არჩევნები 2013

სააკაშვილი: მოსახლეობამ თქვა თავისი სიტყვა და უმრავლესობას პატივი უნდა ვცეთ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და ქართველმა ხალხმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. მან ყველა ამორჩეველს გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ ყველა არჩევნები, მათი შედეგის მიუხედავად, დემოკრატიის განვითარებას ემსახურება.

"საქართველოს მოსახლეობამ თქვა თავისი სიტყვა და პატივი უნდა ვცეთ უმრავლესობის აზრს. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ან ვეწინააღმდეგებოდეთ, ასეთია დემოკრატიის პროცესი. ჩვენ პატივს ვცემთ კანონიერებას და უმრავლესობის აზრს. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია და უნდა ვუსმინოთ უმცირესობასაც. ამ არჩევნებზე იყო დაბალი აქტივობა, ვიდრე მრავალ წინა არჩევნებზე და ესეც ნიშანია, რომ ხალხთან დიალოგი საჭიროა, ყველა ადამიანის უფლებები დასაცავია და აზრი საპატივსაცემო" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში განვითარებული მოვლენები სერიოზული უკანდახევაა საქართველოს წინსვლისა და პერსპექტივითვის.

"მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო შეუქცევადად მიიწევს თავისი ბუნებრივი გარემოსკენ - ევროპისკენ, ამომრჩეველი მყარად უჭერს მხარს ამ კურსს, გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა და გამოჩნდა ახალი ჯგუფი, რომელმაც ფეხი აუწყო ახალი რეალიებს, საბოლოო ჯამში, წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ. ყველა სიძნელე დროებითია და ჩვენ გავაგრძელებთ წინასვლას. ნუ ჩამოვუშვებთ ხელებს. ყევლანაირი უკანდახევა დროებითია. საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, გადავლახავთ ყველა სიძნელეს, ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია Aჩთ ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

დავით ბაქრაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა წინასწარ მიულოცა იმის მიუხედავად, რომ მისივე თქმით, ეგზითპოლი არჩევნების შედეგების მხოლოდ წინასწარ შეფასებას აჩვენებს.

კომენტარები