ვილნიუსის სამიტი

ვილნიუსის სამიტის მოლოდინში

ქეთი ზუკაკიშვილი
0 კომენტარი

აღმოსავლეთის პარტნიორობის მეოთხე წლისთავზე ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთი სამეზობლო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ნოემბრის ვილნიუსის სამიტის წინ ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი არაერთგვაროვან შედეგებს ელიან.

ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, სამიტზე უნდა მოხდეს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სომხეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან მსგავსი ხელშეკრულების პარაფირება, აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ტექნიკური დიალოგის დასრულება და რეადმისიის ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო ბელარუსთან გაყინული ურთიერთობების გარკვეული ძვრა. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი 2012 წელს დასახული წინაპირობები შესრულდება.

ყველა პარტნიორისთვის საერთო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, უკრაინას ევროკავშირი დამატებით პირობად იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებასაც უყენებს, თუმცა ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არ არსებობს. გერმანიისგან განსხვავებით, პოლონეთი და ლიტვა, რომელიც წელს ევროკავშირს თავმჯდომარეობს, უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ნებისმიერ შემთხვევაში ემხრობიან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის აზრით, მსგავს შეთანხმებებს „პარტნიორი ქვეყნების ტრანსფორმირების უმნიშვნელოვანესი პოტენციალი აქვთ და რეფორმისა და მოდერნიზების ინსტრუმენტებად შეუძლიათ იქცნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად პარტნიორი სახელმწიფოები მოინდომებენ".

საქმე ისაა, რომ უკრაინის გაწევრიანებას, ევროკავშირის შიგნით, მომხრეებთან ერთად, სერიოზული მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. თუმცა, იმის გამო, რომ გაფართოების წინააღმდეგ ღიად გამოსვლა პოლიტიკურად წაგებიანია, ეს ჯგუფები საკუთარ პოზიციას ნიღბავენ: მაგალითად, აწესებენ შეუძლებლად მაღალ სტანდარტებს და მათთან შეუსაბამობის გამო აცხადებენ, რომ კანდიდატი ქვეყნები წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან. ამის ნათელი მაგალითია თურქეთი, რომელიც 1963 წლიდან ევროპული ეკონომიკური ბლოკის ასოცირებული წევრია, თუმცა გაყოფილი პოლიტიკური ნების გამო, სრული წევრობა დღემდე ვერ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები უკვე გადადგა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, იულია ტიმოშენკოს თანამოაზრე გენადი ლუცენკო, პატიმრობიდან ნაადრევად გაათავისუფლეს და გამორიცხული არაა, საპატიმრო სულ მალე თავად ტიმოშენკომაც დატოვოს. თუმცა, დღეს, მისი პატიმრობაში ყოფნა გაფართოების მოწინააღმდეგეებს არგუმენტს აძლევს, თანაც ისე, რომ მათი რეალური მოტივები შენიღბული რჩება. ასოცირების შეთანხმების გაფორმება კონსენსუსის წესით ხდება და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას საჭიროებს. ამდენად, მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის და სხვა ღია თუ ფარული მოწინააღმდეგეების ფაქტორი.

ასოცირების ხელშეკრულებების ხელმოწერა ევროკავშირის თვითმიზანი ვერ იქნება, რადგან ევროპული ბლოკის გაცხადებული სურვილი პრინციპებსა და შემხვედრ ნაბიჯებზე დაფუძნებული პარტნიორობაა და არა აღმოსავლეთის მხარეს უპირობო გაფართოება ან ჩართულობა. შესაბამისად, „პარტნიორებმა თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულონ და მოახლოებულმა არჩევნებმა ამ ქვეყნების პროგრესზე კითხვები არ უნდა გააჩინოს".

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მოუქნელი ინსტრუმენტია, რომელიც რეალურად, ღირებულებების ნაცვლად, გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება.

