საოკუპაციო ხაზი

უსუფაშვილი: ეს მემკვიდრეობა ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვიტოვა

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ ის მავთულხლართები, რომლებსაც რუსი სამხედროები ავლებენ, აღებული იქნება.

"საქართველოს ტერიტორიის ერთი კვადრატული მეტრიც რომ იყოს ოკუპირებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო იმყოფება ოკუპაციის ქვეშ და, სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვიტოვა. ის, რაც ამ დღეებში ხდება, არის იმ პრობლემის გაგრძელება, რომელსაც მოვლა სჭირდება. დარწმუნებულ ვარ, ის მავთულხლართები, რომელსაც დღეს რუსი ჯარისკაცები ავლებენ, იქნება აღებული - შესაძლოა თავად რუსი ჯარისკაცების მიერვე და ეს იქნება ხვალ დილით, თუ ამას დასჭირდება რამდენიმე დღე ან წელი, ამაზე დღევანდელი სპეკულირება უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება", - აღნიშნა მან პრესასთან საუბრისას.

მისი თქმით, მავთულხლართების გავლების პროცესი კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებთან.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ ისეთ დროს, როდესაც შესაძლოა პოლიტიკური ცვლილება მოხდეს, როდესაც არჩევნებია, რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები კარგად გავიაზროთ. საზღვრებს რომ მტერი ავლებს, ეს ხომ ვიცით. ამ დროს კარგად უნდა გავიაზროთ, ჩვენი მხრიდან როგორი რეაქცია იქნებოდა სწორი.  დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კავშირშია ერთის მხრივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის დიდი პრობლემის - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პრობლემის გაგრძელება და ამ ყველაფერს ერთად უნდა მოევლოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები