საქართველოს ახალი პრეზიდენტი და პრემიერი ჰყავს. 17 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცი სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა, გიორგი მარგველაშვილმა „მოკრძალებულ და არაპომპეზურ" ცერემონიალზე დადო. ინაუგურაციას არ ესწრებოდა არც ყოფილი პრეზიდენტი და არც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მოკრძალებული იყო უცხოელ სტუმართა წარმომადგენლობაც – თბილისში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დელეგაციას კი USAID-ის ხელმძღვანელი მეთაურობდა.

წინა პრეზიდენტის ინაუგურაციას, 2008 წლის ინვარში, ხუთი ქვეყნის – რუმინეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის პირველი პირები ესწრებოდნენ, აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი წარმოადგენდა, რუსეთს კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მიხეილ სააკაშვილის პირველ ინაუგურაციას, 2004 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდნენ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, რომელიც ძალაში ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის უფლებამოსილებები წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ შეკვეცილია – იგი ვეღარ ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის წევრებს, უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირებისა და ელჩების დანიშვნა, ასევე ხელშეკრულებების გაფორმება და არჩევნების დანიშვნა კი მხოლოდ პრემიერთან შეთანხმებით შეუძლია. თუმცა პრეზიდენტი კვლავაც წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. მსჯავრდებულების შეწყალება, ჯილდოების, წოდებებისა და მოქალაქეობის მინიჭება, კანონების ხელმოწერა და პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მის უფლებამოსილებაში რჩება.

ამ თანამდებობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის წარდგენა, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც კოალიციის სხვა წევრები მსჯელობისა და განხილვის გარეშე დაეთანხმნენ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორს, განათლებით ფილოსოფოსს, წარსულში ფილოსოფიის ლექტორს, ტურისტული კომპანიის გიდსა და კონსულტანტს მარკეტინგის საკითხებში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე და ქართული ოცნების დაარსებამდე საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიუღია და დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციები არასდროს გაუმჟღავნებია.
როგორც ჩანს, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ფიგურის შერჩევის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ პოლიტიკური ამბიციების არქონა გახდა. კოალიციის წევრს, თავდაცვის მინისტრს და პირველ ვიცეპრემიერ ირაკლი ალასანიას თავის დროზე ივანიშვილმა სწორედ გამომჟღავნებული საპრეზიდენტო ამბიციებისა და პოლიტიკაში თვითნებური აქტიურობისთვის უსაყვედურა. მაშინ პრემიერმა ალასანია პირველი ვიცეპრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა და ამ თანამდებობაზე მარგველაშვილი დანიშნა. რაც, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პოსტისკენ ტრამპლინს წარმოადგენდა.

ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი განათლების მინისტრის პოსტზე მარგველაშვილის ყოფნისას აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება და სტუდენტებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, მისი აღდგენა გახდა. მაშინ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ოპოზიცია აცხადებდა, რომ უწყებამ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით მიიღო.

ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელებამდე ივანიშვილს მის მიმართ განსაკუთრებული პირადი სიმპათიები არაერთხელ გაუმჟღავნებია. მაგალითად, როდესაც ჰყვებოდა მათი ხანგრძლივი მეგობრული ინტელექტუალური საუბრების შესახებ. თავად მარგველაშვილიც ცდილობდა, პრემიერთან პიროვნული სიახლოვისთვის ხაზი გაესვა და წინასაარჩევნო კამპანიისას მას ხშირად მხოლოდ სახელით მოიხსენიებდა.

როგორც საინაუგურაციო გამოსვლაში, ისე ინაუგურაციის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზეც მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას რამდენჯერმე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას შიდა პოლიტიკის მიმართულებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი საჯარო გამოსვლები ამ მხრივ საკმაოდ ზოგადი იყო – ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალი თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საყოველთაო მიტევებაზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბა ახალმა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ქვეყნის მთავარ ამოცანას კვლავაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება წარმოადგენს.
რაც შეეხება რუსეთს, გიორგი მარგველაშვილს თავის საინაუგურაციო გამოსვლაში არ უხსენებია ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აღსაწერად ტერმინი „გართულებული ვითარება" გამოიყენა. მან რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პარალელურად და მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით და ურთიერთნდობის საფუძველზე".

ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე მარგველაშვილმა რუსულ ტელეარხ ОРТ-ს მისცა ინტერვიუ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მისი მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა. მომავალ პრეზიდენტს ამ ინტერვიუში არ უხსენებია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა კი, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. ამ ინტერვიუს დროს მარგველაშვილი აშკარად ცდილობდა რუსი ჟურნალისტის კითხვებზე უფრო ზოგადი პასუხები გაეცა, თითქოს პასუხების მკაფიოდ ფორმულირება უჭირდა ან შიშობდა, რაიმე არასწორად არ ეთქვა.

საკუთარი შემცვლელი პრემიერმინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე დაასახელა – შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს, 18 ნოემბერს, მომავალმა პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა დაასახელა – ქართული ოცნების კაბინეტის ყველა მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა, მათი ერთწლიანი მუშაობა კი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა. „ის აქამდე მოვიდა შეცდომების გარეშე. როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ნამდვილად ევროპული გუნდი", – ასე დაახასიათა ღარიბაშვილმა მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც ახალი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელი იყო.

პარლამენტმა ახალი კაბინეტი და პრემიერი რეკორდულ ვადაში – უკვე 20 ნოემბერს დაამტკიცა.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, რაშიც დამნაშავე წინა ხელისუფლებაა. 19 ნოემბერს საპარლამენტო უმცირესობასთან მწვავე დებატების დროს იგი ეკონომიკური შინაარსის კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებდა და განმარტებების მიცემას ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს სთხოვდა.
ერთ-ერთი კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან რჩევა-დარიგებებს ყოველთვის მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, პირადი ერთგულების ნიშნით შეარჩია. ამაზე ახალი პრემიერის ბიოგრაფიაც მეტყველებს – 31 წლის ღარიბაშვილის მთელი სამუშაო გამოცდილება ივანიშვილის ბიზნესსტრუქტურებში მუშაობას უკავშირდება. თავად ივანიშვილმა ღარიბაშვილის წარდგენის დროს, მის ღირსებებზე საუბრისას, ის გაიხსენა, რომ მასთან მუშაობისას ღარიბაშვილი ვერტმფრენის ყიდვისას ფრანგებს წარმატებით ევაჭრებოდა.

ახალი პრემიერის პოლიტიკური გამოცდილება კი ქართულ ოცნებაში ერთწლიანი საქმიანობით და შს მინისტრის პოსტზე ერთწლიანი ყოფნით შემოიფარგლება.

ერთ-ერთი პირველი თემა, რომელმაც ოპოზიციისა და მედიის ყურადღება ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მიიპყრო, სახელმწიფო სტრუქტურებში მისი და, განსაკუთრებით, მისი სიმამრის, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის მრავალრიცხოვანი ნათესავების დანიშვნა გახდა. რასაც პარლამენტში ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე ღარიბაშვილმა ირონიულად უპასუხა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის.

პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილმა საკუთარ შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თბილისის პოლიციის უფროსი, წოდებით პოლკოვნიკი, 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. ღარიბაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ იგი კარგი პოლიციელია, ჭიკაიძე „პოლიციელის ოჯახში დაიბადა და კარგი მამა ჰყავდა". პოლიციელი მამის განსაკუთრებულად ხსენებამ ოპოზიციის წარმომადგენლებს აფიქრებინა, რომ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ფაქტორი თამაზაშვილის პირადი კავშირები იყო.

თავად ახალმა მინისტრმა, საპარლამენტო მოსმენების დროს, უმცირესობის შეკითხვაზე, თუ რამდენად მისაღები იქნება მისთვის ნათესავების დანიშვნა, განაცხადა, რომ ნათესავებს დაასაქმებს, „თუ კარგი პროფესიონალები გამოდგებიან".