ევროკავშირის ულტიმატუმის მიუხედავად, ბელარუსი პოლიტპატიმრებს არ ათავისუფლებს. სომხეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილი არ აქვთ და მხოლოდ სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება სურთ. აზერბაიჯანს მთავრობის გამჭვირვალობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების პრობლემები აქვს. საქართველოსა და მოლდოვაში კი, პოლიტიკური რყევების გამო, მომავლის პროგნოზირება რთულია.

კომენტატორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთის სამეზობლოს „ღირებულებათა თანხვედრაზე" საუბარი არარეალურია და ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, პარტნიორობის წევრი ქვეყნების რუსულ ორბიტაზე საბოლოო გადასვლა არ დაუშვას. შესაბამისად, აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებული სახით რეალურ ღირებულებას ვერ ქმნის. ამ აზრს ეწინააღმდეგებიან აღმოსავლეთში ევროპული ჩართულობის მომხრეები, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ევროპის კონტინენტის საერთო საწყისებზე გაერთიანება გარდაუვალია.

დასავლეთ ევროპის ექვსი სახელმწიფოს მიერ ევროპის ნახშირისა და ფოლადის საზოგადოება 1952 წელს შეიქმნა და, მას შემდეგ უწყვეტი ტრანსფორმაციის შედეგად, დღევანდელ ევროკავშირად იქცა. დაარსების დღიდან ევროპული ბლოკი ექვსჯერ გაფართოვდა, ბოლო ათწლეულში კი ახალი წევრები სამჯერ: 2004, 2007 და 2013 წელს მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, გაფართოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად ითვლება და ბლოკის ეკონომიკურ აღმასვლასაც მნიშვნელოვნად აჩქარებს, 2004 წლის ტალღის შემდეგ, ახალი წევრების მიღების სიკეთეებზე ფოკუსი „გაფართოებით გადაღლის" და ევროკავშირის შიდა ინტეგრაციის შესახებ დისკურსით შეიცვალა.

საქმე ისაა, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთ ევროპისგან საკმაოდ დაშორებული კვიპროსის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უნგრეთისა და მალტის გაწევრიანებით, შიდა ჰარმონიზაცია უპირველეს პრიორიტეტად იქცა. მაშინ, ასევე აპლიკანტ რუმინეთსა და ბულგარეთს არასრული მზაობის გამო გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, თუმცა 2007 წელს ეს მაინც მოხდა. 2013 წელს ევროკავშირში ხორვატიის შესვლაც უფრო ინერციით გაფართოება იყო, ვიდრე კავშირის გაზრდის განახლებული სურვილი. შესაბამისად, აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს კიდევ საკმაო ხანს მოუწევთ მოცდა.

აღნიშნული მექანიზმი, რომელიც მონაწილე ქვეყნებთან ღირებულებებრივ კავშირსა და ხანგრძლივ თანამშრომლობას მოიაზრებს, 2009 წელს ამოქმედდა. აღმოსავლეთის პარნიორობის დადებითი მხარეებიდან შეიძლება გამოიყოს აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის ცალკე, უნიკალური თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა ამ გეოგრაფიულ არეალზე კონცენტრაციის მიზნით და 1.8 მილიარდ ევრომდე დაფინანსებით. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შედარებით გამარტივება და ასოცირების ხელშეკრულების (მათ შორის, მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების) პირობებზე შეთანხმება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპულ ენერგეტიკულ კავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება, ხოლო საქართველოსა და სომხეთის დამკვირვებელ წევრებად ჩართვა.

მეორე მხრივ, აღმოსავლეთის პარტნიორობის კრახად აღიქმება აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობისა და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებაში ფაქტობრივად ნულოვანი წინსვლა: უცვლელი გაყინული კონფლიქტები, კორუფცია და პოლიტიკური დევნა, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები და, რაც მთავარია, მოლაპარაკებებისას ევროკავშირში გაწევრიანებაზე პირდაპირი მითითების არარსებობა.

