სახელმწიფო შესყიდვები

კალაძე: ბერიძე ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებულ ქონებას არ უნდა ყიდულობდეს

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკითხს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ვიცეპრემიერის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.
ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც, კალაძის აზრით, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

”საგანგებოდ გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გავიზიაროთ საზოგადოების გულისწყრომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა რომ, ხელისუფლების წარმომადგენელი, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს ქართული ოცნების წევრი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის”, - აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ ბერიძის საკითხს უახლოეს სხდომაზე ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ ავტომობილში მაქსიმუმ 83 300 ლარს გადაიხდის.

6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

კომენტარები