დავიწყებთ საკუთარი დაუსაბუთებელი ვარაუდების მარდად გავრცელებას სხვადასხვა კომპლექსური პროცესის შესახებ. ან კი, როგორ უნდა გადაამოწმოს საზოგადოებამ ეს მოსაზრებები, თუ სიბნელეში ხელების ცეცებით უწევს იმ სამყაროს შესახებ მსჯელობა, რომლის უმეტეს ნაწილს ვერ ხედავს, მონაცემთა მიუწვდომლობის გამო?

განათლების სისტემაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემის აღსაწერად მრავალი სხვა პროცესის დასახელებაც შეიძლება. არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები მოსწავლეების გამოსაშვებ ან ერთიან მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით. ინფორმაციული ბაზები არ არის ხელმისაწვდომი მოსწავლეების მიღწევების ეროვნული შეფასებების შესახებაც. ეს მოსწავლეების მიღწევების კვლევებია, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით საქართველოში ტარდებოდა 2003, 2004, 2009, 2010, 2011 წლებში. უმეტესი მათგანის ანგარიშიც კი არ არის გამოქვეყნებული.

თუმცა არც ანგარიშების გამოქვეყნებაა საკმარისი ვითარების ღრმა ანალიზისთვის. ამისთვის კვლევების, გამოცდების და სხვა მონაცემთა ბაზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ანგარიშებში აღწერილი ვითარების გადამოწმება ამის გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები კი ხშირად არასრული და მიკერძოებულია.

სწორედ ასე წარმოადგინა შარშან მედიით მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოცდების ცენტრმა. აქცენტი ძირითადად კეთდებოდა იმაზე, თუ რამდენად ჩამორჩება საქართველოს შედეგები სხვა ქვეყნებისას. ამ დროს, მონაცემთა ბაზების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მიღწევებიც გვაქვს. მაგალითად, საქართველოს ქალაქების მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შედეგების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. 2006-07 წლებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, ბოლო კვლევაში მაჩვენებლები ძირითადად გაუმჯობესებულია. შედეგების დადებითი მხარეები რომ მიიჩქმალებოდა, ამას ბევრი ვარაუდობდა – მანამდე ხომ მრავალი წლის განმავლობაში სწორედ გამოცდების ცენტრის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამკვიდრებდა აზრს, რომ განათლების რეფორმა საქართველოში ხარისხის გაუარესებას იწვევდა.

განათლების სისტემის შესახებ მონაცემების გავრცელების პასუხისმგებლობა არამხოლოდ გამოცდების ცენტრს ეხება. დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვს მასწავლებლების განვითარების ცენტრს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სააგენტოსაც. მონაცემთა ბაზები თავისუფლად ხელმისაწვდომი არ არის. მართალია, ზოგ შემთხვევაში, სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეები დაინტერესებულ პირებს მონაცემთა ნაწილს აძლევენ, მაგრამ ეს უფრო კეთილგანწყობის საკითხია, ვიდრე ღიაობის მიმართ ნორმატიულად განსაზღვრული ვალდებულების.

განათლების სისტემაში სახელმწიფოს მონაწილეობით საქართველოში შეგროვებული მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხება. ასეთებია საერთაშორისო შეფასებები წიგნიერებაში, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში. ბაზების გადმოწერა სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის ვებგვერდიდან ყოველგვარი შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.

არა მხოლოდ საქართველოში, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, ორგანიზაციები, რომლებიც განათლების სისტემის შესახებ მონაცემთა დიდ ბაზებს ფლობენ, თავად ვერ ახერხებენ მათ სათანადოდ გამოყენებას. მათ მონაცემთა დამუშავებისთვის საკმარისი დრო, ადამიანური რესურსები ან პოლიტიკური თავისუფლება არ აქვთ. სწორედ ამიტომაც, ჩვენზე უფრო ღარიბ ქვეყნებშიც კი (მაგალითად – კენია, ტანზანია და უგანდა) ადგილობრივად წარმოებული ბაზები თავისუფლად არის დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომი. ამ მონაცემებს არა მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტები, არამედ განათლების საერთაშორისო საკითხების მკვლევრებიც იკვლევენ.

ჩვენთან კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ინფორმაციას ზოგჯერ შეგნებულად უმალავს თავისი შეცდომების დასაფარად. ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხება. ოფიციალური განცხადებებით, წიგნები 650 000 მოსწავლეს დაურიგდებოდა. მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში თავად სამინისტროს საიტზე მოცემული ინფორმაციით 560 000-მდე მოსწავლეა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე მანამდე არსებული ეს ინფორმაცია „გაქრა".

ინფორმაციის შეზღუდვით ძალაუფლების მოპოვების გზა მხოლოდ მოჩვენებითია. ამ მცდელობის პერსონაჟები ცალთვალა მეფეებს ჰგვანან, უსინათლოთა ქვეყანაში წარმატების მიღწევას რომ ცდილობენ და სინამდვილეში კი ვერც საკუთარ თავს არგებენ რაიმეს და ვერც საზოგადოებას. საჭიროა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ინფორმაციის, მათ შორის, მონაცემთა ბაზების მაქსიმალურად გასაჯაროება იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემით დაინტერესებულები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, მასწავლებლები, მათი კვალიფიკაციის ამაღლებით დაკავებული ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები ან თუნდაც მშობლები ჩაბნელებულ საგანმანათლებლო სივრცეში ხელის ცეცებით არ ეძებდნენ გამოსავალს. ეს, დიდი ალბათობით, საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველს შექმნის, რაც გაზიარებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

კომენტარები