სადავოა პარტნიორობის მთავარი – „პირობითობის" ანუ „ხელკეტისა და თაფლაკვერის" – პრინციპიც. აღნიშნული გულისხმობს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის რეფორმატორ წევრებს ფინანსური და სხვა ტიპის ინიციატივებით წაახალისებს, ხოლო მათ, ვისაც ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა არ სურთ – დახმარებას შეუმცირებს ან საერთოდ შეუწყვეტს. თუმცა, აღნიშნულის პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხერხდა: ევროპული ფონდები დაახლოებით ერთნაირად გადანაწილდა ძალზედ კორუმპირებულ და ინსტიტუციონალურად შედარებით მეტად გამართულ მეზობლებზე, სანქციებმა კი სასურველი ეფექტი ვერ გამოიწვია. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში, „ევროპის უკანასკნელი დიქტატორისა" და მისი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებით „პარტნიორობა" მხოლოდ ცარიელ სიტყვად იქცა – ბელარუსი ევროპისთვის აუღებელი ციხესიმაგრე გახდა.

მექანიზმის კიდევ ერთი ხარვეზი ის არის, რომ ევროკავშირის დახმარების ძირითადი ბენეფიციარები მონაწილე ქვეყნების მთავრობები არიან. შედეგად, თანხის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა აღწევს უშუალოდ მოსახლეობამდე.

ენტრალური ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთი სამეზობლოს მთავრობები საკუთარი მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებს იშვიათად ასახავენ. შესაბამისად, ევროპული ბლოკის მიერ ძალაუფლების მქონე ელიტისთვის თანხების გამოყოფას, თუნდაც რეფორმების გატარების მიზნით, მოსახლეობის ნაწილი კორუფციულ რეჟიმთან თანამშრომლობად მიიჩნევს და ეს ევროკავშირის სანდოობის შესახებ ეჭვებს აჩენს.

არცთუ სახარბიელოა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის „პირობითობის თეორიის" ეკონომიკური ეფექტებიც. პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან დადებული შეთანხმებების იმპლემენტაციის პირველ ეტაპზე შოკური თერაპიის გავლა უწევთ: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ხანგრძლივი და ეკონომიკურად მტკივნეული პროცესია. მას ეკონომიკის სტაგნაცია და მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი უკმაყოფილება არ მოჰყვება მხოლოდ მაშინ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება წარმატებული რეფორმის შემთხვევაში გარანტირებულია. ასეთ პირობას შეიცავს ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებული „სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება", თუმცა აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტრუმენტი – „ასოცირების შეთანხმება" – ევროპული ბლოკის წევრობის გარანტიას არ წარმოადგენს.

პირველ შემთხვევაში, მონაწილე მხარეებს ესმით, რომ დროებითი მსხვერპლის გაღებას მომავალში მისაღები პოლიტიკური და ეკონომიკური სიკეთეები აუცილებლად გადაწონის. თუკი ამას შესაბამის „თაფლაკვერს" ანუ მწვავე რეფორმების დასაფინანსებლად ევროკავშირიდან შემოდინებულ დახმარებებს დავუმატებთ, საერთო ჯამში, ეს მიდგომა ამართლებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის უკანასკნელი გაფართოება ცენტრალურ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, საბოლოოდ, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდა. თუკი ბულგარეთი და რუმინეთი დღემდე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ და ინსტიტუციონალურად გაუმართავ ქვეყნებად რჩებიან, პოლონეთი უმსხვილეს ეკონომიკურ მოთამაშედ, ხოლო ესტონეთი ევროპის წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრად გადაიქცა.

