უკრაინაში მიმდინარე პროცესები

ბაროზო მზადაა, ხელშეკრულებების განსახილველად უკრაინის დელეგაცია მიიღოს

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს ტელეფონით ესაუბრა. ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაროზომ საუბრისას უკრაინაში შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება :

1. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავებულობა;

2. სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს პატივი უნდა სცენ;

3. პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიონ, რაც შესაძლებელია სწრაფად;

4. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ ითანამშრომლოს ყველა შესაბამის პოლიტიკურ ძალასთან;

5. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტ ბაროზოს დაჰპირდა, რომ უკრაინის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტებს გამოიძიებს და საზოგადოებას ამის შესახებ შეატყობინებს.

საუბრისას, იანუკოვიჩმა ევროკომისიას სთხოვა, მიეღო დელეგაცია უკრაინიდან, რათა განეხილათ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ზოგიერთი საკითხი.

”პრეზიდენტმა ბაროზომ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის დელეგაციის შესაბამის დონეზე მიღების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისია მზადაა, განიხილოს უკვე ასოცირებული ხელშეკრულებების გატარებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა, მან ხელახალი მოლაპარაკებები გამორიცხა. პრეზიდენტი იანუკოვიჩი პირობებს დასთანხმდა. საუბრისას გადაწყდა, რომ კონსულტაციების დრო და დონე შესაბამისი დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.” - წერია ევროკომისიის ვებგვერდზე.

 

კომენტარები