სოხუმის დაცემა

რიჩარდ ნორლანდი: იმედია, ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესი იქნება

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ნორლანდმა სოხუმის დაცემიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და თქვა, რომ ვითარების ნორმალიზაცია მისი პერსონალური ინტერესიც არის.

"დღევანდელ დღეს პერსონალურად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 20 წლის წინ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის კონფერენციის დელეგაციის შემადგენლობაში მე ვიყავი სოხუმში. 1993 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გვთხოვა, სოხუმში ჩავსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით შექმნილ ვითარებას. მან გვთხოვა, შეგვეფასებინა გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ქალაქს ემუქრებოდა, დავხმარებოდით ამ ქალაქს საფრთხის თავიდან აცილებაში, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, თავიდან აგვეცილებინა სოხუმზე შეტევა და მისი დაცემა. ჩემი პერსონალური ინტერესია, 20 წლის შემდეგ ვითარების ნორმალიზაცია, რომელიც უნდა დაიწყოს ჰუმანიტარული კავშირებით, როდესაც ადამიანებს აღარ ყოფენ ხელოვნური ბარიერებით, როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება, მოინახულონ წინაპართა საფლავები და დაამუშაონ თავიანთი მიწის ნაკვეთები. იმედი გვაქვს, საზღვრის გავლების პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს მივაღწევთ. დღეს ჩვენი ფიქრი იმ ადამიანებს დასტრიალებს თავს, რომლებსაც 20 წლის წინანდელმა კონფლიქტმა საყვარელი ადამიანები დააკარგვინა და თავიანთი მიწა-წყლის იძულებით დატოვება მოუხდათ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 20 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

კომენტარები