ღარიბაშვილი: ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. როგორც ღარიბაშვილმა დღეს, ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, ლაფანყურის საქმე მართლაც გაიწელა.

"მაგრამ რთული საქმეც იყო. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იძულებულია, ერთი საქმის გამო, მთავარი - ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანოს. მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე არის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი და ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავენ ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, 2013 წლის ოქტომბერში, სახალხო დამცველის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა. თუმცა, საქართველოს მაშინდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია ეფექტიანი არ იქნება.

"მათ ჰქონდათ უფლება, რომ შეექმნათ კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ის არ იქნება ეფექტური. შსს-ს მიერ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. გამოძიებას ძალიან მალე დავასრულებთ და ჩვენ პასუხს გავცემთ ყველა კითხვას", - თქვა შს მინისტრმა 23 ოქტომბერს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შვი­დი ჩე­ჩე­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა­განაც სა­მი - პან­კისის ხე­ო­ბის მცხოვ­რე­ბი იყო.

კომენტარები