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თავად დაასახელა მთავარი პროკურორობის კანდიდატი – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ამ უწყებამ, საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის დღეს, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, ფაქტობრივად, უკანონოდ დააკავა ყოველგვარი ბრალის წაყენებისა თუ დაკითხვის გარეშე და მალევე გაათავისუფლა. ფარცხალაძის ხელმძღვანელობით ასევე აღიძრა საქმეები თბილისის მერისა და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდი კრიმინალის განსაკუთრებული გააქტიურებით აღინიშნა. მართალია, თავად უწყება ამტკიცებდა, რომ დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა და ამის დასტურად სტატისტიკა მოჰყავდა, მაგრამ ეს ციფრები ეწინააღმდეგებოდა როგორც პროკურატურისა და სასამართლოს, ასევე შსს-ს შიდა მოხმარების სტატისტიკას, რომელიც ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა და რომლებიც ამტკიცებდა, რომ რეალურად კრიმინალმა ქვეყანაში იმატა.

უწყების სურვილი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კრიმინალის კლება ეჩვენებინა, გასაგებია – დამნაშავეობის ზრდის აღიარებით დამტკიცდებოდა, რომ ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ მასობრივ ამნისტიას დანაშაულის ზრდა მოჰყვა. ეს კი ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს დააზარალებდა.

თავად ღარიბაშვილი ამნისტიას აღფრთოვანებით არ შეხვედრია და მზარდ კრიმინალთან ბრძოლა საკუთარი მეთოდებით დაიწყო – მასობრივი „რეიდების", ავტომანქანებისა და მოქალაქეების შერჩევით გაჩერებისა და ჩხრეკის დიდი ხნის წინ დავიწყებული პრაქტიკის განახლებით, რასაც ხშირად მოქალაქეთა შეურაცხყოფა და მათი უფლებების შელახვა ახლდა. მაგრამ უწყება „შემცირებულ" კრიმინალთან ბრძოლის რაიმე განსაკუთრებული ზომების გატარებას საჯაროდ არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ პოლიცია ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას განაგრძობს და მხოლოდ „პრევენციულ ღონისძიებებს" ატარებს.
ამავე დროს, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პოლიცია განაგრძობდა ბრძოლას „კანონიერ ქურდებთან" – ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მრავალი ადამიანი დააკავეს. ბოლო ერთ წელიწადში, კრიმინალის ზოგადი ზრდის მიუხედავად, არ შეიმჩნეოდა ორგანიზებული დამნაშავეობის გავლენის რაიმე ზრდა. ამნისტიით გათავისუფლებულმა „ქურდებმა" კი ქვეყანა მალევე დატოვეს.

ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ დადო, პოლიციის „დეპოლიტიზება" იყო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, წინა ხელისუფლების დროს პოლიცია პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა, ამიერიდან კი ისინი ამას არ დაუშვებდნენ.

„დეპოლიტიზებული" პოლიციის პირველი გამოცდა 2013 წლის 8 თებერვალი გახდა, როდესაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჩაშალეს. მაშინ, ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მობილიზების მიუხედავად, მათ ხელი ვერ შეუშალეს „პოლიტპატიმრების" თავდასხმას პარლამენტის წევრებზე და თბილისის მერზე. მოგვიანებით ამისთვის დაკავებულ რამდენიმე ადამიანს კი 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

გიორგი მარგველაშვილს თავის საინაუგურაციო გამოსვლაში არ უხსენებია ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აღსაწერად ტერმინი „გართულებული ვითარება" გამოიყენა.

თავად ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „პოლიტიკურმა ოპონენტებმა" პროვოკაცია მოაწყვეს და პოლიციის მიერ შემოთავაზებული დერეფნებით არ ისარგებლეს. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასეთი დერეფნების არსებობა კატეგორიულად უარყვეს.

ე.წ. პოლიტპატიმრებმა წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. ღარიბაშვილი მაშინ პირობას დებდა, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯებოდა. „მკაცრი დასჯა" ყველა შემთხვევაში 100-ლარიანი ჯარიმებით შემოიფარგლა.

საუბრის ფარულმა აუდიოჩანაწერმა, რომელშიც ღარიბაშვილის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ „პოლიტპატიმრების" აქციებსა და ოპონენტებზე თავდასხმებს ორგანიზებას შსს უწევდა. ყოველ შემთხვევაში, თანამოსაუბრეთა მტკიცებას ამის თაობაზე მინისტრის მოადგილე ამ საუბარში არ უარყოფდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილე თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც მას ბრალი წაეყენა ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში.

ასევე თავი გამოიჩინა შინაგან საქმეთა მინისტრმა ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების აღმოჩენისა და განადგურების საქმეში. მისი ინიციატივით, უწყებაში წინა ხელმძღვანელობისგან დარჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურების ცერემონიალიც მოეწყო – საზოგადოების წარმომადგენელთა და მედიის თანდასწრებით CD-დისკების განადგურებით. თუმცა, ტექნიკურად ეს პროცესი ელექტრონული სახით არსებული ფაილების განადგურების გარანტიას სულაც არ წარმოადგენდა.

ფაილების „განადგურების" შემდეგ მალევე უწყებამ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ საიდუმლო სამალავებს მიაგნო, სადაც ახალი ჩანაწერები აღმოჩნდა (იარაღთან, ნარკოტიკებთან და „დასაჭერების სიასთან" ერთად). ეს ჩანაწერები პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის სცენებს შეიცავდა. ზოგიერთი ჩანაწერის ჩვენება შსს-მ მედიისთვის და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის დახურულ ფორმატში მოაწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კადრებზე აღბეჭდილ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა, ქართულმა ოცნებამ კი ეს ფაქტი ოპონენტებზე ზეწოლისთვის გამოიყენა – მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა „ნაციონალებს" პოლიტიკიდან წასვლისკენაც მოუწოდა. ამგვარად, ღარიბაშვილის „დეპოლიტიზებულმა" უწყებამ მმართველი კოალიციის პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის დიდი სამსახური გასწია.

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის რანგში მომავალი საქმიანობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არ წარმოუდგენია (პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა მხოლოდ საქმიანობის ზოგად პრინციპებს შეიცავდა).

მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის საქმიანობიდან კი დაახლოებით შეიძლება იმის წარმოდგენა შეიქმნას, რა მეთოდების გამოყენებას შესაძლოა არ მოერიდოს იგი მთავრობის მეთაურის რანგშიც. მათ შორისაა – ოპონენტებთან ანგარიშსწორების გაგრძელება, ნეპოტიზმი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და სტატისტიკით მანიპულირება.

დიდი ალბათობით, რეალურად გადაწყვეტილებას მომავალ მთავრობაშიც „სამოქალაქო სექტორში წასული" ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. თუმცა ღარიბაშვილი, თუნდაც მთავარი პროკურორისა და შს მინისტრის კანდიდატურების შერჩევით, უკვე საკუთარი გუნდის შექმნასაც ცდილობს, რომელიც პირადად მისი ერთგული იქნება.

ქართული ოცნების მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი კოაბიტაციის დასრულება იყო, რომელიც, მმართველი გუნდის აზრით, იმის მიზეზია, რომ ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტაში შესამჩნევი წინსვლა და დაპირებების შესრულება დღემდე ვერ ხერხდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს პერიოდი დასრულდა და მმართველი ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციით „ოცნების ხანა" დაიწყო.
მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობა პრობლემებთან „გამკლავებას" მომავალშიც იმავე მეთოდებით აპირებს – მათი არსებობის უარყოფით (მაგალითად, კრიმინალი კი არ გაზრდილა, შემცირდა) ან ძველ ხელისუფლებაზე მარტივი, მექანიკური გადაბრალებით, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში კარგად გამოჩნდა. საკითხავია, ქვეყნის ამ მეთოდებით მართვას ხელისუფლება როდემდე მოახერხებს.

კომენტარები