საპროტესტო აქციები კიევში

კიევში შეკრებილ დემონსტრანტებს ტრიბუნიდან სიტყვით ენმ-ის დეპუტატებმა მიმართეს

AP

კიევში შეკრებილ დემონსტრანტებს ტრიბუნიდან სიტყვით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მიმართეს. ისინი უკრაინელების მხარდასაჭერად კიევში გუშინ ჩავიდნენ. მათი თქმით, ქართველი ხალხი რთულ პერიოდში უკრაინას ისევე უნდა ამოუდგეს მხარში, როგორც უკრაინელებმა გამოხატეს მხარდაჭერა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

"ჩვენ არ წარმოვადგენთ მხოლოდ ჩვენ პარტიას, ან ოპოზიციას. ამ წუთას მთელი საქართველო გულშემატკივრობს უკრაინას, რადგან ვიცით თავისუფლების ფასი. აქ ხალხი არ შეკრებილა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. აქ არ მიდის ბრძოლა პოლიტიკისთვის. გვახსოვს, როცა გვიჭირდა 2008 წელს, მაშინ საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიას განიცდიდა. რუსეთს სურდა NATO-სა და ევროკავშირისკენ ჩვენი სვლა შეეჩერებინა, ამიტომ ომის დაწყების გარდა აღარაფერი დარჩა. დღეს მას ასევე სურს უკრაინა წარსულში დააბრუნოს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

საქართველოში დაბრუნებამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკრაინაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა, უკრაინაში მასობრივი სპროტესტო აქციები დაიწყო. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა ხელკეტები. პოლიციის და აქციის მონაწილეების შეტაკებისას, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინელები პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გუშინ უკრაინის რადამ განიხილა აზაროვის მთავრობის გადაყენების საკითხი, თუმცა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ მოგროვდა.

კომენტარები