საქმე სხვაგვარადაა აღმოსავლეთის პარტნიორობის შემთხვევაში. აქაც, წევრ ქვეყნებს უწევთ მტკივნეული ცვლილებების განხორციელება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან სფეროში: საჯარო მმართველობიდან დაწყებული კონკურენციის პოლიტიკითა და ფიტო-სანიტარული სტანდარტებით დამთავრებული. ეს ყველაფერი იწვევს ეკონომიკის ზრდის შეფერხებას ან სულაც მის უკუსვლას. თანაც, ეს შოკი არათუ მოკლევადიანი, არამედ დროში გაწელილი პროცესია. მიუხედავად რეფორმებისა, აღმოსავლელ პარტნიორებს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტი მაინც უჭირთ, ხოლო ევროკავშირის სექტორული დახმარებები დანაკლისის შევსებას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, თუკი ეკონომიკის რეცესიას მოსახლეობა მყისიერად გრძნობს, ევროკავშირის ფონდები კი, კორუფციის მაღალი დონის ან კიდევ ბიუროკრატიული მოუქნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეებამდე ნაკლებად აღწევს – ეს ზოგან სუსტ ანტიევროპულ იმპულსებს (მაგ. სომხეთი, უკრაინა), ზოგან კი (მაგ. ბელარუსი) ევროპისთვის ზურგის შექცევას იწვევს.

იმ ფონზე, როცა მთავრობებთან ურთიერთობის ორგანიზება შედარებით მარტივია, პირდაპირი საზოგადოებრივი დიპლომატია და მოსახლეობის ფართო მასებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გასვლა ევროკავშირის მხრიდან დიდ რესურსს და, რაც მთავარია, ძლიერ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს – რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. ამდენად, ანტიევროპული განწყობების გაქარწყლება არცთუ ისე ადვილი ამოცანაა.

ცხადია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთიც, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ტრადიციულად, საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს. ოფიციალური მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობს, ბალტიისპირეთის მაგალითი არ განმეორდეს და მისი ყოფილი მოკავშირეები ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს არ შეუერთდნენ. NATO-ს საკუთარი ალტერნატივის – კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის – შემდეგ, რუსეთმა ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად ევრაზიული კავშირი დააფუძნა და აქტიურად ცდილობს სამეზობლოს ჩართვას საერთო „ევრაზიულ ეკონომიკურ ზონაში", რომელიც რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ბელარუსსა და ტაჯიკეთს შორის 2012 წლიდან ამოქმედდა. რუსული მხარე ახალი კავშირის წევრებად მოიაზრებს უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც და არც ირანის ჩართვას გამორიცხავს. თუმცა, უახლოეს მომავალში წევრობის ყველაზე რეალური კანდიდატი მაინც სომხეთია, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, ცალსახა უარი არასოდეს განუცხადებია.

ევროკავშირის მიერ ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, მოსკოვის წნეხი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზეც. მაგალითად გამოდგება, ერთი მხრივ, რუსეთის საბაჟოს მიერ უკრაინული საქონლის იმპორტის დაბლოკვა, მეორე მხრივ კი, ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის 10 მილიარდი დოლარის „დახმარების" შეთავაზება. ასევე, გაზისა და ნავთობის ფასით მუდმივი სპეკულაციები, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზები და სომხური ეკონომიკით მანიპულაცია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული საქონლის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება.

გარდა ამისა, რუსეთი ინფრასტრუქტურულად და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ მეზობლებს ადვილ გამოსავალსაც სთავაზობს. 145-მილიონიანი შედარებით მარტივად შესაღწევი ბაზარი, სადაც მეზობელი ქვეყნების საქონელსაც კარგად იცნობენ და არც რთულად მისაღწევი ნორმები და სტანდარტები, არც ევროპული ენების ცოდნა და არც კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ჰარმონიზაციაა საჭირო; ასევე, უვიზო მიმოსვლა და სტიპენდიები რუსეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად (განსაკუთრებით, ბელარუსი სტუდენტებისთვის) და, რაც მთავარია, კორუმპირებული რეჟიმებისთვის ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები დამაფიქრებელი ფაქტორებია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ბედი გაურკვეველია. ევროპულმა ბლოკმა ან უარი უნდა თქვას აღმოსავლეთთან დაახლოებაზე, ან საკუთარ პრინციპებს უნდა გადაუხვიოს და სანდოობის დაკარგვის რისკის ხარჯზე, ითანამშრომლოს კორუმპირებულ მთავრობებთან მათი შემდგომი გაუმჯობესების იმედით, ანაც ცალსახად დაუპირისპირდეს რუსეთს (როგორც ამას ცივი ომის დროს აშშ აკეთებდა) და მის შესაძლო მოკავშირეებს პირდაპირ, გადადების გარეშე შესთავაზოს გაწევრიანების პერსპექტივა.

ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, გამოირიცხება, რადგან ევროკავშირის „გაფართოებისგან გადაღლის", ევროზონის პრობლემებისა და შიდა ინტეგრაციის ფოკუსის ფონზე, ევროპის პოლიტიკური ელიტა ამ ეტაპზე გაფართოების ახალ ტალღას არ განიხილავს. ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც კი, ჯერ სტაბილიზებისა და ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო და კოსოვო) გაწევრიანება მოხდება, ხოლო მხოლოდ მათ შემდეგ დაიწყება იგივე პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა.

თუმცა, ვილნიუსის სამიტის წინასწარ წარუმატებლად გამოცხადება მაინც გაუმართლებელია. ბრიუსელში სამიტის მოსამზადებელ შეხვედრას, სამი წლის მანძილზე პირველად, ექვსივე პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ბელარუსის მიმართ სავიზო სანქციების შერბილებამ და მინსკის მხრიდან რუსული გავლენის დივერსიფიცირების სურვილმა გარკვეული პოზიტიური ცვლილებების იმედი გააჩინა. მოლდოვაში პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ძალაუფლებაში კვლავ პროევროპელი ძალები რჩებიან, საქართველომ კი, ოქტომბრის არჩევნებისა და მეტწილად მშვიდობიანი კოაბიტაციის შედეგად, დადებითი შეფასებები და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების გარანტიები დაიმსახურა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შემთხვევაში, შეთანხმების საბოლოო ხელმოწერა მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კლიმატზე და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიების გამჭვირვალობაზე. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები საქართველოში „შერჩევითი სამართლით შეშფოთებულები არიან და ამას ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზეც გამოხატავენ". ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მთავარი წინაპირობა მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარება და საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მთავარი სამიზნე მაინც უკრაინაა – უფრო დიდი, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანა ერთად და უფრო რთულად სამართავი, ვიდრე ბრიუსელსა და ვაშინგტონში წარმოედგინათ. ჟურნალ The Economist-ის საერთაშორისო სექციის რედაქტორის, ედვარდ ლუკასის აზრით, თუკი უკრაინა თამაშში დარჩება, მაშინ აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული სახით შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. ხოლო თუკი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვერ მოხერხდა, მაშინ მთელი კონცეფციის წარუმატებლობის აღიარება და მისი გადახედვა გახდება საჭირო.

აღმოსავლეთის ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, ევროკავშირს, თავის მხრივ, მოუწევს არსებული მექნიზმების უფრო პრაგმატულად გამოყენება და შესაძლოა, დამატებითი ბერკეტების – მაგალითად, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, სტუდენტებისთვის დამატებითი სტიპენდიების გამოყოფა ევროპულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად, წარმატებული რეფორმატორების დაშვება ევროპის ეკონომიკურ ზონაში, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის დაცვისა და მედიაციის კუთხით გააქტიურება – ამოქმედება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ისმის ლეგიტიმური შეკითხვა: არის თუ არა ევროკავშირი მზად აღმოსავლეთის სამეზობლოში გავლენის შესანარჩუნებლად ამ ძალისხმევის გასაღებად? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერველეს განცხადებით, „ევროპა არ არის სრულყოფილი აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე და ამ პროგრამისთვის მნიშვნელობის მინიჭება ევროკავშირის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა". აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებში – ქეთრინ ეშტონიც და იმედს გამოთქვამს, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იქნება. ევროკავშირის დიპლომატების სიგნალი ნათელია. დანარჩენი უკვე აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და გვიანი შემოდგომის გეოპოლიტიკურ რეალიებზე იქნება დამოკიდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები